საქართველოს მორაგბეთა ნაკრებსა და რუსეთს შორის 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით 16:7 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც ასახული იყო „ბორჯღალოსანი“ ვასილ ლობჟანიძე ლელოს დადების მომენტში. ფოტოს ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, საპენსიო ფონდის საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეულია.
For.ge ცნობილი ფოტოს ავტორს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ლევან ვერძეული თანამდებობის პარალელულად, წლებია რაგბის ფოტოგრაფია და რაგბის კავშირთან თანამშრომლობს.
როგორც ლევან ვერძაულმა განაცხადა, ის წლებია რაგბის თამაშებს იღებს და შემდეგ მისი ფოტოები მედიაში ვრცელდება.
როგორ მოხვდით საქართველო-რუსეთის მატჩზე, რადგან აღნიშნულ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა და ასევე როგორ შეძელით იმ ცნობილი ფოტოს გადაღება, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა?
- წლებია რაგბის ფოტოგრაფი ვარ და დიდი ხანია რაც რაგბის კავშირთან ვთანამშრომლობ. ასევე, რამდენიმე ფოტოსააგენტოს წარმოვადგენ. მყავს კერძო შემკვეთები, რომლებიც ამავდროულად რაგბის კავშირის პარტნიორები არიან. შესაბამისად, ერთ-ერთი ის ფოტოგრაფი ვიყავი, ლიმიტირებული რაოდენობიდან, რომელიც თამაშის გადასაღებლად დაუშვეს, რათა მატჩის ამსახველი ფოტოები გავრცელებულიყო. ასე მოვხვდი სტადიონზე.
ელოდით, რომ ფოტოს ასეთი გამოხმაურება ექნებოდა?
- ასეთი კარგი კადრები ყოველთვის არ გამოდის, გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა ასეთი კარგი ფოტოები გამოდის. ასე რომ, ველოდი, ხალხი რომ აიტაცებდა და ამიტომაც გამოვაქვეყნე.
ფოტოს მთავარ გმირს და ლელოს ავტორს, ვასილ ლობჟანიძეს ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა?
- ვასკას ვიცნობ და მასთან პირველი შეხება არ ყოფილა. ცხადია, მოთამაშეების უმრავლესობას ვიცნობ, მაგრამ, ბევრი მიზეზის გამო პირადი კონტაქტი არ გვაქვს. პროფესიონალი სპორტსმენები არიან და ერთი-ერთზე საუბარი არ გვქონია.
თუმცა, ვასკამ სოციალურ ქსელში საკუთარი სურათი ნახა და ვიცი, რომ კმაყოფილია. მას ვულოცავ გამარჯვებას, ძალიან კარგი ლელო გამოუვიდა. ვუსურვებ ბევრი ასეთი მაგარი ლელო დაედოს და მე გადავუღებ ხოლმე.
„ბორჯღალოსნებისგან“ გულშემატკივარი გამარჯვებას მიჩვეულია. ამბობთ, რომ მათ თამაშებს იღებთ და რომელია თქვენთვის გამორჩეული კადრი?
- სიმართლე გითხრათ, რაც გადამიღია, ეს ფოტო ძალიან ეფექტურია. კარგი ლელო დადო და სურათიც კარგი გამოვიდა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. უბრალოდ, ფოტოგრაფიაში მთავარია ემოცია. ეს არის ძალიან დინამიური კადრი. თუმცა, არის კიდევ სხვა სურათებიც, მათ შორის რაგბის და სხვა სპორტის სახეობისაც, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ემოციურია და ბევრ ისტორიას ყვება - ისტორიული კადრია. დღეს შეიძლება მე გადავიღო ისტორიული ფოტო, ხვალ კი სხვამ.
თქვენ გვითხარით, რომ რაგბის ფოტოგრაფი ხართ, თუმცა ამავე დროს ბრძანდებით საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე. როგორ ახერხებთ ამ ორი განსხვავებულ სფეროში ერთდროულად მუშაობას?
- პროფესიით ფინანსისტი ვარ. 18 წლიდან ფინანსურ სექტორში დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ ამ სფეროში ვარ. ეს არის ჩემი მთავარი ცხოვრება. ამის პარალელულად მაქვს სხვა ცხოვრებაც, მაგრამ ამ ორ რამეს ერთმანეთში არ ვურევ. როდესაც რაგბის თამაშზე მივდივარ, იქ ვარ უბრალო რაგბის ფოტოგრაფი. ჩემს მეორე ცხოვრებას იქ არავინ კითხულობს. მოედანზე ჩემი სტატუსი ფოტოგრაფობაა და იქ მთავრდება. მექცევიან ისე, როგორც ფოტოგრაფს. ახლა გესაუბრებით, როგორც ფოტოგრაფი და არა საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი.
რატომ მაინც და მაინც რაგბის ფოტოგრაფობა და არა სხვა სპორტის სახეობის?
- ზოგადად, სპორტის ფოტოგრაფია რაგბის გადაღებით დავიწყე. ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ რაგბი ძალიან მიყვარს. ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ და ასე შემოვრჩი. თუმცა, დღეს ძალიან ბევრი სპორტის სახეობას ვიღებ, მაგ: ავტოსპორტი, ზამთრის სპორტის სახეობები, ფეხბურთი, მაგრამ ჩემი მთავარი ხაზი მაინც რაგბია. თუ ვინმე მიცნობს, მიცნობს, როგორც რაგბის ფოტოგრაფს.