ცალკეული ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოვიდის გამო დაწესებული რეგულაციების 90%-ის საჭიროება არ არსებობდა, თუმცა შეზღუდვებმა ორ თვეზე მეტხანს მაინც გასტანა და ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო გააღარიბა. საბოლოოდ ხანგრძლივი ჩაკეტვისგან გადაღლილ მოსახლეობას ხელისუფლებამ აცნობა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან შეძლებენ საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობას. აღდგება მეტროს, ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. თუმცა შეზღუდვა კვლავაც რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რომლის ამუშავების საკითხსაც ხელისუფლება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე დაკვირვებით ერთი კვირის შემდეგ გადაწყვეტს.
კახა კალაძე აცხადებს, რომ, თუ ადამიანი შეეცდება პირბადის გარეშე იმგზავროს, მაშინ ავტობუსი არ გადაადგილდება და საპატრულო პოლიცია იქნება გამოძახებული.
ტრანსპორტის აღდგენის საჭიროებაზე საუბრობენ ანალიტიკოსები.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ დიდი ქვეყნები - საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ამერიკა კოვიდს შედარებით უფრო ნორმალური წესებით ებრძვიან. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საფრანგეთში ახლა ლოკდაუნია და ინგლისი საერთოდ ჩაკეტილია, მაგრამ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყანა, რომელსაც არაფერი აქვს, კოვიდს ებრძვის ერთი საშუალებით - ჩაკეტვით. სოსო ცინცაძის განმარტებით, ყველანი კარგად ვხედავთ, რომ 3,5-მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 15 ათასი კაცის სამყოფი ვაქცინა შემოდის თებერვალში. ეს წვეთია ზღვაში, თუმცა მაინც კარგია. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიბრძოლეთ, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ „კოვაქსის“ პლატფორმაში მოვხვედრილიყავით და იმ 90 ქვეყანას შორის აღმოვჩენილიყავით, ვისაც უფასოდ აძლევენ ვაქცინებს, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს, ვიყიდოთ ეს ვაქცინები.
„თანაც, ეს ვაქცინებიც საეჭვოა, კითხვები არსებობს, ბევრი ექიმი ამბობს, რომ ამ ვაქცინას არ გაიკეთებს. მართალია, გვარწმუნებენ, ვაქცინამ სამი ფაზა გაიარაო, მაგრამ „ნიუ-იორკ თაიმსში“ წავიკითხე, რომ მსოფლიოში არც ერთ ვაქცინას სამი ფაზა არ გაუვლია. გამყრელიძემაც თქვა, ვაქცინები იძულებითი ნაბიჯია, რადგან სხვა საშუალება არ არისო, მთავარია, ხალხი გადარჩეს. კი, სარისკოა, მაგრამ რისკი ღირს. ზოგადად, ჩვეულებრივ პირობებში 8-10 წელი მაინც სჭირდება წამლის ვარგისიანობის დადგენას. უცხოეთში მოხუცებს არ ცრიან, რადგან ვერ გადაიტანენ აცრას, ჩვენთან კი ამბობენ, რომ, პირველ რიგში, ექიმები უნდა აიცრან და მერე მოხუცები. ვფიქრობ, ჩაკეტვამ გაამართლა, თუმცა ძალიან მეწყინა ბოლოდროინდელი სამწუხარო ამბავი თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ. მაინტერესებს, 8 თუ 9 მილიარდი სად წავიდა, რომელიც კოვიდთან საბრძოლველად იყო გამოყოფილი? არგენტინაში შემოიღეს ერთჯერადი კანონი, მდიდრები დაეხმარონ ღარიბებს კოვიდის პერიოდში. დათო აქუბარდიას დავურეკე და ვუთხარი, მოუწოდოს ჩვენს პარლამენტარებს, პირველ რიგში, „ევროპელ სოციალისტებს“, თუ სოციალისტები არიან, დაეხმარონ ღარიბებს, ჩვენთანაც შემოვიდეს ეს კანონი, მარტო პარლამენტში გვყავს 30 მილიონერი, გაიღონ ეს ფული ერთხელ მაინც, მაგრამ პარლამენტარები საკუთარ ჯიბეს დააზარალებენ?“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ამდენი ხანი ჩაკეტილები ვიყავით, რაც ქალაქის ხელმძღვანელობის უსუსურობის ბრალია. მართალია, ჩვენთან დისციპლინა გამორიცხულია, გახსნიან თუ არა ყველაფერს, ვირუსის მაჩვენებელი ზევით ავა, მაგრამ ყველაფერი თავის ნებაზე არ უნდა მივუშვათ, ყოველ დიდ ავტობუსში უნდა დააყენონ თითო კაცი, რომელიც არ აუშვებს ბევრ ადამიანს, ან მძღოლს დაავალონ, დაითვალოს მგზავრები და ავტომატურად ჩაკეტოს კარები.
„რა უნდა ამის ორგანიზებას? რატომ არის ისრაელი პირველი მსოფლიოში? რადგან ორგანიზებული ხალხია, მაგრამ ფრანგები ჩვენსავით არიან, იტალიელები კიდევ ჩვენზე უარესები. უბრალოდ, მათ ფული აქვთ, ჩვენ არა. ამიტომ ხელისუფლებამ ნახა უტყუარი საშუალება, ჩაკეტა ყველაფერი და ვირუსის გავრცელებალმაც იკლო, მაგრამ ადრე თუ გვიან, ხომ უნდა გახსნან, რაც ჩაკეტეს? როგორც გახსნიან, ისევ ავარდება შემთხვევების რაოდენობა, ამას ემატება ფსიქიკური პრობლემები. ამიტომ ტრანსპორტში არ იყოს ზედახორა, რა დიდი სირთულეა ეს? ადრე კონდუქტორი იყო ტრანსპორტში, დააყენონ ასეთი ვინმე, დასაქმდება ხალხი, რა იმდენი ავტობუსი ჩვენ გვყავს, რომ ეს ვერ გააკეთონ? მერიას თავის სიპებსა და აიპებში ასობით მუქთახორა ჰყავს დასაქმებული. ვისაც ნიღაბი არ უკეთია, არ აუშვან. მაგრამ ჩაკეტვა აწყობდათ, საზრუნავი ნაკლებად ჰქონდათ“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელს, შეზღუდვები პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს არ უშლიდა, ონლაინ კითხულობდა ლექციებს, სტუდენტებთან ურთიერთობა ჰქონდა და ანაზღაურებაც გააჩნდა, მაგრამ განსხვავებული პროფილის ადამიანებზე შეზღუდვებმა უმძიმესად იმოქმედა. სოციალური სეგრეგაცია გამოიწვია ამ შეზღუდვებმა.
„მთელი თბილისი ფეხით შემოვიარე, ათ კილომეტრს დავდივარ დღეში, რადგან ლოკდაუნის გამო ლამის კუნთების ატროფია დამეწყო, მე ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი ვარ, საქართველოს ნაკრების წევრი გახლდით სამბოში, ტექნიკური უნივერსიტეტის, გეპეის გუნდის პროფესიონალი მოჭიდავე ვიყავი და პროფესიონალ სპორტსმენებს, როცა ისინი არ ვარჯიშობენ, ე.წ. სპორტული ნარკომანია ეწყებათ. ამ სეირნობისას თუ ადრე მაღაზიებში ვხედავდი გოგონებს, კონსულტანტებს, რომლებიც თვეში ანაზღაურების სახით 300-400-600 ლარს იღებდნენ, დღეს მათი ჭაჭანება არ არის, მათ სამსახური დაკარგეს. ასეთივე მდგომარეობაში არიან ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, ისინი ამით ინახავდნენ ოჯახებს. ჩემი სტუდენტის მამაც დასაქმებული იყო სამარშრუტო ხაზზე, მომიყვა, ამ ანაზღაურებით ორ შვილს სწავლის საფასურს ვუხდი, მეუღლის ხელფასით კი სურსათს ვყიდულობთ, ანუ გადანაწილებული გვაქვს ფინანსური ვალდებულებაო, დღეს ეს ადამიანი არ მუშაობს, გამოდის, სწავლის ფულს ვერ უხდის თავის ორ შვილს, შვილებიც იძულებულნი არიან, აიღონ აკადემიური და არ ისწავლონ. ერთი-ორი კვირა შეიძლება დანაზოგით იარსებოს ადამიანმა, მაგრამ უკვე ორი თვე გავიდა, კომუნალური გადასახადები კატასტროფულად გაიზარდა, სუპერ ინფლაციაა ქვეყანაში. ამიტომ ქვეყანა უნდა გაიხსნას, მაშინ შიმშილით მოკვდება ადამიანი. რა მნიშვნელობა აქვს, კოვიდი მოკლავს, თუ შიმშილი. ასეთი ალტერნატივა უკვე დგას ჩვენს წინაშე“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტა, რომ არსებობს რასობრივი სეგრეგაცია და არის სოციალური სეგრეგაცია. ჩვენი სოციუმის ნაწილმა ადაპტაცია მოახდინა და შემოსავლების ნაწილი შეინარჩუნა, მაგრამ სხვა სოციუმის ადამიანების სარჩო-საბადებელი ნულის დონეზეა. ზუსტად ეს არის სოციალური სეგრეგაცია.