„არ მინდა დავითგარეჯის საქმე შეიფუთოს დემოკრატიული ღირებულებებით და ვინმე გადარჩეს“

„არ მინდა დავითგარეჯის საქმე შეიფუთოს დემოკრატიული ღირებულებებით და ვინმე გადარჩეს“

გეოგრაფი, სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი რუსუდან თევზაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ასოციალურ პიროვნებად მიიჩნევს, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად არ შეიძლება შედგეს - „ექს–პრეზიდენტი იმდენად არადეკვატურია, რომ კითხვაზე, რის საფუძველზე მიაკუთვნა აზერბაიჯანს დავითგარეჯი, პასუხი დეკლარირებულია – ეს მისი არადეკვატურობის შედეგია, ოღონდ გააზრებული“. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ კომპონენტის მიზანმიმართულად, გააზრებულად, შეგნებულად გადაცემა და თან ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლეები საჭიროა აზერბაიჯანისთვის, ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია, რაც მყარი არგუმენტია გამოძიებისთვის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

for.ge რუსუდან თევზაძეს ესაუბრა.

„საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს“, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს გააკეთა. გასაგებია, რომ აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლე მისცე იმიტომ, რომ მას სჭირდება, ეს არგუმენტი ფაქტის გასამართლებლად გამოდგება, როდესაც ექს–პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, საქართველო ამ დრომდე დაზარალებულია.

რუსუდან თევაზაძე: ეს არის ყოვლად დაუშვებელი და პრინციპში დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც თავისი არსით სამართლებრივ ჭრილში გადადის. რაც შეეხება დავითგარეჯს, როგორც სამონასტრო კომპლექსი, ეს არის ისტორიულ კულტურული ძეგლი გეოგრაფიულ საზღვრებში, რომელიც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის არის საქართველოს ტერიტორიაზე. გეოგრაფიული წერტილები, რომლესაც უსაფრთხოების რაკურსით ჰქვია სტრატეგიული სიმაღლეები, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ადმინისტრაციული საზღვრის უსაფრთხოების უპირველესი გარანტია. ქვეყნის უსაფრთხოება მოიცავას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ უსაფრთხოებას.

პოლიტიკური უსაფრთხოება ყველაზე დიდი ქოლგაა და ამ ქოლგის ქვეშ არის მოქცეული ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოება, რაც ქმნის პოლიტიკურ მდგრადობას. თუ ეს ორი კომპონენტი არ არის მყარი და მდგრადი, ვერ ვიქნებით პოლიტიკურად უსაფრთხოდ. პოლიტიკური უსართხოების ერთ–ერთი მგრეველი არის სოციალური უსაფრთხოების უგულებელყოფა, რაც პირდაპირ ჩანს სააკაშვილის განცხადებაში: „სტრატეგიული ადგილი აზერბაიჯანს სჭირდება და უნდა მივცეთ“.

როგორ ფიქრობთ, რის სანაცვლოდ შეიძლება გადაედგა ეს ნაბიჯი? პროკურატურა ამბობს, რომ ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და ღალატის კვალიფიკაციას აძლევს...

– რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩენილიყო, პირადად ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება ყოფილიყო და არა გააზრებული ნაბიჯი. წარმოუდგენელია, რომ ამაზე ნაფიქრი არ ჰქონდა სააკაშვილს. ეს არის ფუნდამენტალურად ნაფიქრი და მერე გაკეთებული საქმე. რისი საფასურად, დეტალებში არ შევალ, მაგრამ არებობს დიპლომატიის ენა, ორმხრივი ურთიერთობები და არა ცალმხრივი, როგორც ეს სააკაშვილის განცხადებიდან ჩანს, რომელიც მკაფიოდ გვეუბნება, რომ თურმე „აზერბაიჯანს ესაჭიროება“. ისიც კი აღიარა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტრატეგიული სიმაღლეები, რომლის საჭიროება თავადვე განსაზღვრა იქვე. ეს სიმაღლე ზუსტად იგივენაირად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ სიმაღლეების ჩვენს სასარგებლოდ არგამოყენება, არის დანაშაული. ვფიქრობ, რომ ეს იყო გააზრებული ნაბიჯი.

გააზრებული ნაბიჯი, მაგრამ რის ფასად? ქვეყანა დაზარალდა, ჩვენი სალოცავი მოქცეულია აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე...

– ადამიანი, რომელიც ასოციალურია, ის პოლიტიკურ ფიგურად არ შეიძლება შეგდეს. ასეთი ადამიანისგან ყველაფერი მოსალოდნელია. სააკაშვილი იმდენად არადეკვატურია, რომ შეიძლება არაფრისთვისაც გაეკეთებინა. ამიტომ, კითხვაზე – რის საფასურად, ერთი მოკლე და დეკლარირებული პასუხი შეიძლება იყოს – ეს მისი არადეკვატურობის შედეგია, ოღონდ გააზრებული. რატომღაც მჯერა, რომ ამ სტრატეგიული სიმაღლეების გადაცემა აზერბაიჯანის მმართველის ინიცირება არ იქნებოდა. იმდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მეზობელი ვართ, რომ არ მგონია, ამ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა იმაზე ღირებული ყოფილიყო, ვიდრე გლობალური თვალსაზრისით, ჩვენი სტრატეგიული მეზობლობა.

ამ ინტერვიუში სააკაშვილი აღიარებს, რომ სწორედ ის მოურიგდა ერთპიროვნულად აზერბაიჯანულ მხარეს უდაბნოს მთის თხემზე არსებული სტრატეგიული სიმაღლის თაობაზე, ამ განცხადებიდან მალე, იცვლება სტატუს-ქვო, თხემზე დგებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ანვითარებენ ინფრასტრუქტურას. ამ საქმეზე დღეს გვყავს 2 ბრალდებული, ილიჩოვა და მელაშვილი, მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი ადამიანებით შემოფარგლება ეს დანაშაული?

– რა თქმა უნდა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლება ეს დანაშაული. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს ორი ადამიანი არ იყო გადაწყვეტილების მიმღები და გასაგებია, რომ შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს მათ არ ათავისუფლებს იმ დანაშაულისგან, რაც ჩაიდინეს. ეს ადამიანები არ იყვნენ კარტოგრაფები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. იმ კომისიაში იყვნენ იურისტები, ასევე კარტოგრაფი ბატონი ჯანო კეკლია, მაგრამ ამ ორ ადამიანს ჰქონდა მატერიალურ მასალასთან ფიზიკური შეხება. მახსოვს ჯანოს გულისტკივილი, როგორ წუხდა ამ საკითხზე. მიხვდა, რომ იმ კომისიაში ვერაფერს გახდებოდა და დატოვა. მის გონებაში ეს იყო როგორც უდიდესი პრობლემა. თავად ვერ ახერხებდა სიმართლის დამტკიცებას. ჯანო სამშობლოსთან მართალი ადამიანი იყო, მონაწილეობა არ მიიღო ამ დანაშაულში. ილიჩოვა და მელაშვილი სამშობლოსათან მართალი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ზუსტად ისევე უნდა დაეტოვებინათ კომისია. მაგრამ მათში არ იყო ამის შინაგანი მოტივაცია. მერე ამას დაემატა გარეგანი მოტივაცია.

რას გულისხმობთ?

– ზემდგომებიდან მითითება – რა, როგორ გაეკეთებინათ. განწყობითი თეორია იყო ისეთი, რომ მათ არ სურდათ სახელმწიფო ინტერესების დაცვა. მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ზუსტად ვიცი, რომ ეს დანაშაული ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლება, რადგან ესენი არიან ხელოსნები. ცხადია, აქ დანმაშავეთა ძალიან დიდი წრე იკვრება. მელაშვილი და ილიჩოვა იყვნენ შემსრულებლები, მაგრამ აქ არის მორალური მხარე, რამდენად შეასრულებ, ან არ შეასრულებ. სახელმწიფო საზღვრის ხელყოფის მცდელობაც კი არის ღალატი, ამდენად, მათ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

ვერ ვიტყვით, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან კარგად ჩანს, რომ თავიდანვე ჰქონდათ ეს განწყობა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს ივერი მელაშვილი. თავისთავად ჩნდება კითხვა, ასეთი პოზიციის მქონე ადამიანი, როგორ აღმოჩნდა კომისიაში, მით უფრო, რომ არ არის კარტოგრაფი...

– გეთანხმებით და ეს კითხვა უნდა დაუსვან ზემდგომებს. ან მართლა ასე სჯერა და ეს მისი შინაგანი მოტივაციაა, რომელიც იმ გარეგანი მოტივაციით გამყარდა, რასაც ჩვენ დავალებას ვეძახით. დაავალეს – ასე გააკეთე, რაც ძალიან ცუდი და მოღალატეობრივია, მაგრამ თუ ასე არ ფიქრობს, მაგრამ მოღალატეობრივ დავალებას ასრულებს, მაშინ რაღაცა კომპრომატების მძევალია, არ ვიცი, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს არის დანაშაული. ამიტომ, ველოდები რას იტყვის გამოძიება. ამ დანაშაულს აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი.

ჩვენ, არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევთ. უბრალოდ, ვამბობთ, რომ თუ იყო შინაგანი მოტივაცია, ან კომპრომატების თემა, ორივე შემთხვევაში ეს არის სამშობლოს ღალატი. შესაბამისად, სამართლებრივ ჩარჩოში თუ გადავიტანთ, დასჯადი ქმედებაა. რა დოზით არის დასჯადი, ეს სასამართლომ უნდა თქვას. ამ ძალიან მძიმე სენსიტიურ და მტკივნეულ საქმეში ამ წუთში რაც არის ყველაზე მკაფიო, არის შემდეგი – სააკაშვილს, მელაშვილს, ილიჩოვას და ყველა დანარჩენს, ვინც აღმოჩნდება ამ დიდ წრეში, თუ რაიმე შანსი ჰქონდათ, რომ სამართლებრივად გადარჩენილიყვნენ ამ საქმეში, მელაშვილის ბოლო განცხადებებით ეს ტოტიც მოჭრილია. უბრალოდ, აქ უნდა დაველოდოთ დივერსიფიცირებას, ვინ რა ნაწილში, რა დოზით და როგორ არის დამნაშავე.

მელაშვილის ამ ცნობილი განცხადების შემდეგ, ნაციონალები ხელს კომუნისტებისკენ იშვერენ, თითქოს მაშინ გადაეცა ტერიტორია აზერბაიჯანს. რამდენად გაიზიარებთ ამ პოზიციას? ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე, რომელიც ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის მოქცეული, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა...

– არც ერთ შემთხვევაში არ იყო ასე. ბევრი რომ არ ვისაუბროთ, ბატონმა თენგიზ გორდეზიანმა თავის ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა საბჭოთა კავშირის რუკაზე, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ. შესაბისად, რა ფანტაზიიდან მოაქვთ ასეთი განცხადება, არ ვიცი. სწორედ იმ ჯეროვანი და ადეკვატური რუკის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ხელახალი დემარკაცია. ამას ადასტურებს მატერიალური და ფაქტობრივი მასალა, რუკების სახით, რომელზეც დავითგარეჯი და ის სტრატეგიული სიმაღლეები, ანუ ჩიჩხიტური და თხემი იყო ჩვენს ტერიტორიაზე.

რა მოლოდი გაქვთ, როგორი იქნება საქმის განვითარება?

– სურვილი მაქვს, რომ ლოგიკურად დასრულდეს ეს საქმე. არ მინდა, რომ ამ საქმეში ვინმემ სიფრთხილე და ზედმეტი ჰუმანურობა გამოიჩინოს. არ მინდა დავითგარეჯის საქმე შეიფუთოს დემოკრატიული ღირებულებებით და ვინმე გადარჩეს. ბევრი ისეთი საქმე იყო, რომელსაც უფრო რადიკალური პასუხები უნდა გასცემოდა, მაგრამ არ მოხდა კოაბიტაციის მოტივით.

შეიძლება ცუდი პარალელია, მაგრამ არ მინდა, რომ მსგავსი რამ მოხდეს ამ საქმეში. ეს არის სახელმწიფოს პრესტიჟის საქმე, რაც მაძლევს იმედს, რომ ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა. როგორ შეიძლება სრულყოფილ და ადეკვატურ კომისიად ჩაითვალოს ის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციას სწავლობს, მაგრამ პირველი პროფილის სპეციალისტი, სახელად – კარტოგრაფი, არ ჰყავთ. ესეც შეიძლება გამოძიების თემად იქცეს.

 

Aburjga Tasmanieli მოღალატეები არიან მთელი ნაცმოძრაობის ვერხუშკა (წევრები უბრალოდ ფანატიკოსები არიან). ვინ არის ვერხუშკა? - ვეხუშკა არიან ისნი ვინც დღე და ღამე ტელევიზიებით უტიფრად გვმოძღვრავენ. ასე 50 კაცი! და მთავარი დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი! მიშა შენი ბოსტანია საქართველო ალიევს რომ მიუზომე?! ეს მელაშვილი კი ერთი დეგრადირებული კონფორმისტია - დაავალა ხელისუფლებამ, დაპირდნენ, გადაუხადეს და გაიყიდა! აქ რა არის გამოსაკვლევი?! ახლა ნაცებმა უთხრეს, მიწექი პირველ ჩვენებას ბოლომდე და ჩვენ გამოგიყვანთ, თუ არა სამშობლოს მოღალატედ შენ გამოცხადდები და კიდევ 15 წელსაც გახეხინებენ ვირის აბანოშიო! აი უკვე გამოიყვანეს! ახლა ამასაც რაღა დარჩენია? ასე რომ მაგისაგან ნურც აღსარებას ელით და ნურც სიმართლეს!
3 წლის უკან