თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციით ისარგებლებენ

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციით ისარგებლებენ

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც მიმდინარე და ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებები გააჩნიათ, რესტრუქტურიზაციით ისარგებლებენ.

ბანკთან მიღწეული შეთანხმებისა და რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა ისაუბრა.

როგორც ავალიანმა აღნიშნა, რესტრუქტურიზაცია შეეხება 3 321 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებსაც ხელფასი "საქართველოს ბანკში" ერიცხება. იმ შემთხვევაში თუ დავალიანების მქონე სამხედროები თებერვლისა და მარტის თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი განცხადებით და რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართავენ, შემდეგი პირობებით ისარგებლებენ: შეძლებენ სესხის გაერთიანებას იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ვალდებულება აქვთ, შეძლებენ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობას, შეეხებათ მნიშვნელოვანი შეღავათი უკვე დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე და მაქსიმალური მოქნილობით განესაზღვრებათ ყოველთვიური შენატანი. ამასთან რესტრუქტურიზაციის პერიოდის ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 4 წლით.

როგორც ვაკო ავალიანმა აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბანკთან მიღწეული შეთანხმება სამ ხედროებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუწესრიგებს და სამხედროებს მნიშვნელოვან დისკომფორტს მოუხსნის.