მთავარი პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, რომლებიც კონსტიტუციური უფლებით სარგებლობენ და დაკითხვაზე არ ცხადდებიან, ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში დაკითხავს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულიკიანის განცხადებით, თუ დეპუტატები თავიანთი უფლებით ბოროტად სარგებლობენ და პროკურატურაში არ მიდიან, პროკურატურა პარლამენტში თავად მივა.
„პროკურატურა იძულებულია, კანონმდებლები პარლამენტში დაკითხოს. პროკურატურაში მოსვლაზე უარს თვითონ ამბობენ. თუ ღვინიაშვილი და სხვა დეპუტატები დაკითხვაზე მოსვლას თავს არიდებენ, პროკურატურა პაექრობას ვერ დაიწყებს და აქედან გამომდინარე, პარლამენტში დასაკითხად თავად მივა. პროკურატურა კანონით დადგენილი წესებით მოქმედებს და იმისთვის, რომ ჩაატაროს გამოძიება, ვალდებულია დეპუტატებს დაკითხვაზე რამდენჯერმე მოწვევა გაუგზავნოს“, - აცხადებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობაში, ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ, დაკითხვაზე დაბარებულნი არიან - ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი - როლანდ ახალაია, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე - დავით საყვარელიძე, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი - პაატა ლეჟავა, კახეთის ყოფილი გუბერნატორი - გიორგი ღვინიაშვილი, ფოთის ყოფილი მერი - ვახტანგ ლემონჯავა, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი - კახა ბუცხრიკიძე და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი - ტარიელ ლონდარიძე.
აღნიშნული პირები დეპუტატის მანდატს ამოფარებულები, დაკითხვაზე არ ცხადდებიან და დაბარებებს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავები პარლამენტს ესტუმრებიან, საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობას გეგმავენ.
როგორც for.ge-ს გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, მთავარი პროკურატურა მას დაკითხვაზე ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე მოწმის სტატუსით იბარებს. მისი თქმით, ის მზად არის, პარლამენტში სამართალდამცავებს ჩვენება მისცეს.
„მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები თუ პარლამენტში მოვლენ, მზად ვარ, მათთან ვითანამშრომლო და ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე“, - აცხადებს ღვინაშვილი, რომელიც დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა, არ გამოცხადდა.
სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას აპირებენ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები - ტარიელ ლონდარიძე და კახა ბუცხრიკიძე, რომლებიც დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდნენ და კითხვების საჯაროდ დასმას ითხოვდნენ.
როგორც for.ge-ს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ლონდარიძემ განუცხადა, მას დაკითხვაზე სამხედრო სამსახურის პერიოდთან დაკავშირებით, კერძოდ, თავდაცვის ექს-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას საქმეზე იბარებენ.
„თუ სამართალდამცავები პარლამენტში მოვლენ, რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობას ვაპირებ“, - დასძინა ლონდარიძემ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ერთ-ერთი პლენარული სხდომით გახდა, როდესაც, კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლონდარიძის მსგავსად, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილის, კახა ბუცხრიკიძის დაკითხვაზე დაბარება თავდაცვის უწყებაში განვლილ საქმიანობას უკავშირდება.
როგორც for.ge-ს ბუცხირიკიძემ განუცხადა, მთავარ პროკურატურაში სავარაუდოდ, „სენაკის ფაქტზე“ იბარებენ.
„მოწმის სახით ვარ დაბარებული, მზად ვარ, პროკურორებს მოვუსმინო და მათ ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ, რომელსაც ოპონენტი კობა დავითაშვილი ბრალს ციხის სკანდალურ კადრებში მონაწილეობაში სდებდა, სადაც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.
თავის მხრივ, ბუცხრიკიძე ფაქტის დადგენის წინადადებით გამოვიდა და თუ კადრებში მისი მონაწილეობა არ დადასტურდებოდა, დავითაშვილს სადეპუტატო მანდატზე უარი უნდა ეთქვა.
უნდა აღინიშნოს, რომ თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ვახტანგ ლემონჯავასთვის მის მიმართ წაყენებული ბრალეულობაც გაუგებარია.
როგორც for.ge-ს ლემონჯავამ განუცხადა, ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა, მისთვის გაუგებარია, დაკითხვაზე რის გამო არის დაბარებული.
მისი თქმით, მას ფოთის ამჟამინდელი პროკურორი - ჯიმი ქობულაძე საკუთარი ავტოფარეხის დემონტაჟის გამო უჩივის.
„ჩემი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება. ჩემთვის კითხვებზე პასუხის გაცემა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ყველა ჩემი ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ ფოთის ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ვთვლი. ავტოფარეხი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, ამჟამინდელი პროკურორის, ჯიმი ქობულაძის თანდასწრებით მოხდა და თავად მითხრა, რომ „ბატონო ვახტანგ, დემონტაჟი გავაკეთეთ და არ დაგვაღალატო, ეზო გაგვიკეთეთ“. ახლა კი აცხადებენ, რომ თითქოს, მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოვახდინეთ, რაც სიცრუეა“, - აცხადებს ლემონჯავა.
რაც შეეხება როლანდ ახალაიას, რომელიც დაკითხვაზე უძრავი ქონებისა და ფულადი თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით არის დაბარებული, აპირებს თუ არა სამართალდამცებთან თანამშრომლობას, ჩვენთვის უცნობი დარჩა, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ხოლო პაატა ლეჟავასთან და დავით საყვარელიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან მათ პირადი მობილური ტელეფონები გათიშული ჰქონდათ.
უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაკითხვა როდის მოხდება, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება.
როგორც for.ge-ს მთავარი პროკურორის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, ყოველი დეპუტატის დაკითხვასთან დაკავშირებით, კონკრეტული დღე და საათია ჩანიშნული, თუმცა, მან არ იცის გამოძიება წინასწარ ვის დაიბარებს და დაკითხავს.
„ვერაფერს ვერ გეტყვით და ვერც დაგიდასტურებთ. არ ვიცი, გამოძება როდის გეგმავს კონკრეტული დეპუტატის დაკითხვას“, - დასძინა პაიჭაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები დაკითხვაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ და გამომძიებლების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვენ, თუმცა, მიმდინარე კვირა, რომელიც საკომიტეტო მოსმენებისთვის არის განკუთვნილი, ქუთაისში არც უმცირესობის წევრები გამოჩენილან და არც უმრავლესობის, გარდა დავით ბერძენიშვილისა. შესაბამისად, უმცირესობის წევრთა დატვირთული სამუშაო გრაფიკი რითი არის განპირობებული, გაუგებარია.