ვანო მერაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის. ამის შესახებ განცხადება მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მისი კანდიდატურა არის ერთ-ერთი, ბევრ სხვა კანდიდატურასთან ერთად, და იგი იქნება ბედნიერი, თუკი მასზე უკეთესი შეირჩევა. მერაბიშვილის სიტყვით, იმ განცხადებაში, სადაც იგი ახალი მთავრობისთვის მომდევნო ოთხი წლის ვერ მოცდაზე საუბრობდა, სწორედ მოახლოებულ არჩევნებსა და მის შედეგებს გულისხმობდა.
ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებიდან, როცა ხალხის უმრავლესობამ ხმა ნაციონალებს არ მისცა, მათ გაკვეთილი გამოიტანეს. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ვერ გააკეთეს, რაც ხალხს უნდოდა და კარგი იქნება, ამ მთავრობამ მათ შეცდომებზე ისწავლოს.
უფრო მეტიც, ვანო მერაბიშვილის თქმით, რაც ახალმა ხელისუფლებამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გააკეთა, ასეთი მეთოდით არჩევნებს წააგებს.
„თუ დღევანდელი მთავრობა გონს არ მოვა, ის აუცილებლად დამარცხდება. მისი მმართველობა შეიძლება ოთხი წელი არ გაგრძელდეს და დამარცხდეს საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
For.ge დაინტერესდა, რატომ შეაჩერეს ნაციონალებმა არჩევანი ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატზე, რა შესაძლებლობები ექნება ყოფილ შს მინისტრსა და ყოფილ პრემიერს და მოახლოებული დაკითხვების წინ აქვს თუ არა მას ოპტიმიზმის საფუძველი.
პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის სურვილები დროშია აცდენილი, რადგან დღეს არათუ მერაბიშვილს, არამედ მთელ ნაციონალურ მოძრაობას, ფიგურალურად თუ ვიტყვით, თუ გადავადნობთ და ერთ ადამიანში მოვახდენთ მის ფორმირებას, არ აქვს არანაირი შანსი, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. ეს კი ძალიან ნათლად გამოჩნდა პრეზიდენტის არა მარტო მიმართვაში, არამედ მთლიანად იმ დღის ღონისძიებაში, ინტონაციაში, შინაარსში, რაც უკვე არსებულმა თუ ვადაგასულმა პრეზიდენტმა წარუდგინა საქართველოს მოსახლეობას და სასახლეში შეკრებილ ხალხს.
ვახტანგ ძაბირაძეს ასეთი მიხეილ სააკაშვილი მთელი ცხრა წლის განმავლობაში არ ახსოვს, რადგან ის იყო ძალიან დაბნეული, აღელვებული და ლამის ნერვიულობისგან ხმა ჩაუწყდა. ამდენად, პოლიტიკური ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, უკვე გააანალიზა ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მიხვდა, რომ, ყველაზე უკეთეს ვარიანტში, თამაშიდან ნელ-ნელა უნდა გავიდეს, ხოლო, თუ ძალიან იაქტიურებს, მაშინ, შესაძლოა, უფრო ჩქარა მოუწიოს თამაშიდან გასვლა. სწორედ ასეთი ალტერნატივაა დღეს მის წინაშე. თუმცა ერთი რამ ცხადია, მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა არანაირი შანსის მქონე არ არის.
„მაინც მგონია, რომ მერაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა არა იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატობა სურს, არამედ მათ რაც კარგად იციან, ეს არის აქცენტების სწორი დასმა და მას სურს, ყურადღება გადაიტანოს, რათა უახლოეს პერიოდში მთავარი თემა იყოს არა პრეზიდენტის გამოსვლა და მისი შეფასებები, არამედ ის, რომ მერაბიშვილი თურმე აპირებს პრეზიდენტობას. ჩემი აზრით, ეს არის მანევრი, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლა გადაიფაროს“,_აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ნაციონალებმა ბევრი რამ ვერ გაითვალისწინეს. თუმცა კი, ისინი მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს. სინამდვილეში, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ნაციონალებმა ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომლის გამოსწორება არ შეიძლება; ანუ რეიტინგის თავიდან მოპოვება, რომ მოსახლეობაში ეს გუნდი პოპულარული გახდეს, გამორიცხულია.
„ის, რომ მერაბიშვილი აფრთხილებს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს სწორია, რადგან ახალი ხელისუფლება არ უნდა წავიდეს იმ გზით, რა გზითაც წავიდა ნაციონალური მოძრაობა, თორემ იმ შედეგს მიიღებს, რაც - ნაციონალებმა“,-აღნიშნა ექსპერტმა.
ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტების სურვილმა პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ნაპოლეონის ნათქვამი გაახსენა -ცუდია ჯარისკაცი, რომელსაც მარშალის კვერთხი არ უდევს ჩანთაში. პოლიტოლოგის თქმით, ცუდია პოლიტიკოსი, თუნდაც არჩევნებში დამარცხებული პარტიის ლიდერი, რომელიც შემდგომ კარიერაზე არ ფიქრობს. ნორმალურ ქვეყნებში, სადაც სტაბილურია ყველაფერი და სიტუაცია დინამიურად არ იცვლება, არჩევნებამდე რვა-ცხრა თვე არ არის ბევრი დრო პროგნოზისთვის, მაგრამ საქართველოში რვა თვეზე კი არა, რვა კვირის შესახებაც კი წინმსწრებად ვერავინ ვერაფერს იტყვის.
„ჩვენ ისეთ ტურბულენტურ რეალობაში ვცხოვრობთ და ისეთი კოსმოსური სისწრაფით იცვლება რეალობა, რომ რა იქნება მომავალი წლის ოქტომბერში, ვის ექნება რეალური შანსი, ნაციონალური პარტია შეიცვლის თუ არა სახელს, სხვა ადამიანები გამოჩნდებიან თუ არა მათთან, რა შანსები ექნება მოსკოვიდან ჩამოსულ ღიად პრორუსულ პარტიას-ხაბურძანიას სახით, ასევე, - სარიშვილს, კუკავას და სხვებს, ამ ეტაპზე უცნობია. არ არის გამორიცხული, ოქტომბრისთვის მათ ზურგსუკან იმხელა რესურსი აღმოჩნდეს, რომ სულ თავდაყირა დააყენოს ამ პარტიამ ყველა გათვლები“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ნაციონალებს მერაბიშვილის გარდა, სხვა კანდიდატურა არც ჰყავდეთ. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რით დამთავრდება ის საგამოძიებო პროცედურა, რომელიც დაწყებულია მერაბიშვილთან დაკავშირებით.
„იგი სამჯერ იყო დაბარებული დაკითხვაზე და შეჰპირდნენ, კიდევ დაგიბარებთ, შენ ამაზე არ იდარდოო. ამიტომ გააჩნია, როგორ წავა სიტუაცია, ჩვენ ხომ არ ვიცით, ძიებას რა სამხილები აქვს. თუ ისე მოხდა, რომ მერაბიშვილი არის უბრალო ეჭვების მსხვერპლი, ეს გაზრდის მის შანსებს. მაინც საქართველოა. ხომ იცით, საქართველოში როგორ უყვართ უსამართლოდ დაჩაგრულები. ახლა გამოირკვა, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოლიტპატიმარი ჰყოლია, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა, როდესაც დისიდენტებს საგიჟეთში ათავსებდნენ. უსამართლოდ დასჯილი ყველა პირი ახლა პოლიტპატიმარი გახდა. თუ მერაბიშვილი გამართლდა, რასაკვირველია, ამას გამოიყენებს და რუსები რომ ამბობენ, "на полную катушку“, იტყვის, ხომ ვამბობდი, ეს პოლიტიკური დევნა იყოო,“-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მანვე ქართველი ადამიანის მიმტევებელობასა და გულუბრყვილობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც სიმპათია-ანტიპათიის ხშირი ცვლილება ახასიათებთ. იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება, სოსო ცინცაძეს ირაკლი ალასანიას მაგალითი ახსენდება, რომელსაც სულ რაღაც სამი თვის წინ საპრეზიდენტოდ დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ დღეს უკვე ივანიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის კრიტერიუმებს ალასანია ვერ აკმაყოფილებსო.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ვანო მერაბიშვილის მოსაზრებას, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე შანსი ჰქონდეს, არასერიოზულად აფასებს. მისი აზრით, მერაბიშვილს არანაირი შანსი არ ექნება, თუმცა ბუნებრივია, იურიდიულად ეს აკრძალული არ არის.
კახა კუკავას თქმით, მართალია, მერაბიშვილს აქვს გარკვეული ავტორიტეტი პარტიის შიგნით, შეიძლება, უფრო მეტი ავტორიტეტიც ჰქონდეს, ვიდრე ბაქრაძეს ან უგულავას, მაგრამ საზოგადოებაში, ალბათ, ბაქრაძეს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მერაბიშვილს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საზოგადოების თვალში ბაქრაძე დაჭერებთან არ ასოცირდება და უფრო სოლიდურიცაა საპრეზიდენტო კანდიდატად.
„ჩვენ შევეჩვიეთ, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ქართულად ვერ ლაპარაკობს, წინა პრემიერიც ვერ ლაპარაკობდა, ისევე, როგორც მისი წინამორბედი; მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნებს თუ გადავავლებთ თვალს, ყველაფერი პირიქითაა. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი, როგორც ზვიად გამსახურდია იყო, მას ლაპარაკი არ ეშლებოდა. არასდროს მინახავს, ფურცლიდან წაეკითხა თავისი გამოსვლები, იგი ქართველი ადამიანის სახეს წარმოაჩენდა. შეხედეთ ამერიკელ, ევროპელ პრეზიდენტებს, ყველა გამორჩეული სახეა. ენაბლუები იქ არ არიან“,-აცხადებს კახა კუკავა.
მისივე განმარტებით, ვინც არ უნდა წამოაყენოს საპრეზიდენტოდ საკუთარი კანდიდატურა, შეიძლება, გამარჯვების შანსი არავის ჰქონდეს. თუმცა აქ, შეიძლება, სხვა შიდა თამაში იყოს. კერძოდ, კახა კუკავა გარკვეულ იმუნიტეტზე საუბრობს. კერძოდ, ვიღაცისთვის სწორედ იმუნიტეტია პრეზიდენტობის კანდიდატურა, ვიღაცისთვის კი ესაა გავლენა პარტიაში.
„ვფიქრობ, იმუნიტეტზე უფრო მეტად, გავლენის შენარჩუნებისთვის სჭირდება მერაბიშვილს თავისი კანდიდატურის წამოყენება, რადგან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც არის ასეთი ინტერესი, რომ იგი შენარჩუნებულ იქნას, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ისტორიის უახლოეს წლებში რაღაც გარკვეული პოლიტიკური როლი შეასრულოს“.
კახა კუკავას აზრით, ჯერჯერობით ნაციონალების პარტია არ გაკოტრებულა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოლოდინები არსებობდა 1-ელი ოქტომბრის შემდეგ. მართალია, ეს არის ბევრად უფრო სუსტი ორგანიზაცია, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს და შესაძლოა, მერაბიშვილს სურს, შეინარჩუნოს ეს გავლენა. უფრო მეტიც, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ, მართალია, ნაცმოძრაობა სახელისუფლო პარტიას აღარ წარმოადგენს, მაგრამ, თუ შევხედავთ მათ, როგორც ოპოზიციურ პარტიას, მათ საკმაოდ ძლიერი ბერკეტები აქვთ- 40 %-იანი უმცირესობა, ფრაქციები ყველა საკრებულოში, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აკონტროლებენ, ფინანსები, ტელევიზიები... ამდენად, მერაბიშვილს შეიძლება, ეს ყველაფერი გამოადგეს უახლოეს წლებში. პრეზიდენტის პოსტზე კი მერაბიშვილს არანაირი თეორიული შანსი არ აქვს და, შესაძლოა, მის პარტიაზეც უფრო დაბალი შედეგიც აჩვენოს, იმდენად დაბალი, რომ ეს სამარცხვინოც იყოს. თუმცა კახა კუკავას მერაბიშვილის განცხადება ჯერჯერობით გადაწყვეტილების ტოლფასად არ მიაჩნია.