ქალაქ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნის მკურნალობას ხელმძღვანელობდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფო ავრცელებს.
ომსკის ოლქის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის, გალინა ნაზაროვას თქმით, 55 წლის სპეციალისტი გულის შეტევით გარდაიცვალა.
სერგეი მაქსიმიშინი იმ საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.