ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Gazeta Wyborcza ავრცელებს.

ლეხ ვალენსამ, რომელიც თავად ნობელის პრემიის ლაურეატია, აღნიშნა, რომ ალექსეი ნავალნიმ დიდი სიმამაცე გამოიჩინა კორუფციის გამოსავლენად და რუსეთში არსებული რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„დღეს ბატონი ნავალნი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძვის დემოკრატიის იდეალებისთვის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის, როგორც ამას ათწლეულების წინ, კომუნისტურ პოლონეთში ვაკეთებდი“, - განაცხადა ლეხ ვალენსამ.

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.