უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა.
სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა შემდეგ ტელეარხებს შეეხო: „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK. სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, რომელიც მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია.
სამივე ტელეარხმა უკვე შეწყვიტა მაუწყებლობა. ამჟამად მათი სატელევიზიო კონტენტი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სამი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია.
„ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ტელეარხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უკრაინაში მათ ხშირად იყენებდნენ, როგორც უცხოური პროპაგანდის ინსტრუმენტს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.