დღეს საქართველო ისე გრძნობს თავს, თითქოს ბნელ ზღაპარში ცხოვრობს. ორი მეტოქე პროტაგონისტის სასახლე ავისმომასწავებლად გადმოჰყურებს საქართველოს დედაქალაქს, თბილისს.
ერთი მთის წვერზე პრეზიდენტის სასახლეა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ბინადრობს. ის ჯერ კიდევ აქ არის, მიუხედავად იმ დარტყმისა, რომელიც მისმა პარტიამ გასულ შემოდგომას, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციისგან მიიღო. ღამით ეს სასახლე სიბნელეშია მიმალული და თითქმის არ ჩანს, რადგან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახლადარჩეულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არ ღირს გადასახადის გადამხდელთა ფულის გადახდა განათებაში. მეორე მთაზე ივანიშვილის სასახლე უხვადაა განათებული ისე, თითქოს ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს დაძაბულობა ამ ორი მხარის მხარდამჭერებს შორის ღრუბელივით დასდგომია დედაქალაქს, ივანიშვილის პირველი ნაბიჯი თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ის იყო, რომ პოლიცია მიუქსია სააკაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე საკვანძო ფიგურას და მას შემდეგ ეს ორი მხარე ერთმანთთან უბრად არიან. პრეზიდენტის სასახლესთან, დემონსტრანტების პიკეტი პატარ-პატარა ჯგუფებად შეკრულა. ისინი სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ (საქართველოში სააკაშვილს უბრალოდ მიშას ეძახიან). პრეზიდენტის ოპონენტებმა ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს პეტიციაზე, რომელიც მის წასვლას ახლავე ითხოვს და არა შემოდგომაზე, როდესაც მისი ვადა იწურება. ძლევამოსილი პარლამენტის წევრებმა, რომელთა უმრავლესობას ივანიშვილის მომხრეები შეადგენენ, გადადეს მიშას ყოველწლიური მიმართვა და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, რომელმაც პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა შეზღუდოს. ამასწინათ, ივანიშვილმა მიშას ძველ მტერთან, კრემლთან, იმასაც კი მიაღწია, რომ რუსეთმა მოხსნა საქართველოს ღვინისა და მინერალურ წყლების იმპორტზე დაწესებული ემბარგო. მაგრამ ამ კარგმა ამბავმაც კი ვერ განმუხტა ატმოსფერო. გამარჯვებულ პარტიას რევანში სწყურია.
სამინისტროდან სამინისტროში გადავდიოდით და ცუდ ამბებს დასასრული არ უჩანდა. წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების უმეტესობა ან საკუთარი სურვილით გადადგა, ან დაითხოვეს სამსახურიდან. ახალი მინისტრები სააკაშვილს ექსცენტრულ რეფორმებში სდებენ ბრალს – გააუმჯობესა პოლიცია, მაგრამ არა საპატიმროები, ამიტომ იყო, რომ ძველი საპატიმროები უკიდურესად იყო გადავსებული. „თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა პატიმარი“, მითხრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ. „მე აღმოვაჩინე, რომ მნიშვნელოვანი უცხოელი სტუმრების, მათ შორის ჟურნალისტების, მობილური ტელეფონები ისმინებოდა მიშას საიდუმლო პოლიციის მიერ“. „ჩემი ტელეფონიც ისმინებოდა?“ ვკითხე ნახევრად ხუმრობით ერთ ჩინოვნიკს. მან დამარწმუნა, რომ ისმინებოდა.
შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, 30 წლისაა. მან განათლება სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში მიიღო და მანამდე ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაციის „ქართუს“ ხელმძღვანელი იყო. ქართველი ხალხი ითხოვს მიშას ჩინოვნიკების დაპატიმრებას, ამბობს ის. „ყოველდღე ვიღებთ ასეულობით ადამიანს, რომლებიც სააკაშვილის მოკავშირეების დაპატიმრებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ“, განმიმარტა ვითარება ღარიბაშვილმა. „ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ უმაღლესმა ელიტამ მილიონობით დოლარი მოიპარა“, მარწუნებდა ღარიბაშვილი. „სულ მალე გვექნება მტკიცებულებები, რომელიც გაგაოცებთ“.
პრემიერმინისტრი ივანიშვილი, როდესაც მას ამასწინათ, 47 მილიონ დოლარად შეფასებულ, კაშკაშა კერძო რეზიდენციაში ვეწვიე, მშვიდი და თვითდარწმუნებული ჩანდა. მანამდე, სანამ 2011 წელს სააკაშვილის პარტიის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდებოდა, არცთუ ისე ბევრმა ქართველმა იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ეს მდიდარი ქველმოქმედი, მათ მხოლოდ მისი მოციმციმე მინისა და მეტალის სასახლე ჰქონდათ ნანახი, სასახლე, რომელიც თითქოს უცხოპლანეტელთა ხომალდივით დაენარცხა თბილისის ბოტანიკური ბაღის შუაგულში. დღეს პრემიერმინისტრი არა მხოლოდ ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში, არამედ ყველაზე გავლენიანიც. მისი რეიტინგი დაახლოებით 80 პროცენტია.
როდესაც მის დიდ, კერძო ოფისში, ლუსიენ ფროიდის ნამუშევრის ქვეშ ჩამოვსხედით, ვკითხე, მართლა სჯერა თუ არა იმის, რომ ჩვენ, ჟურნალისტებმა, რომლებიც მთელი ეს წლები ვაშუქებდით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვერ ამოვიცნეთ მიშას განზრახვები. სხვა თუ არაფერი, მსოფლიო ბანკმა აღიარა სააკაშვილის ანტიკორუფციული რეფორმა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ.
„ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, რადგან პირველი ორი-სამი წლის მანძილზე მეც ვერ ვხვდებოდი, ვინ არიან ისინი სინამდვილეში“, მიპასუხა ივანიშვილმა. ის მომიყვა, როგორ დებდა დიდ თანხებს სააკაშვილის სხვადასხვა პროექტებში და მხოლოდ მერე აღმოაჩინა, რომ ეს ინვესტიციები მიშას კორუმპირებული ელიტისთვის ფულის საკეთებელ მექანიზმად იქცა. ჩვენ სააკაშვილის მთავრობის სხვა პრობლემებზე ავლაპარაკდით. როგორ უნდა მისდიოს საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების ძალისხმევას? როგორ უნდა შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა მოსკოვთან და ამავე დროს უკან, საქართველოს კალთაში შემოიტყუოს პრორუსული სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? და, რაც მთავარია, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები ათასობით ქართველი უმუშევრისთვის, რომლებიც ძველ ქართულ სოფლებში ცხოვრობენ, იქ, სადაც ერთ დროს საბჭოთა კოლმეურნეობები იყო?
თავისი მოელვარე ვილიდან ივანიშვილი პირადი ქონებიდან ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს ხარჯავს ისტორიული ძეგლების აღდგენაზე, ქართული უნივერსიტეტების პროფესორების, თეატრების დირექტორების და მსახიობების ხელფასებზე. „ერთადერთი, რაც ჩვენს გასაჩერებლად სააკაშვილის ხალხმა არ გააკეთა, ისაა, რომ არ გვესროლეს“, მეუბნება ივანიშვილი, როდესაც საარჩევნო კამპანიას იხსენებს. ყოველ დილით, მიყვება ის, 5 საათზე დგება, მერე იოგას სისტემით ვარჯიშობს, რათა ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური ბალანსი შეინარჩუნოს. ვკითხე, როგორ ფიქრობს, იპარავდა თუ არა ფულს სააკაშვილი. „ბიუროკრატიის საშუალო და დაბალ ფენებში კორუფცია არ იყო, მაგრამ კორუფცია ელიტაში ასობით მილიონობით დოლარს უტოლდებოდა“, მითხრა მან.
მე დღესაც მახსოვს ბნელი ზამთრის ღამეები საქართველოს მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე, ათი წლის წინ. ცუდად ჩაცმულ დემონსტრანტებს გადაკეტილი ჰქონდათ გზა, რომელზეც ძირითადად ჭუჭყიანი საბჭოთა „ლადები“ დადიოდნენ. ისინი წვიმაში საათობით იდგნენ, სამუშაო ადგილებს, გათბობით და ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვდნენ. ტურიზმი? დაივიწყეთ! ადგილობრივი კრიმინალური ბანდები ისე ეფექტურად აკონტროლებდნენ დედაქალაქს, რომ ადგილობრივებიც კი ვერ ბედავდნენ საღამოობით თავიანთი უბნის გარეთ გასვლას. პოლიციელები კალაშნიკოვის ავტომატებს ატარებდნენ. ერთადერთი ადგილი, სადაც კარგ ცხელ აბაზანას მიიღებდი, თბილისის გოგირდის აბანოები იყო, ძველებური თბილისური აბანოები თაღოვანი სახურავის ქვეშ. მახსოვს ჩემი სტუმართმოყვარე მასპინძლების დარცხვენილი ღიმილი იმის გამო, რომ ამ სევდიან წლებში, ცხელ წყალს ვერ მახვედრებდნენ. ტრადიციული შინაური ღვინის გარდა, მათ მხოლოდ გამხმარი პურითა და რამდენიმე დამჭკნარი ვაშლით შეეძლოთ გამასპინძლება.
დღეს რუსთაველი განათებასა და კომფორტშია ჩაფლული. ელეგანტური ლამპიონები და ფლეიტიანი ანგელოზების ლამაზი სკულპტურები ამშვენებენ სუფთა პროსპექტს. უცხოელი ტურისტები მყუდრო რესტორნებში ცოცხალ მუსიკას უსმენენ. შარშან საქართველოს საზღვარი 4.4 მილიონმა ტურისტმა გადმოლახა, რადგან ძალიან უნდოდათ თვალი შეევლოთ ამ სწრაფად განვითარებადი ქვეყნისთვის (საქართველოს მოსახლეობა 4.5 მილიონია).
მაგრამ ტურიზმით საქართველოს ყველა მხარემ როდი იხეირა. იმისთვის, რომ გამეგო, როგორ აისახა ხელისუფლების შეცვლა საქართველოს უბრალო მოქალაქეების ცხოვრებაზე, ივანიშვილის მშობლიური სოფლისკენ, ჭორვილასკენ მიმავალმა, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში შევიარე. შუადღე იდგა, სამუშაო საათები, კაცების დიდი ჯგუფი უსაქმოდ იდგა. მათ, დასახელებული ციფრების სიდიდის გამო, პერვერსიული სიამაყით მაცნობეს, რომ უმუშევრობა სოფელში 100 პროცენტს უდრის. „ივანიშვილმა საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ფული იშოვა და მიშა დაამარცხა. ასე რომ, მოიფიქრებს, როგორ შექმნას სამუშაო ადგილები“, მეუბნება გურამი, საშუალო ასაკის კაცი დიდი ღიპით. სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი ფონდი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, 606 მილიონ დოლარს უდრის. ეს ფონდი პირობას დებს, რომ დაბალპროცენტიან სესხებს მისცემს გლეხებს, რათა მათ გამოაცოცხლონ ორგანული ბოსტნეულისა და ხილის მოყვანის ქართული ტრადიცია.
როდესაც სააკაშვილს ინტერვიუსთვის მის რეზიდენციაში შევხვდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნამდვილად არ ესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოცოცხლების ივანიშვილისეულ ძალისხმევას. რაღაც მომენტში, პრეზიდენტმა საუბარი შეაჩერა და ტელევიზორში ახალ ამბებს შეხედა – ამ დროს გადმოსცემდნენ სიუჟეტს იმაზე, თუ როგორ გახსნა ახალი სათხილამურო კურორტი. ტურიზმი ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნება. ძალიან უყვარს საკუთარ იმ რეფორმებზე ლაპარაკი, რომელთა გამოც, მისი თქმით, გაიზარდა ვიზიტორების რიცხვი. როდესაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ტურისტების რაოდენობა წელიწადში 120, 000 იყო. ივანიშვილმა პრიორიტეტები შეცვალა. „მათ ხუთი ახალი ოტელის მშენებლობა შეაჩერეს აჭარაში, და ამ რეგიონის ბიუჯეტი სამჯერ შეკვეცეს“, მითხრა სააკაშვილმა. ის ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა ექვსი პროცენტიდან ნულამდე დაეცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა. „ივანიშვილმა თქვა, რომ პირველი წელი მძიმე იქნება, მაგრამ არ მესმის რატომ გაჩერდა საერთოდ ეკონომიკური ზრდა“.
უნდა ითქვას, რომ დაძაბულობის შექმნაში სააკაშვილმაც შეიტანა წვლილი. გასულ თვეში, როდესაც ათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის მთავარ მოედანზე მისი გადადგომის მოთხოვნით, პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვა წარმოთქვა და ივანიშვილის მთავრობას თავისი პარტიული კოლეგების დაპატიმრებისთვის დაესხა თავს. ლაურენს შითსი კრიზისის საერთაშორისო ჯგუფიდან სხვა ხატ-სურათს გვთავაზობს, რომელიც ზუსტად აღწერს ამჟამინდელ სიტუაციას. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი საქართველოს ლიდერების კოაბიტიცია, ამბობს ის, „წააგავს ორი, ერთმანეთისადმი სულ უფრო მტრულად განწყობილი, საკანში გამომწყვდეული მეტოქის იძულებით ქორწინებას“. სამწუხაროა, მაგრამ ცოტა ხანში მას მერე, რაც მე თბილისიდან წამოვედი, კონფლიქტი ღია კონფლიქტში გადაიზარდა – ივანიშვილის მხარდამჭერების მასა თავს დაესხა მიშას თანაპარტიელების ჯგუფს, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ივანიშვილის აქტივისტები ახლა იმუქრებიან, რომ ალყას შემოარტყამენ პრეზიდენტის რეზიდენციას და მას რეალურად აქცევენ თავის სასახლეში გამომწყვდეულ ტუსაღად. ვითარება დღეს ისეთია, რომ ამ ზღაპარს ბედნიერი დასასრული, ალბათ, ვერ ექნება.
foreignpress.ge