შეთანხმება, რომ საქართველოს ლიდერები ხელისუფლებას გაიზიარებდნენ, სათანადოდ ვერ სრულდება. ბოლო დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება შეეზღუდა. ამას „კონსტიტუციური უმრავლესობა“, კერძოდ კი 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. „ქართული ოცნების“ კანონმდებლებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 85 მანდატი მოიპოვეს. ბ-ნი სააკაშვილის არაერთგზის განცხადებამ, რომ ის არ აპირებს ამ უფლებამოსილების გამოყენებას, ისინი ვერ დაამშვიდა.
4 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარდაჭერის თხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა. ეს ულტიმატუმს ჰგავდა: დაგვთანხმდით, და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან სხვა საკითხებზეც; უარს იტყვით – მომავალში რაიმე ტიპის თანამშრომლობის იმედი ნუ გექნებათ. როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ თამაშზე უარი თქვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 7 თებერვალს მხარი დაუჭირეს ბ-ნი სააკაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო მიმართვის გადადებას, რაც მეორე დღეს უნდა გამართულიყო. საპასუხოდ, სააკაშვილმა თავისი მიმართვის წაკითხვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა, თბილისში ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაგეგმა.
პროტესტანტებმა შეკრება 8 თებერვალს შუადღიდან დაიწყეს. მათ შორის იყვნენ ყოფილი „პოლიტიკური პატიმრები“, რომლებიც მთავრობის ამნისტიის შედეგად ახლახან გამოვიდნენ ციხეებიდან. პოლიციის პატრული სუსტი იყო. თბილისის მერი გიგი უგულავა და მისი მიმდევრები ხალხის მასის გარღვევას და შენობის მთავარი შესასვლელისკენ გზის გაკვალვას შეეცადნენ. რისხვამ იფეთქა და მუშტების ქნევაც დაიწყო. ხუთი ადამიანი დაშავდა. სააკაშვილმა გადაწყვიტა თავისი სიტყვა პრეზიდენტის სასახლიდან წარმოეთქვა.
მხარეებმა უმალ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვირეს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, „ნაციონალმა“ გიგა ბოკერიამ, ამ ფაქტს „საშინელი და სამარცხვინო“ უწოდა. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დემონსტრანტების პროვოცირებაში უგულავა დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ყველაფერი საკუთარ წარსულ ქმედებებს და საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
დაძაბული ატმოსფეროს მიუხედავად, სააკაშვილის გამოსვლა შედარებით თავშეკავებული იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, ძალადობა დაგმო. მეორე დღეს ანალოგიურად მოიქცა პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, გამოხატა რა მზადყოფნა „გონივრულ დათმობებზე“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. სააკაშვილმა მხარეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით სასწრაფო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. დიალოგის გაგრძელებაზე ორივე მხარე დათანხმდა.
მიუხედავად ამისა, კონსტრუქციული ტონი დიდხანს ვერ შენარჩუნდა. სააკაშვილის განცხადებებს პოლიტიკურ დევნაზე 10 თებერვალს ივანიშვილის პასუხი მოჰყვა. პრემიერმინისტრმა პრეზიდენტი „კიდევ ერთი ტყუილის გავრცელებაში“ დაადანაშაულა. (ახლახან გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, ივანიშვილმა BBC-ს უთხრა, რომ სააკაშვილი „პროფესიონალი მატყუარაა“). ვერ შეძლო რა მიებაძა უსუფაშვილის სიმშვიდისთვის მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ დემონსტრაციას უწოდა „ქართული ოპოზიციის ლიდერების მიმართ მასობრივი ანგარიშსწორება კრიმინალთა ბანდის მხრიდან… რომლებიც ციხეებიდან გამოუშვეს“. „პოლიტიკურ საკითხებზე ქუჩის ბრძოლებიდან ფართომასშტაბიან კატასტროფამდე ერთი ნაბიჯია“, დასძინა მან.
პოლიტიკური ტემპერატურა, 8 თებერვლის მოვლენებამდეც იწევდა. თებერვლის დასაწყისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ვანო მერაბიშვილმა (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) აქტივისტებს მუქარისშემცველი ტერმინებით უთხრა, რომ საჭიროა მთავრობის „დასუსტება“ და ამით „საქართველოს დასუსტების“ თავიდან აცილება. კიდევ ორმა დეპუტატმა დატოვა გასულ კვირაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, რამაც ამ პარტიის მომავალზე შიშები ხელახლა გააჩინა.
ჯერჯერობით გაცილებით მეტი სივრცეა შეთანხმებისთვის ამ ორ მხარეს შორის, ვიდრე ეს მათი ლიდერების რიტორიკიდან ჩანს. ორივე მხარე თანხმდება ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მანამდე საპირისპიროს ამტკიცებდა. სააკაშვილი მზადაა დათმოს პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება.
როგორც ეს 4 თებერვალს ამერიკის ელჩმა აღნიშნა, პოლიტიკური მტრობა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. ხშირად, პოლიტიკა საქართველოში იმ გზით ვითარდება, რასაც ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი „ქართულ ბორძიკს“ უწოდებს: ერთი ნაბიჯი წინ, სამი მეოთხედი ნაბიჯისა – უკან. ქვეყნის ლიდერებმა უნდა აჩვენონ მსოფლიოს, რომ მათ ცეკვა შეუძლიათ.
foreignpress.ge