სამართალდამცავ უწყებებში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვის სერიები კვლავ გრძელდება. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, „ნაციონალური მოძრაობის“ „ამაყ“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ, ხოლო კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს ოთხსაათნახევრის განმავლობაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარება „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას“ უკავშირდება.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, მანამდე კი, ყოფილი დიპლომატი და დედაქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში, დაკითხვაზე 12:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე მხარდამჭერთან ერთად გამოცხადდა და ხელისუფლებას ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დასდო ბრალი.
როგორც for.ge-ს დაკითხვიდან გამოსულმა ჭიაბერაშვილმა განუცხადა, ამ პროგრამის ფარგლებში, გამოძიების ჩატარება ბევრ პოლიტიკურ კითხვას აჩენს.
მისი ინფორმაციით, დაკითხვაზე, სამართალდამცავები დასაქმების მაძიებელთა პროგრამის მიზნებით დაინტერესდნენ. კერძოდ, წინა მთავრობამ რის გამო მოამზადა ეს პროგრამა.
„ეს პროგრამა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მიზნით მომზადდა. დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ნებისმიერმა მთავრობამ ყურადღება უნდა დაუთმოს. გამოძიებაც ადასტურებს, რომ მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული, რის შესახებაც ჩემი მხრივ, მათ ინფორმაცია მივაწოდე. თუმცა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოძიების ჩატარება ბევრ პოლიტიკურ კითხვას აჩენს - რაში სჭირდება ხელისუფლებას კითხვის ნიშნის დასმა იქ, სადაც ეს საჭირო არ არის. ხელისუფლებამ ჩვენს მიერ მომზადებული ბაზა უნდა აიღოს, რომელიც 25 ქალაქში გაკეთდა და ის ქვეყნის მასშტაბით უნდა სრულყოს. სჯობს, მათ პოლიტიკურ შანტაჟს თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ“, - განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვის პარალელურად, სამართალდამცავთა კითხვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პასუხობდა, რომელიც დაკითხვაზე 16:00 საათზე გამოცხადდა.
უნდა ითქვას, რომ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც საოლქო პროკურატურაა განთავსებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოჩენას „ნაციონალური მოძრაობის“ 100-მდე მხარდამჭერის ტაში მოჰყვა, რომლებიც მანამდე დაიშალნენ, სანამ ვანო მერაბიშვილმა სამართალდამცავი უწყება დატოვა. არადა, 16:00 საათისთვის ნაციონალთა აქტივისტებმა შეკრება დაიწყეს და თავიანთი ლიდერის პროკურატურაში დაბარება ტრანსფარანტებით „ხელები შორს ვანოსგან“ გაააპროტესტეს. მართალია, ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა მობილიზება შეძლო, მაგრამ დისლოკაციის ადგილზე მიყვანილ მოქალაქეებს ის შემართება აკლდათ, რასაც წლების განმავლობაში საზოგადოება ხედავდა.
დაკითხვაზე შესვლამდე, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ წინა მთავრობის მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის სახლში ამაყად შევიდოდა, დაკითხვიდან გამოსულმა კი, აქცენტი ნეპოტიზმზე გააკეთა:
„ერთადერთი, რაც ქვეყანაში გაკეთდა, არის ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ნათესავები, მეზობლები და ოჯახის წევრები იმ თბილ და რბილ კაბინეტებში მოაწყო, რომლებიც თავის დროზე, ძველმა ხელისუფლებამ ააშენა. სხვა მხრივ კი, ქართველ ხალხზე არავინ ფიქრობს. საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები არათუ არ შეიქმნა, არამედ 92 ათასზე მეტი უმუშევარია. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ის დაპირება, რომელიც დადო და თქვა, რომ დაკითხვაზე ვანო მერაბიშვილს მესამედ მოიყვანდა და ამით ვალდებულების შეუსრულებლობას დააბალანსებდა, რომელითაც იგი უკვე ცნობილია, კი ბატონო, მე დიდი სიამოვნებით მოვედი, არ დამეზარება და დიდი სიამოვნებითაც ჩვენს მიერ აშენებეულ ამ მშვენიერ შენობებს დავათვალეირებ, სადაც სამწუხაროდ, დღევანდელი რეჟიმის ნათესავები და ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, ადრე თუ გვიან, საქართველოში ხელისუფლება მოვა, რომელიც რიგითი მოქალაქეების დასაქმებაზე იზრუნებს და მთელ ქვეყანას საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადააყოლებს.
„ივანიშვილის დავალებით 2 000 სოციალური აგენტი დაუკითხავთ და მინდა თითოეულ მათგანს, რომელიც დაკითხეს და დაკითხავენ ბოდიში მოვუხადო. ამავე დროს, მინდა, რომ ყველა სოცაგენტს მადლობა ვუთხრა, რომ მათ ძალიან მრავლრიცხოვანი მონაცემთა ბაზა შეადგინეს და 600 ათას ოჯახში იმყოფებოდნენ, რისი მოწმეც მთელი საქართველოა. ფაქტია, რომ დღევანდელი მთავრობა დასაქმებაზე არ ფიქრობს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალების 20-მდე მხარდამჭერმა, რომელთა შორის მერიის თანამშრომლები და იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძეც იმყოფებოდა, დაკითხვის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის ავტომობილამდე მიცილება განიზრახეს, რის გამოც, მათ ფეხით 50 მეტრის გავლა მოუწიათ, ქუთაისური მასპინძლობით დარცხვენილმა ყოფილმა პრემიერმა კი, მათ გასაგონად იხუმრა - „წითელ ხალიჩაზე კი არ მივდივარ და მადონა კი არ ვარ, რომ მომყვებით“.
საოლქო პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია ვანო მერაბიშვილმა სწორედ ამ სიტყვებით დატოვა, თუმცა, შესაძლოა მას ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მისვლა ისევ მოუწიოს, რადგან საქმეზე გამოძება გრძელდება.
პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის ივლისიდან, საქართველოს 25 ქალაქში დასაქმების აგენტების მიერ შესაბამისი კითხვარების შევსება და მონაცემების ელექტრონულ ბაზებში შეყვანა ინტენსიურად მიმდინარეობდა.
„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივისა და მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილების საფუძველზე, 2012 წლის 3 სექტემბერს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ“ ბრძანება გამოსცა, რომლის შესაბამისად ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, შტატგარეშედ, საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები 21 837 პირს გაუფორმდა, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული ააღრიცხვო სამუშაოები უნდა შეესრულებინათ. როგორც გამოძიებით გაირკვა, ზემოაღნიშნულ 21 837 პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების ირგვლივ არავითარი ინფორმაცია და დავალება არ მიუღია, მათ არც რაიმე ტრენინგი ჩატარებიათ და არ გადასცემიათ კითხვარები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში უნდა შევსებულიყო. მიუხედავად ამისა, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ყველა მათგანს სს „ლიბერთი ბანკის“ შესაბამის ფილიალებში ხელფასის სახით 240 ლარი დაერიცხათ. სულ, ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 240 880 ლარია გადარიცხული“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, პროკურატურის ცნობით, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოწმის სახით 2000-მდე პირი დაიკითხა, რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს, რაც საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკების დარიგებაში, პარტიული აგიტააციისა და პროპაგანდის განხორციელებაში გამოიხატებოდა.