უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე ცილისწამებისთვის ნაციონალების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. საქმე ისაა, რომ 8 თებერვლის არეულობის შემდეგ ნაციონალებმა მელორ ვაჩნაძე, ნანა კაკაბაძესთან ერთად, პოლიციისთვის მითითებების გამცემად დაასახელეს. უფრო შორს წავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და აღნიშნა: 8 თებერვალს შს მინისტრი მელორ ვაჩნაძე იყო და არა - ირაკლი ღარიბაშვილი. ეს მაშინ, როცა პროცესზე დაკითხულმა რვა მოწმემ განაცხადა, რომ მელორის მხრიდან წესრიგის დარღვევა არ მომხდარა.
როგორია მელორ ვაჩნაძის თვალით დანახული 8 თებერვალი და ციხიდან გამოსვლის შემდეგ როგორ შეხვდა ადამიანს, რომელმაც მას ცილი დასწამა, ამ ყველაფერზე For.ge-ს მელორ ვაჩნაძე ესაუბრა.
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ თქვენ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებთ ცილისწამების გამო.
- მართლაც ცილისწამება მოხდა ჩემს მიმართ, როდესაც ნაციონალები აცხადებენ, თითქოს, მე ვმართავდი პროცესებს და თურმე, მე ვარ ფარული შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე, ჩემს შესახებ განაცხადეს, რომ თურმე უნდა დავისაჯო. ისიც იცრუეს, თითქოს, პოლიციამ შუამდგომლობით მიმართა, რომ ასლარიანი ჯარიმით შემოფარგლულიყო სასამართლო და მოსამართლეებს არ ჰქონდათ საშუალება უფრო მკაცრად დავესაჯე. სინამდვილეში, 15 დღე მოითხოვეს ჩემთვის და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დადასტურდა ჩემი ბრალეულობა, რადგან ძალიან პატარა დოზით იყო გადაცდენა ჩემს საქციელში. მთელი დღის მანძილზე ვიცავდი წესრიგს და პირიქით, ვეხმარებოდი სიტუაციის განმუხტვაში. მეორე ფაქტორი იყო, რომ პარალელურად მიმდინარეობდა გურამ დონაძის სასამართლო პროცესი და იგი მკვლელობაში გაწეული დახმარებისთვის იყო ბრალდებული, ანუ ბევრად მძიმე დანაშაულში იმხილებოდა. ამ დროს მას უშვებენ გირაოთი და ჩემთვის კიდევ სასჯელი მოეცათ?! მე მგონი, ეს დიდ უსიამოვნებას და აღშფოთებას გამოიწვევდა საზოგადოებაში. ამიტომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და კუბლაშვილის სასამართლომ გამომიშვა. თანაც ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ასეთი გამოშვებით არ დაისჯებოდა მეორე მხარე. ამ დროს კი მეორე მხარემ, თბილისის მერმა, იგინა კიდეც და ადამიანებს ხელითაც შეეხო. ფიქრობდნენ, მორატორიუმის მსგავსი გამოუვიდოდათ. თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია, თუ უფრო მეტად სურთ ჩემი დასჯა, დიდი სიამოვნებით დავისჯები, ოღონდ მთავარია, ისინი დაისაჯონ. როდესაც მოვუსმინე შს მინისტრს, ძალიან მესიამოვნა. მან განაცხადა, რომ არავის ოფისში არ მიაკითხავს და არ ჩამოართმევს ჩვენებას. როგორც მე ერთი ზარის შემდეგ ჩემი ფეხით ავედი და ღამე გავატარე დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, ყველა იმ დოზით უნდა დაისაჯოს, რაც დააშავეს. თუ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს კუბლაშვილის სასამართლო, ამას ისევე დაინახავენ ადამიანები, როგორც ჩემს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ჟურნალისტები და მათ სიმართლე დაინახეს.
ჩემი სარჩელის მიზეზი ის არის, რომ ორი დღის მანძილზე ჩემს შესახებ საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობა“, თითქოს მე ვარ ციხიდან გამოშვებული კრიმინალი, თურმე ფული გადავუხადეთ ნანა კაკაბაძეს, რომ სტატუსი მიგვეღო. ეს არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ამას საუბრობდა როგორც გიგი უგულავა, ისე თენგიზ გუნავა. ასევე, ლევან ბეჟაშვილი ამბობდა ჩვენზე, თუ რატომ არ დავისაჯეთ. ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ ასლარიანი შუამდგომლობით შევიდა პოლიციაო. ფაქტობრივად, ის ატყუებდა საზოგადოებას, არადა, მას თავისუფლად შეეძლო მიეღო ინფორმაცია, ჟურნალისტები იქ იყვნენ, გამოეთხოვა მასალა და არ შეეყვანა საზოგადოება სიცრუეში. ასევე, გიგა ნასარიძე, რომელიც იმეორებს იმავეს, რასაც ზურაბ ჯაფარიძე და ითხოვს, კიდევ უფრო დავისაჯო. თუ ასეა, კუბლაშვილის სასამართლოს უჩივლოს, მე რას მიჩივის?!
თქვენი სარჩელის კონკრეტული ადრესატები კიდევ ვინ არიან?
- თეა თუთბერიძე, ირმა ნადირაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებენ, რომ ჩვენ ფული გადავუხადეთ ნანა კაკაბაძეს. ზურაბ ჯაფარიძეს და თენგუზ გუნავას ვუჩივი იმ ბრალდებებზე, რაც რეალურად არ არსებობს. ვფიქრობ, მოვიდა დრო, როცა პოლიტიკოსებმა თავიანთი სათქმელი უნდა გააკონტროლონ.
ბევრი პოლიტპატიმარი მონაწილეობდა იმ დაპირისპირებაში, თუმცა პირადად თქვენ რატომ გამოგარჩიეს?
- მთელი ცხოვრება აქტიური ვიყავი, ახლაც აქტიური ვარ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ჩემდამი მათი დამოკიდებულება.
როგორ გაიხსენებთ ციხეში გატარებულ პერიოდს? საპროტესტო აქციის დროს თქვენი, როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წევრის, დაკავებას დაემატა ოჯახური დაპირისპირებაც.
- რაც შეეხება ოჯახურ თემას, ამასთან დაკავშირებით არსად ვაკეთებ განცხადებას, რადგან შვილი მეზრდება და ნამდვილად არ მესიამოვნება, ჩემს შვილს გული დავწყვიტო რამეზე, თუნდაც რამეში მართალი ვიყო, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაჭერით ძალიან წინ გადადგეს ნაბიჯი იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში. სოდის, კუდის, პატრულის თანამშრომლები იყვნენ თუ ყოფილი დეპუტატები, მათ ბევრი დივიდენდი მიიღეს, მათ ჩემს წინააღმდეგ ტყუილები თქვეს სასამართლოში. ჩემთვის ბევრი უცხო ადამიანი იყო. ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო დეპუტატმა რომანოზ ბჟალავამ. ეს ყველამ იცის, ზაქარია ქუცნაშვილმაც განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან მის შესახებ, რომ მას რამდენიმე ადამიანის საქმეში მიუძღვის წვლილი...
ციხეში რამდენიმეგზის იშიმშილეთ, თქვენს მიმართ შეურაცხყოფის ფაქტები თუ იყო?
- ვშიმშილობდი პრესის თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ არ გვქონდა რადიო, ხალხს ცუდად ეპყრობოდნენ. როგორც ასეთი, პოლიტპატიმართა გარკვეულ ჯგუფს არ გვეხებოდნენ, მაგრამ ვახტანგ მაისაია გაილახა, რადგან შიმშილობისას თანადგომა გამომიცხადა. მათ არ სურდათ ამყოლოდა ბევრი პოლიტპატიმარი. პერიოდულად სულ ვშიმშილობდით, ამით გამოვთქვამდით პროტესტს, ვცდილობდით, ჯერ ჩვენი, შემდეგ სხვისი უფლებები დაგვეცვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც მცირეოდენ წარმატებას ვაღწევდით. ჩვენს პრინციპულობას, შიმშილობას შედეგი მოჰქონდა. იყო ფაქტი, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ხელდასმულ, მართულ პატიმრებს იყენებდნენ. ისინი კონფლიქტში შემოსვლას ცდილობდნენ და ვითომ დისკომფორტს მიქმნიდნენ, მაგრამ სასჯელის მოხდის პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. 3 ათასზე მეტი ადამიანი იყო, თითქმის ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ერთეული პატიმრები ვერაფერს ახერხებდნენ.
თქვენი თანასაკნელი გიქმნიდათ პრობლემებს?
- გლდანის ციხეში იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი თანასაკნელიც იყო ამ საქმეში ჩართული. უამრავი ნაცემი ადამიანი მყავს ნანახი. მართალია, ცემას პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ არაერთი დალურჯებული პატიმარი ვნახე. მათ შორის, როცა სასამართლო პროცესზე მივყავდი, ან კიდევ, ფანჯრიდან ვხედავდი, საკაცით როგორ გაჰყავდათ ნაცემი ადამიანები. ბევრის ნაიარევი მაქვს ნანახი. უბრალოდ, ერთადერთი წამება ჩემთვის რაც იყო, რომ არაადექვატურად მკურნალობდნენ. შესაბამისი პირობები არ იყო, უეცრად დამემართა ისეთი დაავადებები, რომლებიც, წესით, შემთხვევით არ ემართება ადამიანს. არსებობდა ეჭვი, რადგან მიყალბებდნენ დასკვნებს. ეს იყო სისხლის მოწამვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ყოვლად უკანონოდ წელიწადზე მეტი ვყავდით როგორც მე, ისე ლევან გოგიჩაიშვილი სამარტოო საკნებში გამოკეტილი და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდნენ ჩვენზე.
ლევან გოგიჩაიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისელების მიმართ ციხეში ყველაზე მეტი შეტევა ხორციელდებოდა.
- ეს მართლაც ასე იყო, ჭაკუას და მკურნალიძეს თბილისელებთან მეგობრობის სურვილი არ ჰქონდათ. ერთი მათგანი სამეგრელოდან იყო, მეორე - ზესტაფონიდან და ცდილობდნენ, თბილისელების მიმართ აგრესია გამოეხატათ. მეც მქონდა უამრავი კონფლიქტი მათთან, ასევე - დეპარტამენტის მთავარ ექიმთან ასათიანთან. უამრავი საჩივარი მქონდა მათზე დაწერილი. ვიძახდი, რომ დავით ასათიანი ხელს უწყობდა ამ ხალხის წამებასა და ცემას, რადგან არაერთი ნაცემი და გულის შეტევით გარდაცვლილი პატიმარი იყო. დავით ჭაკუასა და მკურნალიძის ნაცემი ხალხი ბევრჯერ მინახავს. ბევრჯერ განხორციელდა ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა და ამას სხვა პატიმრებიც შესწრებიან.
დღესდღეობით ბევრი პოლიტპატიმარი რევანშზე საუბრობს, თუმცა მიტევების შესახებაც ბევრჯერ თქმულა. თქვენ რა განწყობით დატოვეთ ციხე?
- პირადად მე არ ვარ ციხიდან გამოსული რევანშისთვის, მაგრამ დამნაშავეები კანონმა უნდა დასაჯოს. ქუჩაში შემხვდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა, რომ სასამართლო პროცესის ჩატარების შემთხვევაში, იტყვიან სიმართლეს, თუ ვინ დააძალა ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. იყო შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ მოიყვანა სასამართლოზე მოწმე და მან განაცხადა, რომ დაძალებით ჰქონდა დაწერილი ჩვენება და მე მხოლოდ ტელევიზორიდან მიცნობდა, მაგრამ მაინც არ გამათავისუფლეს. ოქმებში დაფიქსირდა ეს ყველაფერი, ახლაც ჩვეულებრივად ვესალმები ამ ადამიანს და არ მაქვს ის გრძნობა, გავუსწორდე და ვეჩხუბო. მოვა ამის დროც, როცა სასამართლო გათავისუფლდება და სამართლიანი სასამართლო იმსჯელებს, თუ რა მოტივაცია ჰქონდა როგორც პროკურატურას, ისე გამომძიებელს, მოსამართლეს, იმ მოწმეებს, რომლებმაც სარგებელი მიიღეს ჩემი საქმიდან გამომდინარე.
კონკრეტულად, რა სარგებელი მიიღეს ე.წ. მოწმეებმა?
- ძალიან ბევრმა თანამდებობები მიიღო. ასევე, ადამიანი, რომელთანაც ახლა კარგი ურთიერთობა მაქვს და ვისთანაც ტელევიზიასთან დაპირისპირება მომივიდა - ნიკა ავალიანი, ერთ კვირაში მინისტრის მოადგილე გახდა და კინოს სახლში ფილმს იღებდა. უამრავმა ადამიანმა, ვინც ჩემზე ცუდი თქვა, სარგებელი ნახა. ვფიქრობ, წლების მანძილზე ეს ადამიანები კომფორტულად ცხოვრობდნენ, კომფორმიზმით იყვნენ დაკავებულნი და მე ციხეში ვიჯექი. ამიტომ კანონმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.