ორიოდე წლის წინ თვით აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ვიდადი აბასოვმა საკუთარ ხალხს მოუწოდა, წასულიყვნენ დათმობაზე დავითგარეჯის კონკრეტულ მონაკვეთთან მიმართებით, რადგან ეს ქართველთათვის წმინდა ადგილი იყო.
„ჩვენ, აზერბაიჯანელებს, ოდესმე იქ გვილოცია? აგვიშენებია ეს კომპლექსი? მაშ, კეთილგანწყობილნი ვიყოთ ქართველების მიმართ, წავიდეთ დათმობაზე“, - ამბობდა ვიდადი აბასოვი და ეჭვობდა, რომ ბოლშევიკებმა საზღვარი გამიზნულად გაატარეს იმგვარად, რომ ქართველებისთვის წმინდა ადგილის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩენილიყო, რათა ეს შემდგომში ორ ხალხს შორის შენელებული მოქმედების ნაღმი გამხდარიყო.
დღეს ეს შენელებული მოქმედების ნაღმი ქართველთა შორისაც გაუგებრობის შემომტანია და ჩვენი საზოგადოების ნაწილს ვერ გაურკვევია, ივერი მელაშვილი უდანაშაულოა, თუ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით წამგებიან დოკუმენტებზე ხელმომწერი?
ამის შესახებ for.ge- ს თეოლოგი ლევან აბაშიძე ესაუბრა.
რას ნიშნავს ბოლო პერიოდში მომრავლებული განცხადებები, თითქოს დავითგარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის? ეს შემთხვევითი წამოცდენაა ივერი მელაშვილისა და კაკო ბობოხიძის მხრიდან, თუ გამიზნული განცხადება?
- ორივენაირად შეიძლება ეს ნათქვამი გავიგოთ, ეს არის განცხადება მელაშვილის და მის უკან მდგომი ხალხის მხრიდან, მაგრამ მე მინდა, დავიწყო პატარა განმარტებით. თავისთავად იმის თქმა, რომ დავითგარეჯი საქართველოა, ან არ არის საქართველო, უკვე შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. რასაც ჩვენ ვეძახით დავითგარეჯს, ეს არის მონასტრების კომპლექსი, მონასტრების მთელი სისტემა. დიახაც, ამ კომპლექსის გარკვეული ნაწილი არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ამას არავინ დავობს. ეს ქართული კულტურის ძეგლია, ქართული ისტორიაა, მაგრამ ამაზე არავინ დავობს, არც ეკლესია, არც არავინ. ამიტომ, როდესაც თავისი განცხადებებით გამოდის ბატონი მელაშვილი, რომელმაც ძალიან მოირგო პოლიტპატიმრის სტატუსი, თითქოს ნამდვილად პოლიტპატიმარი იყოს, მან უნდა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს, რომელ ტერიტორიას? ბერთუბანს? ბერთუბანზე არავინ არ ეკამათება. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არის ერთი სანტიმეტრი სიზუსტით დადგენილი საზღვარი, როგორც არის, მაგალითად, საქართველოსა და თურქეთს შორის, რადგან საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირსა და თურქეთს, ანუ ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირსა და ნატოს შორის დადებული, იმ საზღვრის თითოეული სანტიმეტრი ვიცით და პრობლემა არ გვაქვს. აზერბაიჯანი კი, მართალია, იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს მსგავსად, მაგრამ იმ პერიოდში მაინც ერთ ქვეყნად ვითვლებოდით და ასე სანტიმეტრობით, საზღვრის ზუსტი დემარკაცია არ მომხდარა. ეს საქმე ახლა უნდა გავაკეთოთ. როდესაც აქ არის გარკვეული სადავო ტერიტორიები, საუბარია სადღაც 100 მეტრზე, სადღაც 50 მეტრზე, მით უმეტეს, აქ საუბარია ჩიჩხიტურის მონასტერთან უშუალოდ მიბმულ ტერიტორიაზე, უდაბნოზე, გინდაც ასი მეტრი იყოს, გინდაც 50 მეტრი და შენ ასე ადვილად აბარებ ამას აზერბაიჯანულ მხარეს, ზუსტად ეს არის საკითხავი. საერთოდ, კომისია რისთვის იქმნება? რომ სადავო ტერიტორიების საკითხი გაარკვიოს. სადავო ცუდი სიტყვაა, ჩვენ აზერბაიჯანთან არ გვაქვს კონფლიქტი, მაგრამ ეს არის გამოსარკვევი ტერიტორიები. თუ შენ ამ ყველაფერს აზერბაიჯანს უთმობ, მაშინ კომისია საერთოდ რისთვის გვჭირდება? კომისია იმისთვისაა, რომ საქართველო შეეცადოს, თავისი ინტერესები დაიცვას, აზერბაიჯანი შეეცადოს საკუთარი ინტერესები დაიცვას. ამ დროს აღმოჩნდა (და ეს მტკიცდება კიდეც), რომ ჩვენ კომისიაში გვყავდა ხალხი და ამ კომისიას მითითებებს აძლევდა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის საქმე. ეს არის ჩვენი უბედურება. ელემენტარულს ვითხოვთ, ქართული მხარის კომისია ატარებდეს საქართველოს და არა მეორე მხარის ინტერესებს.
ივერი მელაშვილი თითქოს შეეცადა, მეორე დღეს გამოესწორებინა საკუთარი ნათქვამი და ახსნა, „მე შემიძლია პოპულისტურად ვთქვა, ფოილოს ხიდამდე სულ ჩვენი ტერიტორიაა, რადგან ერთ დროს საზღვარი იყო ფოილოს ხიდზე, მაგრამ არის დღეს ასე?“ ხომ არ ფიქრობთ, რომ მელაშვილმა ეს თემა კიდევ ერთხელ უნდა დააკონკრეტოს?
- ის გაურბის კონკრეტულ საუბარს, ამიტომ პირდაპირ უნდა ჰკითხონ ჟურნალისტებმა, ჩიჩხიტურთან მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებით ოქმს რომ ხელს აწერდი, ან იმ რუკას არ აჩენდი, რომელიც შეთანხმებული იყო ორივე მხარის მიერ და ამ უბნებში საქართველოს სასარგებლოდ მეტყველებდა, რატომ დამალეთ ის რუკა, რატომ არ გინდოდათ იმ რუკის გამოყენება. აქ არის საეჭვო ნიშნები. მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, თვითონ მელაშვილი არაფერს არ წყვეტდა, მელაშვილი იყო ჩინოვნიკი, რომელსაც, რომ ეუბნებოდნენ, ეს უნდა დათმო, ის თმობდა. მისი დანაშაული, თუ ეს დანაშაულია, არის ის, რომ ამ კომისიაში რჩებოდა და დანაშაულებრივ ბრძანებებს და მითითებებს ასრულებდა. პატიოსანი ადამიანი რომ ყოფილიყო ასეთ კომისიაში და დაენახა, მისი საკუთარი მთავრობა თმობდა ყველაფერს მოლაპარაკების პროცესში, სხვაგვარად მოიქცეოდა. თვითონაც ხომ ამბობდა იმ ფარულ ჩანაწერებში, რომ მითითება ჰქონდა აზერბაიჯანის მხარეს კომისიაში, ერთი გოჯიც არ უნდა დაეთმოთ, ჩვენ კი ვთმობდით და ვთმობდით. მაშინ რა უნდოდა მელაშვილის იმ კომისიაში? კარგით, ვთქვათ, იმდენი ძალა არ ჰქონდა, ხმა აემაღლებინა და საჯაროდ ეთქვა, რაც ხდებოდა, წასულიყო მაინც კომისიიდან. რატომ იღებდა ამაში მონაწილეობას? იგივე იყო ნიურნბერგის პროცესიც, დამნაშავე ხალხი თავს იმართლებდა, ჩვენ ბრძანებას და კანონს ვასრულებდითო. რა კანონს ასრულებდნენ, არ უნდა დაფიქრებულიყვნენ? ეს არის სრული დემაგოგია, ტელევიზიაში რომ მივიდა და ინგა გრიგოლია ჩაეხუტა, ჟურნალისტი საქმის არსში უნდა შევიდეს და ისე არ უნდა მოიქცეს, რომ, თუ ვინმე მთავრობის წინააღმდეგია, ის თურმე ანგელოზია.
ყოფილ ხელისუფლებას შეეძლო, გაესხვისებინა ქართული ტერიტორიები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ინტერესი ჰქონდათ?
- ეს გამოძიების საქმეა, შეიძლება, აზერბაიჯანი სულ სხვა რამეს უთმობდა მათ, შეიძლება ფინანსური ინტერესები იყო, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ, როდესაც აშკარად ხედავ, რომ შენი წარმომადგენელი შენს ინტერესს არ იცავს, ყველა უნდა აღშფოთდეს ამაზე. ფაქტია, ილიჩოვა და მელაშვილი ყველაფერს უთმობდნენ აზერბაიჯანულ მხარეს, ისინი იყვნენ პაიკები ამ თამაშში, მათ უკან იდგა მაშინდელი ხელისუფლება, ეს ყველაფერი ხდებოდა 2005-2007 წლებში. 2006 წელს, თუ 2007-ში პირველად დადგა აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მთელი ისტორიის განმავლობაში. არადა, ჩიჩხიტურსა და უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არასდროს არ იდგნენ. შენ თუ დაუთმობ, დადგება, აბა, რას იზამს. როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, ბერთუბანი მაინც აზერბაიჯანის მხარესაა, აქ არის საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხზე, იყო თუ არა სამშობლოს ღალატის დანაშაული ჩადენილი. ღალატი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ პირდაპირ ჯიბეში ჩაუდო ფული მელაშვილს, ღალატი ისაა, რომ ვიღაცას რაღაც ინტერესები ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის თუნდაც ასი მეტრის დათმობის ხარჯზე. ეს უნდა გამოვარკვიოთ და ასეთ დროს არ უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი, ვინ ვის მისცა ხმა, ვინ ვის პარტიას ემხრობა, აქ ქვეყნის ინტერესებია მთავარი. სამწუხაროდ, გამოდის სრულიად არაკომპეტენტური აკაკი ბობოხიძე, ვინ ეკითხება საერთოდ რამეს ბობოხიძეს, ან მანდატი აქვს, ან დეპუტატია, თუ კარტოგრაფია? ის არავინ არ არის და ამ დროს ამბობს, რომ ეს ტერიტორია თითქოს ჩვენი არ არის.
ასეთი განცხადებების მიზანი იმის გადაფარვა ხომ არ არის, რაც ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს გარეჯთან მიმართებით?
- დიახ, ამით ამ საკითხის გადაფარვა სურთ. ეშინიათ, რადგან ეს ყველაფერი ბოლომდე თუ მივიდა, შეიძლება დიდ სკანდალში აღმოჩნდნენ და იმდროინდელ მაღალჩინოსნებზე გავიდნენ. პროკურატურა როგორც ამბობს, მათ ბევრი მტკიცებულება აქვთ, ოღონდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ამხელენ სხვა დეტალებს, გამოძიება გრძელდება. რადგან ეს ხელისუფლება ვიღაცას არ მოსწონს, ე.ი. არც გამოძიებაა სანდო, არც სასამართლო? როცა ცდილობ, ჰუმანური ადამიანის როლი მოირგო და განაცხადო, რომ მელაშვილი უდანაშაულოა, ჯერ ერთი, რა იცი, რომ უდანაშაულოა, ე.ი. ამით ადანაშაულებ ათობით გამომძიებელს, მოსამართლეს, გამოდის, ყველა ნაძირალა ყოფილა?
მთელი ამ პროცესის განმავლობაში იყო მცდელობა, სასულიერო პირები, მათ შორის, მამა კირიონი დაედანაშაულებინათ ამ ადამიანების დაჭერაში. სასულიერო პირს რისი გაკეთება შეეძლო ასეთ შემთხვევაში?
- მამა კირიონს რამდენი ტალახი შეაყარეს, მე ვიცნობ მამა კირიონს, ბერები გარეჯში ცხოვრობენ და ზუსტად იციან, იქ რაც ხდება. წლების განმავლობაში მელაშვილი რამხელა შეურაცხყოფას აყენებდა ამ ბერს, ბერ-მონაზვნებს, შენ არაფერი იციო, ამ დროს იქაურმა ბერებმა იციან ყველაფერი, მათ შორის, ისიც, სად იდგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ჩვენ გვყავს ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც, როდესაც მიდიოდნენ ბერთუბანში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან იღებდნენ ამის უფლებას, ხოლო, როდესაც ჩიჩხიტურში მიდიოდნენ, არანაირი უფლება არ სჭირდებოდათ. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩიჩხიტურის ფერდზე დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მადლობა ღმერთს, დროზე მივუსწარით, ეს ყველაფერი საბოლოოდ არ არის გაფორმებული, მაგრამ ახლა ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობა გვაქვს, როგორც სოზარ სუბარმა თქვა, დაკარგული მაინც არ არის ეს ტერიტორია, მაგრამ ჯობდა, აქამდე მოგვარებულიყო ეს საკითხი. თუმცა, ჩვენი პოლიტიკოსები თუ იძახიან, რომ ჩიჩხიტური აზერბაიჯანისაა, უდაბნო აზერბაიჯანისაა, აზერბაიჯანელები ამას გამოიყენებენ, ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ფეისბუკზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ზოგიერთები კიდევ გამოდიან და ფულს აგროვებენ ამ ადამიანებისთვის, სინამდვილეში, არაფერი არ იციან. მე არ ვამბობ, ესენი დამნაშავეები არიან თუ არა, არ ვარ ამაში კომპეტენტური, მაგრამ ჩვენი ხალხის ნაწილმა, ვინც ამათ ამართლებს, რა იცის, რომ ისინი უდანაშაულონი არიან?!
ბოდბელ მეუფე იაკობს აინტერესებს, ილიჩოვა რატომ არის ხსენებულ კომისიაში, რომელმაც ქართულიც ვერ ისწავლა? ასეთი კომისიები სიფრთხილით რატომ არ კომპლექტდებოდა? და საერთოდ, რას ნიშნავს მეუფე იაკობის განცხადება, რომ, თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს, სასულიერო პირები დაიბრუნებენ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთს?
- მართალი გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს გვარს, თუ ადამიანი ქართულ საქმეს აკეთებს? ჩვენ ილიჩოვა უნდა აღვიქვათ, როგორც საქართველოს მოქალაქე. ყოფილან რუსები, რომლებიც საქართველოს პატრიოტებად ითვლებოდნენ. რაც შეეხება იმას, რომ ქართული ვერ ისწავლა ილიჩოვამ, ესეც ერთ- ერთი ნიშანია. დავითგარეჯის სადავო მონაკვეთის დაბრუნებათან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ სასულიერო პირი სახელმწიფო საკითხებში არ უნდა ჩაერიოს, სასულიერო პირმა შეიძლება მიმართოს საკუთარ მთავრობას, რაც მოხდა კიდეც, მამა კირიონი არაერთგზის სთხოვდა სახელმწიფოს, მიეხედა ამ საქმისთვის, რადგან რაღაც ცუდი ხდებოდა.
საერთოდ, რა გააკეთა ამ კომისიამ? რაიმე დადებითი თუ გაგვიკეთა ქართველებს?
- ჯერჯერობით არაფერი, უარყოფითის გარდა. ასეთ კომისიაში მყოფი ადამიანი უნდა იყოს პატიოსანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესს დაიცავს და უნდა იყოს პროფესიონალი. მელაშვილი არც კარტოგრაფია და, როგორც ჩანს, საქართველოც ფეხებზე ჰკიდია, შეურაცხყოფაში ნუ ჩამომართმევთ, ვიმეორებ, ეს ილიას სიტყვებია.
რაც შეეხება 200 ათასიანი მასშტაბის რუკას, მელაშვილი უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ ეს რუკა ხარვეზიანია და ჩვენს სასარგებლოდ არ გამოდგება. დღემდე რატომ ხდება ამ რუკის იგნორირება?
- სინამდვილეში, პროფესიონალი კარტოგრაფები ძალიან კარგად ხსნიან, რომ ეს რუკა ერთადერთია, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ. 1936 წელს, როდესაც ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა სამი რესპუბლიკა, ეს რუკები იყო მთავარი და ეს რუკები ბევრ ადგილას ჩვენს სასარგებლოდაა, მათ შორის, ამ მონასტრის ტერიტორიის თვალსაზრისითაც. ჩვენს სასარგებლო რუკას რომ შეინახავ უჯრაში და დამალავ, რად უნდა ამას ამდენი უდანაშაულობის პრეზუმპციით სპეკულირება. რა უნდათ ამათ, მართლა სურთ, მთელი საქართველო გადაიკიდონ? ხომ არ შეიძლება, ვიწრო პარტიულ ინტერესებს შესწირონ საქართველოს ინტერესები? რაღაც ხომ არსებობს? მეც რომ ვიღაცამ მითხრას, ტაო-კლარჯეთი საქართველოაო, ვეტყვი, გაჩერდი რა, დღევანდელი ტაო-კლარჯეთი ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა. კი ბატონო, ისტორიულად ძეგლები ჩვენია, მაგრამ ვერ ვეტყვით თურქეთს, გადმოგვეცით ჩვენი ისტორიული ტერიტორია. მაგრამ დავითგარეჯის კომპლექსთან მიმართებით საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა ხელი მოაწერა იმ ასი მეტრის აზერბაიჯანისთვის გადაცემას, როცა იცოდა, რომ აშკარად შეიძლებოდა იმ ასი მეტრისთვის ბრძოლა და ადვილი იყო, ასი მეტრი ჩვენ დაგვრჩენოდა. ეს ადამიანი როდესაც ზოგადად ამბობს, რომ ტერიტორია აზერბაიჯანისაა, უნდა ჩაეკითხონ ჟურნალისტები, რა არის აზერბაიჯანის? ჩიჩხიტურის სამხრეთი ფერდი როდის მერე გახდა აზერბაიჯანის? რატომ მოაწერე ამას ხელი? იმიტომ, რომ უფროსობამ გითხრა? რატომ დამალე ეს ფაქტი?