„პოლიტიკურ დაკავებებს ქვეყანაში ადგილი არ აქვს“

„პოლიტიკურ დაკავებებს ქვეყანაში ადგილი არ აქვს“

„გავიდა ასი დღე, რაც ახალი ხელისუფლება უფლება-მოსილებაში შევიდა. გვინდა თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ გვესმის ის მძიმე მემკვიდრეობდა, რაც მას დახვდა. გვესმის, რომ მყისიერ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ისიც გვესმის, რომ იმდენი პრობლემა დაგროვდა ბოლო წლების განმავლობაში, რომ ცოტა რთულია სწრაფი ეფექტის მიღება და არც უნდა ველოდოთ, რომ მთელ რიგ სფეროებში მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, მაგრამ არის თემები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. არის მიდგომები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამ საკითხებზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ“, - განაცხადა „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას.

მისი თქმით, ქართული საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით შემაშფოთებელი ტენდენცია იკვეთება. გიორგაძე ამბობს, რომ დღესაც ვერ ხერხდება იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შედეგებს მოგვცემდა. მისი თქმით, ვითარების გაუარესებასთანაც კი გვაქვს საქმე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ გაუგებარ დაკითხვებზე დაბარებამდეა დასული, არის პოლიტიკური რიტორიკა და ნაკლები საქმე.

მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ის პირები, რომლებსაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევალებათ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და წინა დანაშაულებრიც რეჟიმს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მან თავი დაიმკვიდროს, როგორც ერთადერთმა ოპოზიციურმა ძალამ, ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ეცხო და ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგეს, როგორც დაჩაგრულთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის.

მამუკა გიორგაძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ ნახევარზომებით საქმე არ კეთდება, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რეალურ შედეგს მოიტანს. დღეს კი საპირისპირო ხდება და „სახალხო პარტიის“ ლიდერი თვლის, რომ თავისი ქმედებებით ხელისუფლება ხელს უწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოყალიბდეს ერთადერთ ოპოზიციურ ძალად. გიორგაძე მიიჩნევს, რომ 8 თებერვლის მოვლენები ძალიან ნიშანდობლივი იყო და ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა საშუალება, რომ თავისი თავი წარმოეჩინა, როგორც მებრძოლი ოპოზიცია.

„ჩვენ რა თქმა უნდა, გვესმის იმ გამწარებული ადამიანების, რომლებიც იქ საპროტესტოდ იყვნენ მისულები, თანავუგრძნობთ მათ, მაგრამ სრულიად გაუგებარია ხელისუფლების ქმედებები, როდესაც მათ წამიერ ადამიანურ სიამოვნებას ანაცვალეს სერიზული სახელმწიფოებრივი საქმე და „ნაცმოძრაობას“ მისცეს ერთი მხრივ, პროვოცირების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, ამ ცინიკური განცხადებების გაკეთების საშუალება. ამიტომ ნამდვილად არ მინდა შინაგან საქმეთა მინისტრის რიტორიკაში ის სიტყვები ვიხილო, რომლებითაც წინა ხელისუფლების შს მინისტრი სარგებლობდა, როდესაც ის ოპოზიციის ქმედებებს მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს აძლევდა. არამედ მინდა მოვუწოდო ირაკლი ღარიბაშვილს, ცოტა უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რადგან საქმე გვაქვს პროფესიონალ პროვოკატორებთან. ამის თქმის უფლება მე ნამდვილად მაქვს, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ როდესაც იგივეს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, ამას საპასუხო კომპლექსური ღონისძიებებიც უნდა მიაყოლოს“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.

მისი თქმით, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული. თუმცა გიორგაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია იმ მიმართულებით, რომ თითქოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა და ამიტომ ბუნებრივია, მხოლოდ ძალოვანი უწყებები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის ქმედებები („ნაციონალური მოძრაობის“) ისევ გაგრძელდება.

მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ბოლო დროს სიტუაცია ისეა წარმოჩენილი, თითქოს, ქვეყანაში მშვიდობა „ნაცმოძრაობის“ პოზიციაზე არის დამოკიდებული. მისი თქმით, დემოკრატია ბალანსით და წონასწორობით მიიღწევა, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც მზად არის იმისათვის, რომ ნებისმიერ დროს ქვეყანას შეუქმნას პრობლემა, ეს ძალა გამაწონასწორებლად ვერ გამოდგება.

„რომელ პოლიტიკურ დარეგულირებაზეა საუბარი, როდესაც „ნაცმოძრაობა“ ბიუჯეტიდან იღებს მილიონ ლარს და თავის (როგორც სამართლიანად აღინიშნა) პროფესიულ პროვოკატორულ საქმიანობას ახმარს? ბუნებრივია, როდესაც ასეთი ზარზეიმით ხვდებიან ბაქრაძე და უსუფაშვილი ერთმანეთს და საზოგადოებაში ეს წარმოჩინებულია ისე, თითქოს, მოცემულობაა ასეთი, იქ „ნაცმოძრაობას“ ეძლევა საშუალება, დემაგოგიურად მათგან კონტროლირებადი მედიის მეშვეობით წარმოაჩინოს ისე, თითქოს, ქვეყანაში მშვიდობა „ნაცმოძრაობის“ პოზიციაზეც არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უფრო მკვეთრი, სწორი, თანმიმდევრული ნაბიჯებით იქნეს ქვეყანაში მშვიდობა მიღწეული, „ნაცმოძრაობას“ კი აღარ მიეცეს შესაძლებლობა, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა გააგრძელოს“, - ამბობს გიორგაძე.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია გაიხსნას საჯარო სივრცე და ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობა მიეცეს, ხოლო თუ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან განდევნის საშუალება არ იქნება, ისე მაინც მოხდეს, რომ ის ერთ-ერთ რიგით ოპოზიციურ პარტიად გადაიქცეს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია სააკაშვილს გამოვართვათ ასანთი, რათა მან შენობას ცეცხლი არ წაუკიდოს, აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ სააკაშვილს ასანთის გარდა სანთებელაც აქვს და მოქმედი კანონმდებლობით ცეცხლის დანთების კიდევ სხვა საშუალებებიც გააჩნია. ამიტომ, თუ ჩვენ კომპლექსურად არ შევეცდებით იმას, რომ პროვოცირებისა და საფრთხეების შექმნის საშუალებები შევუმციროთ, უახლოეს მომავალში ნამდვილად სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს მამუკა გიორგაძე.    

ბატონო მამუკა, „ნაციონალური მოძრაობამისი წევრების პოლიტიკურ დაკავებებზე საუბრობს. რას გვეტყვით ამაზე?

- სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ დაკავებებს. ჩვენ ვხედავთ დაბარებებს, რომლის შემდგომაც დასაკითხად დაბარებულები ცინიკურ განცხადებებს აკეთებენ. ან მეორე ვარიანტია - ვხედავთ გათავხედებულ ზოგიერთ ჩინოვნიკს, რომელიც ამბობს, რომ დაკითხვაზე არ მივა და მას იქით უნდა მიაკითხონ, თითქოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა რაღაც მომსახურების სფეროს დაწესებულებებია. ამიტომ, საჭიროა, კანონის სრული დაცვით, ნაკლები პოლიტიკური შეფასებებით სამართლებრივი საკთხების უფრო წინ წამოწევა. არანაირ პოლიტიკურ დაკავებებს საქართველოში ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება გიგი უგულავასა და მერიის თანამშრომლების დასაკითხად დაბარებას, ამას თუ უკავშირებთ პოლიტიკურ თემატიკას?

- ეს პოლიტიკასთან არ უნდა დაკავშირდეს. როდესაც ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთადერთ პოლიტიკურ ოპოზიციად არის მიჩნეული, სწორედ მაშინ იღებს ეს პოლიტიკურ დატვირთვას. თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად იქნება აღქმული, ასევე საკონსტიტუციო კომისიაში სხვა პოლიტიკური პარტიებიც იქნებიან წარმოდგენილები, იგივე მედიითაც სხვა პოლიტიკურ ძალებს თუ მიეცემათ საკუთარი ხედვების წარმოჩენის საშუალება, მაშინ „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთი რიგითი ორგანიზაცია აღმოჩნდება და შესაბამისად, ეს პოლიტიკურ დატვირთვაც მოიხსნება.