აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს. ზურაბ აგლაძე აკადემიის ოფიცრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარუდგინეს.

„ის არის გამოცდილი კადრი, რომელიც კარგად გაართმევს თავს იმ მიზანს, რაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიად გადაქცევას გულისხმობს. მისი ხედვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვას ემთხვევა, ჩვენ გვინდა რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დაგვეხმაროს განათლებული, მოაზროვნე ოფიცერთა კორპუსის აღზრდაში“ - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.

ახალი რექტორი აკადემიის კურსდამთავრებულია. მას უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში, 2005-06 წლებში კი სწავლობდა აშშ-ის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში. აშშ-სა და საბერძნეთში გავლილი აქვს ქვეით ოფიცერთა ძირითადი, რეინჯერთა წვრთნის და სამშვიდობო ოპერაციების კურსები.

1998-2009 წლებში ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სხვადასხვა დროს იყო საჩხერის ბატალიონის, მე-5 ქვეით ბრიგადის, სახმელეთო ძალების მეთაური. 2007 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ერაყში, კოალიციური ძალების შტაბ-ბინაში.