უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2014 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას არ დაუშვებდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ამერიკულ პორტალ Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მაშინ პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ყირიმში ყველანი მოვკვდებოდით, მაგრამ „მწვანე კაცუნებს“ არ შემოვუშვებდით. „მწვანე კაცუნები“ რომ არ შემოგვეშვა ყირიმში, რუსეთი სეპარატისტებს ვერ დაეხმარებოდა და აღმოსავლეთ უკრაინაში არ იქნებოდა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მწუხარებით აღნიშნა, რომ ნორმანდიის ფორმატში ყირიმის ოკუპაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„არის საკითხები, რომელიც ნორმანდიის ფორმატის დღის წესრიგში არ დგას, კერძოდ, ყირიმი. როდესაც ნორმანდიის ფორმატის პირველ შეხვედრას დავესწარი, არ მესმოდა, რატომ არ ვსაუბრობდით ყირიმზე. ყველა პარტნიორმა მითხრა, რომ ყირიმი დღის წესრიგში არ დგას. მაშინ პარტნიორებსა და რუსეთს ვკითხე: დაასახელეთ ის მოედანი, სადაც დღის წესრიგი ყირიმზე საუბარს ითვალისწინებს. თუ გინდათ მითხრათ, რომ არ უნდა გავიხსენოთ, რომ ყირიმი ჩვენი ტერიტორიაა? როგორც ახალი პრეზიდენტი, ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. არ მსურს ეს და ამას არასდროს მივიღებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.