საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე საკუთარი უწყების 100-დღიანი მუშაობა შეაჯამა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სიმბოლური ანგარიშია, რადგან იგი გეგმავს, მინისტრად დანიშვნიდან 6 თვის თავზე საზოგადოებას მისი უწყების მუშაობის უფრო სრული, დოკუმენტური ანგარიში წარუდგინოს.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობისა და კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსთვის, ეს არ იყო მარტივი 100 დღე. მინისტრი ამბობს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მისი სამინისტროსთვის მიცემული დავალება შეესრულებინა. ეს დავალება კი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი იყო გაფუჭებულის გამოსწორება, რის მექანიზმადაც სამართლიან სამართლებრივ სისტემის შექმნაზე მუშაობა ჩაითვალა. მეორე კი იყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყანას წინ წაიყვანდა.
თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის აქცენტების გადალაგება მოუწია.
„მე დამხვდა სამინისტრო, სადაც მთავარი აქცენტი კეთდებოდა სამშენებლო სამუშაოებზე და ჩემი წინამორბედი პრაქტიკულად ორი რამით იყო დაკავებული - ბათუმის, სიღნაღის (ზოგადად კახეთის), ლაზიკის და სხვა ამგვარი სამშენებლო პროექტების უშუალო ხელმძღვანელობა. სამინისტროს მე-9 სართულზე, სადაც მინისტრის კაბინეტია, კარადაში სხვადასხვა არქიტექტურული პროექტების ესკიზები დღესაც ინახება, რომლებსაც მე ალბათ მომავალში საქართველოს ერთ-ერთ რომელიმე მუზეუმს გადავცემ. ჩემი წინამორბედის საქმიანობის მეორე მთავარი მიმართულება პროკურატურა და სადამსჯელო ღონისძიებები იყო. ამიტომ მე პირველ რიგში აქცენტების შეცვლაზე ზრუნვა მომიწია“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სტრატეგიული განვითარების სააგენტო“ გააუქმა. ეს უწყება უშუალოდ იუსტიციის მინისტრს ექვემდებარებოდა და მისი მთავარი ფუნქცია ლაზიკის და სხვადასხვა ტურისტული პროექტების მშენებლობა იყო. წულუკიანი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის ფუნქცია ტურიზმზე ზრუნვა არ არის. სამაგიეროდ, მინისტრის განცხადებით, დღეს მთავარი აქცენტი სამართალშემოქმედებაზე კეთდება და წულუკიანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამართალშემოქმედების დეპარტამენტის გაძლიერებაა. მისი თქმით, ეს დეპარტამენტი ძალიან დასუსტებული დახვდა, რადგან კანონშემოქმედება მანამდე იუსტიციის სამინისტროსთვის მთავარი საქმიანობა არ იყო. მინისტრი ამბობს, რომ მეორე მთავარი აქცენტი ანალიტიკურ დეპარტამენტზე გაკეთდა, რომელიც სამართალშემოქმედების დეპარტამენტისგან განსხვავებით, ძლიერი დეპარტამენტი იყო და არის. წულუკიანის თქმით, ამ ორი დეპარტამენტის დახმარებით ხორციელდება ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში გამოვიდა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მანამდე არ არსებობდა. მინისტრის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობა შესაბამისი განყოფილების მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელიც სამმართველოს დონეზე არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა პიარ-სტრატეგია, რომელსაც დეპარტამენტი უხელმძღვანელებდა. მინისტრის განმარტებით, მისთვის თვითმიზანი დეპარტამენტის არსებობა კი არ არის, არამედ მისთვის მთავარია, რომ ამ დეპარტამენტის დახმარებით იუსტიციის სამინისტრო (რომელიც ადეიშვილის დროს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სამინისტრო იყო) საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გახსნილი იყოს. წულუკიანი ამბობს, რომ დღეს იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ღია სამინისტროა და ამაში იგულისხმება ის, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი კანონ-პროექტი მინისტრს მთავრობის სხდომაზე არ გაუტანია მანამ, სანამ მას არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წევრ ექსპერტებთან ერთად არ განიხილავდა.
„ღიაობაში ასევე ვგულისხმობ იმას, რომ სამინისტროში, მათ შორის მთავარ პროკურატურაში იმ პირებს, რომლებსაც მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაცემა ევალებათ, ჩემი მითითებით აეკრძალათ შაბლონური და მოქალაქის თავიდან მოსაცილებელი წერილების დაგზავნა. მე თავად მაქვს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილი (როდესაც ოპოზიციაში ვიყავი), სადაც ჩემს კითხვაზე - გთხოვთ, მაცნობოთ, რა თანხები შედის საქართველოს ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების შედეგად? პასუხად მივიღე, რომ ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე იყო განთავსებული და შემეძლო მას გავცნობოდი. რა თქმა უნდა, ეს იყო ტყუილი, ამგვარი ინფორმაცია სამინისტროს ვებ-გვერდზე არასოდეს ყოფილა. ეს წერილი შენახული მაქვს და ბოლომდე შევინახავ როგორც ნიმუშს, როგორ შეიძლება იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქე მოატყუოს“, - ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში ამგვარი მიდგომა აიკრძალა და მკვიდრდება კულტურა, რომლის თანახმადაც საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ მოქალაქეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეტალური პასუხი გაეცემა. ამასთანავე, წულუკიანი ამბობს, რომ ღიაობაში მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა არ იგულისხმება. მისი განმარტებით, მას დახვდა სამინისტრო, სადაც თანამშრომლებმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, მათ შორის არც ის, თუ ვის რამდენი ჰქონდა ხელფასი. ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში მომუშავე პირების ანაზღაურება არათანაბარი იყო. კერძოდ, ერთსა და იმავე სამუშაოს შემსრულებელ პირებს სხვადასხვა ოდენობის ხელფასი და პრემიები ერიცხებოდათ. წულუკიანის თქმით, იყო შემთხვევაც, როდესაც დეპარტამენტის ხელმძღვანელს მის მოადგილეზე სამჯერ ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ახლა კი იუსტიციის სამინისტროში თანაბარი თანამდებობების მქონე და ერთი და იგივე მოცულობის სამუშაოს შემსრულებელ პირებს, ერთნაირი ხელფასები და პრემიები აქვთ და ანაზღაურება გაწეული სამუშაოს მიხედვით ინიშნება.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიული გეგმა აქვს, მაგრამ ეს გეგმა დამაკმაყოფილებელი არ არის. ამიტომ მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ერთი თვის წინ პირველი შეხვედრა მოაწყვეს, რომელზეც სტრატეგიული გეგმის გადააზრება დაიწყო და ამ მუშაობას მარტში უკვე დეპარტამენტებში გააგრძელებენ, რათა იუსტიციის სამინისტროს გაზაფხულზე განვითარების განახლებული სტრატეგიული გეგმა ჰქონდეს. ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოხელის უცვლელობის პრინციპი, რომელიც სახელმწიფოს განგრძობადობის ერთ-ერთი წინაპირობაა და წულუკიანი ამბობს, რომ თავის უწყებაში ეს პრინციპი დაამკვიდრა.
„თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც საქართველოში ხელისუფალი იცვლებოდა, იცვლებოდა ყველა საჯარო მოხელე. ხდებოდა მათი იძულება, რომ დაეწერათ განცხადებები და სამსახურიდან წასულიყვნენ და ეს იყო კულტურა. ეს იწვევდა იმას, რომ საჯარო მოხელეს სასამართლოში ჩივილის უფლება არ რჩებოდა. იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დაახლოებით 155-მდე შტატია და ჩემი იქ მისვლიდან დღემდე სულ 2-3 პირია შეცვლილი, დანარჩენი ყველა ადგილზეა და აგრძელებს მუშაობას. ეს არის ის პრინციპი, რომელიც დღევანდელ საქართველოში ძნელად დასაცავია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა მოწოდებულია შექმნას ერი-სახელმწიფო და არა ისეთი სახელმწიფო, რომელიც რყევადია იმისდა მიხედვით, თუ ვინ მოვა ქვეყნის სათავეში“, - აღნიშნავს მინისტრი.
მისი თქმით, სამინისტროს მოქალაქეებთან ურთერთობის საკითხიც შეცვლილია და მინისტრად წულუკიანის დანიშვნიდან დღემდე მხოლოდ მის სახელზე 5432 განცხადებაა შესული და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას მისი არსებობის მანძილზე ამგვარი რამ არ ახსოვს. მინისტრის თქმით, ამ განცხადებებიდან ერთ მესამედს პირადად გაეცნო და იმედი აქვს, რომ დანარჩენი ორი მესამედის გაცნობის საშუალებაც მიეცემა და თავის მრჩევლებზე მათი გადაბარება არ მოუწევს.
თეა წულუკიანმა მისი უწყების მიერ წარმოებულ კანონშემოქმედებით საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქედან უპირველესი არის სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით პარლამენტში შესული კანონპროექტი, რომელიც უკვე ერთი მოსმენით არის განხილული. მინისტრის განმარტებით, ამ კანონპროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა მთლიანად იცვლება და მისი ბოლომდე დეპოლიტიზაცია ხდება. ამასთანავე, წულუკიანი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების დიდი ნაწილი იქნება შენარჩუნებული, მაგრამ მათი არჩევის წესი მთლიანად იცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს კანონი შევა ძალაში, საქართველოს მართლმსაჯულებას ექნება ისტორიული შანსი, რეფორმები განახორციელოს შიგნიდან. კერძოდ, წულუკიანის თქმით, მოსამართლეებს ექნებათ შანსი, შიგნიდან დაგეგმონ ცვლილებები და არ მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლის მართლმსაჯულების რეფორმაში ჩარევა.
„ჩვენ მოსამართლეებს ვაძლევთ კარგ კანონებს იმისთვის, რომ თუ საჭიროა დისციპლინური პროცედურების მეშვეობით, შიგნით თვითონ ჩაატარონ წმენდა და თვითონ განსაჯონ, რა არის მართლმსაჯულების მენეჯმენტისთვის საჭირო, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შიგნიდან. დღეს ეს შიგნიდან ვერ ხდება, რადგან მართლმსაჯულებას აკონტროლებს ერთი კაცი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სამი-ოთხი ე.წ. თავმჯდომარე მოსამართლის მეშვეობით. იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიაში უზენაესი სასამართლოს და სხვადასხვა სასამართლოების თავმჯდომარეები სხედან და დღევანდელ მართლმსაჯულებაში თავისი ადგილი არ აქვთ. ჩვენ გვინდა ამ რეფორმით რიგით მოსამართლეს მართლმსაჯულების რეფორმის საქმეში მისი კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მან განაცხადა, რომ პარლამენტში პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონპროექტიც შეიტანა. მინისტრის თქმით, იმ მახინჯი სისტემის გამო, რომელიც მისმა წინამორბედმა საკუთარი თავისთვის შემოიღო, იუსტიციის მინისტრი აგრეთვე პროკურორია და შეუძლია სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს, რაც წულუკიანის თქმით, სიმახინჯეა. იგი ამბობს, რომ მთავარ პროკურორთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც იუსტიციის მინისტრს ძალაუფლება შეეკვეცება და ეს თავად მინისტრის ინიციატივით ხდება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და არ შეიძლება იგი ამავე დროს, პოლიტიკური მდევნელი იყოს. დღეს იუსტიციის მინისტრს შეუძლია მაღალჩინოსნები დააკავოს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას აქვს. ამ ჩინოვნიკებს შორის არის პრეზიდენტი, გენერალური შტაბის უფროსი, დეპუტატები, მინისტრები და ა.შ. წულუკიანი ამბობს, რომ ეს უფლებამოსილება მინისტრს არ უნდა ჰქონდეს და აღარ ექნება. მისი თქმით, პროკურატურის რეფორმა სხვა ცვლილებებსაც გულისხმობს. მათ შორის საკადრო ცვლილებებით მთლიანად მთავარი პროკურორის უფლებამოსილება იქნება და ამაში იუსტიციის მინისტრი აღარ ჩაერევა.
„გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პროკურატურაზე საუბარს არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი. იუსტიციის სამინისტროს გამგებლობის ის სფერო, სადაც არ მეყო ეს 100 დღე, რომ სერიოზული ცვლილებები წამომეწყო (გარდა პროკურატურის შესახებ კანონის მართლაც ძალიან მასშტაბური რეფორმისა) არის თავად პროკურორები. ამ 100 დღეში მე არ დამცალდა, რომ მთავარ პროკურორთან ერთად მიმეხედა ადეიშვილის იმ პროკურორებისთვის, რომლებმაც გაანადგურეს ოჯახები, კაბინეტებში იბარებდნენ ბიზნესმენებს და აპატიმრებდნენ, თუკი ისინი სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიზნესის ჩუქების ხელშეკრულებას არ მოაწერდნენ ხელს. აი ეს არის ერთადერთი, რისი დაწყებაც 100 დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე“, - ამბობს მინისტრი.
მან ასევე ისაუბრა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის განხილვაში, რომელიც პარლამენტში მომავალ კვირაში შევა, არასამთავრობო სექტორი მონაწილეობდა და ასევე მინისტრმა მადლობა გადაუხადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელი სპეციალურად ამ კანონპროექტზე სამუშაოდ კანადიდან ჩამოვიდა. წულუკიანი ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს შრომის კოდექსი, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს დასაქმებული შეუძლია მონურ მდგომარეობაში ამყოფოს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვას სამსახურიდან, თუკი ცუდ ხასიათზე გაეღვიძება. ამ ცვლილებების შედეგად კი დაბალანსებულ შრომის კოდექსს მივიღებთ.
მინისტრმა მისი უწყების მიერ შემუშავებულ კიდევ ერთ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც ნოტარიუსთა პალატას ეხება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ნოტარიუსთა პალატას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ნოტარიუსები ირჩევენ, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მათ ამ პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება არ აქვთ. ნოტარიუსთა პალატას თავიანთივე ხელმძღვანელის კანდიდატს ექსკლუზიურად იუსტიციის მინისტრი წარუდგენს, რითაც წულუკიანის თქმით, ნოტარიუსთა პალატის თვითმმართველობითი ფუნქცია ნულამდეა დაყვანილი. თეა წულუკიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ იუსტიციის მინისტრს ეს ძალაუფლება აღარ ჰქონდეს და ნოტარიუსებს პალატის თავმჯდომარის პოსტზე თვითონ შეეძლოთ მათთვის სასურველი კანდიდატურის წარდგენა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში და პირველად ვარდების რევოლუციის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ მოუსმინა ადვოკატებს, რაც აქამდე არც ერთხელ არ მომხდარა. მინისტრის განმარტებით, სწორედ ადვოკატთა ასოციაციასთან კოსულტაციის შედეგად შემუშავდა საპროცესო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და მომავალ კვირაში ეს კანონპროექტი უკვე პარლამენტში შევა.
ამის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დასაკითხად დაბარებას პოლიტიკურ დევნასთან კავშირი არ აქვს. ხელისუფლება და პარტია ერთმანეთთან კავშირში იყო და გამოძიების მიხედვით, სავარაუდოდ, პარტიული საქმიანობა ფინანსდებოდა ნაგვისა და დენის ერთმანეთზე მიბმით. კერძოდ, როგორც წულუკიანმა განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აქტივისტები სავარაუდოდ მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ.
„გამოძიებით დგინდება, რომ ფული, რომლითაც, ფაქტობრივად, ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ ამოღებული იყო ნაგვისა და დენის ერთმანეთზე მიბმით. კერძოდ, შეიქმნა ფიქტიური სამუშაო ადგილები, რომელსაც აფინანსებდნენ ამ ცვლილებით ამოღებული ფულით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იგი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარის გამოძიებას უშლის ხელს.
„თბილისის მერი, გიგი უგულავა უარს ამბობს დაკითხვაზე გამოცხადებაზე და ამასთან, ამბობს, რომ იგი არის მსხვერპლი. გამოძიებას ექმნება პრობლემები იქიდან გამომდინარე, რომ უგულავა წინააღმდეგია აღწეროს ის მოვლენები, რაც მის ირგვლივ 8 თებერვალს განვითარდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ყვირილს და წუწუნს არჩევს“, - აღნიშნა მინისტრმა.