სომხეთის მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სომხეთის მთავრობა ოფიციალურ ბაქოს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
„კერძოდ, სომხეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მოსახლეობის რიგი უფლებები დაარღვია. საუბარია წამების გამოყენებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ხელშეუხებლობის უფლებასა და საკუთრების უფლებაზე“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.
2020 წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.