„ეს არის იგივე ხალხი, რომელმაც ილიას ესროლა, მაშინ, ილია კლასობრივ მტრად, ხოლო ქართული იდენტობა იმად გამოაცხადეს, რასაც თოფი უნდა ესროლო“

„ეს არის იგივე ხალხი, რომელმაც ილიას ესროლა, მაშინ, ილია კლასობრივ მტრად, ხოლო ქართული იდენტობა იმად გამოაცხადეს, რასაც თოფი უნდა ესროლო“

დავით ზარდიაშვილის შეფასებით, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებულები: ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებთან ერთად მოქმედებენ, რომელთა სათავეში სავარაუდოდ, სწორედ, ისინი დგანან, ვისთანაც დანაშაულის დაგეგმვის კვალი მიდის. ანალიტიკოსის განცხადებით, გამოძიება დიდი ალბათობით, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და იტყვის, ვინ არის ამ უმძიმესი დანაშაულის დამკვეთი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ დავითგარეჯი საქართველო არ არის და საზოგადოებას, მათ შორის სასულიერო პირებს, რომლებიც საპირისპიროს აცხადებენ, ურაპატრიოტიზმში სდებს ბრალს. ბატონო დავით, რეალურად რა ინტერესი ამოძრავებს მელაშვილს, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფო საზღვრის დადგენა?

დავით ზარდიაშვილი: სწორედ ეს არის გასაგიჟებელი. თავისი ხელით დახაზა რაღაცა, სადაც ჩიჩხიტური საზღვარს გარეთ მოაქცია და ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც ტიპოლოგიურად, არის საქართველოს იდენტობისთვის ძირის გამოთხრა. გინდა ილიას ესროლე, გინდა ეს დანაშაული ჩაიდინე. ტიპოლოგიურად ერთი და იგივე კატეგორიის დანაშაულია. არ მგონია, რომ ნორმალური ადამიანისთვის ეს საკამათო საკითხი იყოს.

მაგრამ გახდა საკამათო. კომისიის წევრი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ გარეჯი არ არის საქართველო და მას ტაშს უკრავს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ისევ რევოლუციით მოვიდეს ხელისუფლებაში...

– იმიტომ გახდა საკამათო, რომ ესეც იდენტობის საკითხია. აქ ლაპარაკი არ არის მარტო პოლიტიკურ იდენტობაზე, არამედ ლაპარაკია ეროვნულ და ადამიანურ იდენტობაზე. ჩვენი იდენტობა რა არის? – რაც ილიამ თქვა – მამული, ენა, სარწმუნოება. საქართველოში არის განსხვავებული კატეგორიის ხალხი, რომელიც ასე არ ფიქრობს. მათ სხვა რაღაცეები აინტერესებთ. როცა ამ ღირებულებას და ნორმა–პრინციპებს ეჯახებიან, ვიღებთ იმ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს. კაცი, რომელიც გამოდის და იძახის, რომ რაღაცა კონტექსტი არსებობს და დავითგარეჯი საქართველო არ არის, ის ქართველი არ არის და ეს არის ფაქტი - გადაგვარებული არსებაა. ესენი ვიღაც, სხვა ხალხია, ჩვენიანები არ არიან.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რაც კი მოთხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველა მიწა გაუფორმა, მაგრამ მელაშვილი რომ დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა, ეს ცხადია. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია ბრალდებულთა წრე, რომლებმაც დაგეგმეს ეს დანაშაული?

– მელაშვილი არის შემსრულებელი. არის რაღაცა კონტექსტი, რის გამოც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლება შეთანხმდა, ამას მელაშვილი ხომ არ გადაწყვეტდა? საქართველოს ტერიტორიის გასხვისებას მაგას ვინ ეკითხებოდა! ეგ იყო რიგითი მუშაკი, რომელსაც ტექნიკური სამუშაო უნდა შეესრულებინა და არა გადაწყვეტილების მიმღები კაცი, რომელსაც საქართველოს საზღვარზე ვინმე ჭკუას ჰკითხავდა. ეს იმთავითვე გადაწყვეტილი ამბავი იყო. ახლა კონტექსტია მოსაძებნი – როგორ დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ, რა პირობებით შეთანხმდნენ და თან ისე, რომ საქართველოს იდენტობის ერთ–ერთი სიმბოლო, დავითგარეჯი მოექცა აზერბაიჯანის მხარეს? აქ ეს არის საინტერესო.

დანაშაული მოხდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რის საფასურად, რატომაც მივედით ამ მდგომარეობამდე?

– ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ კონტექსტის მქონე ხალხისთვის სახელმწიფო, როგორც ღირებული, არ არსებობს. მათ სხვა რამე აინტერესებთ. მარტივად, რომ გითხრათ, ეს არის ფული და ძალაუფლება. დღეს ძალაუფლებისთვის მიდის პოლიტიკური ბრძოლა. საქართველოში ორი პოლიტიკური იდენტობის ბანაკია, ერთი, ეს არის ნაცები, რომლებიც იმთავითვე ამბობდნენ, რომ ჩვენ ერი, სახელმწიფო არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი კოორპორაცია, ეს ტერიტორია უნდა ვმართოთ და რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა ვნახოთ. ეს არის მათი პრინციპები.

ამ შემთხვევაში სარგებელი რა არის?

– მეტი პოლიტიკური მოგება, მეტი ძალაუფლება და მეტი კეთილდღეობა, სხვა არაფერი არ აინტერესებთ. ეს არის იგივე გენერაციის ხალხი, რომელმაც ილიას ესროლა. მაშინ, მათ ეს კონტექსტი მონახეს და ილია კლასობრივ მტრად გამოაცხადეს. ქართული იდენტობა იმად გამოაცხადეს, რასაც უნდა ებრძოლო, თოფი უნდა ესროლო. დღეს, იგივეს აკეთებენ ნაცები. ოღონდ მათთვის რამე კლასობრივი იდენტობა კი არ არის მნიშვნელოვანი, საერთოდ არ აინტერესებთ, იმიტომ დავარქვი მაგათ ყიზილბეშები, ანუ წითელი ხუთიანი, რომლის უკან არაფერი არ დგას გარდა ფულისა და ძალაუფლებისა.

ვერავინ ვერ გადამარწმუნებს იმაში, რომ სააკაშვილს და მის მომხრეებს მეტი ფულისა და ძალაუფლების გარდა, სხვა რამ აინტერესებთ, როგორც იმ ბოლშევიკებს, რომლებმაც ილიას ესროლეს. დღეს, ტიპოლოგიურად აბსოლუტურად იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ისინი ამბობენ, რომ გარეჯი არ არის საქართველო, რატომ? იმიტომ, რომ წინააღმდეგობაში მოდის მათ იდენტობასთან. მათი მიზანია ხელისუფლების დამხობა, რომ მეტი სარგებელი ნახონ, მათი იდენტობა ეს არის და სხვა არაფერი. აგერ, დავით ზურაბიშვილი გამოვიდა და წარმოგიდგენიათ რას კადრულობს? ჩვენ გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას იმიტომ, რომ თურმე რაღაცა კონტექსტი უნდა გაგვეთვალისწინება, როცა მელაშვილის სამართლიანად ვუწოდეთ მოღალატე. არავითარი სხვა კონტექსტი – „გარეჯი საქართველო არ არის“, ამ ფრაზას ქართველი სხვანაირად ვერ გაიგებს, თუ არა ღიად გამოცხადებულ მტრობას.

მელაშვილი, რომელიც ეთერიდან ერთერში გადადის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებთან ერთად, ზუსტად იგივე განცხადებას ახმოვანებს, რასაც გამოძიება ედავება. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რას ემსახურებოდა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაო?

– მოდით, ასე შევხედოთ, პროკურატურამ ისინი დროებით გამოუშვა. თითქმის გარანტირებულია, რომ მათ მიუსჯიან და საკამოდ მძიმე საპატიმრო სასჯელი ელოდებათ, რადგან საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან. სისხლის სამართალში არის ასეთი ხრიკი, რასაც გამოძიება იყენებს - კვალში ჩაუდგება დამნაშავეს, რათა უფრო მსხვილ დამნაშავესთან მივიდეს, ეს კაცი იქიდან გამომდინარე გამოუშვეს – რას გააკეთებს, ვისთან წავა და ვინ არის ის წრე, სადაც უნდა ეძებონ უფრო მსხვილი დამნაშავე. მელაშვილი იყო რიგითი შემსრულებელი, ის არ ყოფილა გადაწყვეტილების მიმღები.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ეს საქმე გახსნა, ღიად თქვა, რომ ამის უკან დგანან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მელაშვილს შეასრულებინეს ეს დანაშაული. მელაშვილი გამოდის და თავად ყვება ამ ბოროტმოქმედების არსს. ეს ფაქტია, ახლა პროკურატურას არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ მიჰყვეს კვალს, ვინც ეს დაავალა. უკვე ჩანს და აშკარაა, რომ ამ ბოროტმოქმედებაზე პოლიტიკური პასუხისმგებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“.

პუბლიკა, რომელიც იმ ეთერში შეიკრიბა, სწორედ ისინი არიან, ვინც ამ დანაშაულს არამარტო ამართლებენ, არამედ დღესაც ამტკიცებენ, რომ გარეჯის გაყიდვა დანაშაული არ არის, არამედ მისი აღკვეთაა დანაშაული. ანუ, იქამდე უნდა მივიდეთ, რომ საქართველომ იდენტობა დაკარგოს. ქართველები უნდა გაუცხოვდნენ გარეჯისგან. ეს პოლიტიკურად იმდენად მკაფიოა, რომ არ სჭირდება დამატებითი მტკიცება.

ელოდებით, რომ პროკურატურა შეძლებს დაასახელოს დამკვეთები? უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებული იქნებიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები...

– ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დამნაშავე შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული პიროვნება, ასევე იურიდიული პირი. ფიზიკური პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს, არიან: სააკაშვილი, ბეჟუაშვილი, ბოკერია, თუნდაც კალანდაძე, მაგრამ აქ მთავარია, რომ იურიდიული პირი „ნაციონალური მოძრაობა“ არის დავითგარეჯის გამყიდველი. ეს ფაქტი მტკიცდება. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია. ამ ქვეყანაში, რომ სამართალი იყოს, მართლმსაჯულება ამ ორგანიზაციას საერთოდ აკრძალავდა, როგორც დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელმაც გაბედა და საქართველოს იდენტობაზე ხელი აღმართა.

რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, იმ წლებში, როდესაც ეს დანაშაული დაიგეგმა და განხორციელდა, მისი ხელმძღვანელი იყო კაპიტანი ეკა გიგაური...

– ამ ილიჩოვაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი, არარაობაა. მთლიანობაში საქმე გავქვს დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან, რომელიც დაცლილია ყოველგვარი სინდის–ნამუსისგან, აბსოლუტურად სხვა იდენტობის ხალხი არიან. არ შეიძლება ისინი აღვიქვათ თანამოქალაქეებად, ესენი არიან ქვეშევრდომები იმისი, რასაც სააკაშვილი და მისი მმართველობა ჰქვია. რატომ იცავენ თავს ილიჩოვა და მელაშვილი? რატომ არიან შეტევაზე გადმოსული ეს ენჯეოები? იმიტომ, რომ სააკაშვილის სისტემაში, ამ საყიზილბაშოში სხვა იდენტობის ადამიანები არიან და ესენი არიან მტრული ძალა. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აკრძალონ, ამას ველოდები სამართლისგან. დამერწმუნეთ, ეს აუცილებლად მოხდება.

არაგველი641 "კაცი, რომელიც გამოდის და იძახის, რომ რაღაცა კონტექსტი არსებობს და დავითგარეჯი საქართველო არ არის, ის ქართველი არ არის და ეს არის ფაქტი - გადაგვარებული არსებაა. ესენი ვიღაც, სხვა ხალხია, ჩვენიანები არ არიან."
- სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს ბ-ნი დავითი
3 წლის უკან