„იძულების წესით, ხელბორკილდადებული უნდა მიეყვანათ გიგი უგულავა“

„იძულების წესით, ხელბორკილდადებული უნდა მიეყვანათ გიგი უგულავა“

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მათმა უმეტესობამ დაკითხვაზე მისვლა არ ისურვა.

პირიქით, გიგი უგულავამ უკვე მეორედ თავისთან დაიბარა გამომძიებლები, რაზეც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუმარტა, რომ იძულებით წესით წაიყვანდნენ დაკითხვაზე. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა გიგი უგულავას საკმაოდ ვრცლად აუხსნა საკუთარი უფლებები. კერძოდ ის, რომ ქალაქის მერი საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომლის მიმართ საპროცესო კანონმდებლობა არავითარ პრივილეგიებსა და შეღავათებს არ ითვალისწინებს. ამდენად, გიგი უგულავას, როგორც ნებისმიერ სხვა მოწმეს, არ აქვს თბილისის მერიაში ან სახლში გამომძიებლების დაბარების უფლება.  

ამის დასტურად, ირაკლი ღარიბაშვილმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლი მოიშველია, რომლის თანახმადაც, მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნას „დასაკითხის ყოფნის ადგილას“, თუ არსებობს ამის აუცილებლობა, მაგალითად, თუ იგი ავადმყოფია, ან სხვა მიზეზის გამო არა აქვს ფიზიკური გადაადგილების უნარი ან შესაძლებლობა. თუმცა, რამდენადაც შსს-სთვის ცნობილია, ქალაქ თბილისის მერს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შემზღუდავი რაიმე გარემოება არ გააჩნია.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარიც. მან აღნიშნა, რომ გამომძიებელთან გამოუცხადებლობა და ის ტონი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბრობენ, თავხედობაა.

For.ge დაინტერესდა, რაიმე სამართლებრივ საფუძველს ემყარება თუ არა ქალაქის მერისა და ნაციონალი დეპუტატების დაკითხვაზე გამოუცხადებლობა. 

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ, თუ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაშინ სამართალდამცავი ორგანოები ისე უნდა მოიქცნენ, როგორც მოიქცეოდნენ რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში, ანუ ისინი უნდა მისულიყვნენ იძულების წესით.

„ორი თუ სამი პოლიციელი უნდა მისულიყო, ან რამდენიც საჭირო იქნებოდა და იძულების წესით, ხელბორკილდადებული უნდა მიეყვანათ გიგი უგულავა, მასაც უნდა მიეცა ჩვენება და შემდეგ ისევ უნდა გამოეშვათ. ეს არის დღეს მოქმედი კანონის ნორმა. თუ უგულავას გაწერილი აქვს დღის გრაფიკი, მაშინ შეიძლება სთხოვოს,  დაკითხვა გადაუვადონ და სხვა დღეს მივიდეს. ეს სულ სხვა ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ ის, რომ მე საერთოდ არ მივალ და აქ მეახლეთო, ეს დაუშვებელია. როდესაც ასეთი მიდგომა, კანონის აბუჩად აგდება და ზემოდან ქედმაღლურად ყურება აშკარაა, რა თქმა უნდა, იქ კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. არის დადგენილება პირის დაკითხვაზე იძულებით მიყვანის შესახებ, ხოლო, თუ იძულებით მიყვანილი უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, მაშინ ეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განმარტავს ადვოკატი.

მისივე თქმით, კანონში წერია, რომ, თუ დეპუტატს ბრალს უყენებენ და ბრალდებულად ცნობენ, მაშინ არის საჭირო პარლამენტის ნებართვა. თორემ მოწმედ დაკითხვაზე ეს არ არის გაწერილი. თუმცა, დეპუტატს დაცულობის უფრო მაღალი ხარისხი აქვს და აქ კიდევ შეიძლება თავშეკავებას ჰქონდეს ადგილი, ვიდრე ქალაქის მერს. უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ქალაქის მერის შემთხვევაში, ეს იყო სრული აბსურდი, როდესაც მას ეახლნენ და ამან გამოიწვია ის თავხედობა, რომ კიდევ  აგრძელებს ადგილზე დაკითხვის მოთხოვნას.

„რაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს უნდა განეცხადებინა სწორედ მაშინ და დღეს აღარ იქნებოდა ამის პრობლემა“, - ასეთია გელა ნიკოლაიშვილის პოზიცია.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის ნაციონალი წევრები უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც ფაქტებით დადასტურებულია და ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს. მეტიც, ისინი მოტივაციის გარეშე ურტყამდნენ საზოგადოების წარმომადგენლებს. თუმცა, ადვოკატის თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და შს სამინისტრომ პირველ ეტაპზე დაუშვა გამონაკლისი, როდესაც გიგი უგულავას თავად ეახლნენ დაკითხვის მიზნით. ეს პრეცენდენტი კი არასამართლებრივი იყო, რადგან მსოფლიოს არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში გამომძიებელი არ ეახლება რომელიმე ჩინოვნიკს ან თანამდებობის პირს, როგორი მაღალი რანგის პირიც არ უნდა იყოს და რა დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე. ამ გამონაკლისით კი სამართალდამცავებმა დაარღვიეს კანონი.

„ეს ადამიანები თავს არიდებენ დაკითხვას, რადგან მათი დანაშაული აშკარაა. ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თურმე როგორ სცემეს ჩიორა თაქთაქიშვილს. სინამდვილეში, ყველამ დაინახა, როგორ ახდენდნენ საზოგადოების პროვოცირებას ნაციონალები, მათ შორის, ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს ხელი შეუშალა სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებაში და ვიდეოკამერას ძლიერად დაარტყა ხელი. ქალი, რომელიც სინარნარის ეტალონად მოჰყავს ნაცმოძრაობას და პრეზიდენტი მის ცხვირზე აკეთებს აპელირებას, არა მარტო სიტყვა-პასუხით არის აგრესიული, არამედ ამ კონკრეტიულ შემთხვევაშიც, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა და ვიდეოკამერას ორჯერ დაარტყა. ერთ-ერთმა ქალბატონმა ის განარიდა ვიდეოკამერას“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

მისივე განმარტებით, მოწმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია განაცხადოს უარი დაკითხვაზე, თუ ის ადვოკატია და საადვოკატო საქმიანობის პროცესში გაანდეს საიდუმლო. ასევე, არ შეიძლება დაიკითხოს მღვდელი აღსარებასთან მიმართებით, და დეპუტატი იმ საკითხზე, რომელიც სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებისას გახდა მისთვის ცნობილი.

აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოიწონებს, რომ დამნაშავემ პასუხი არ აგოს საკუთარი ქმედების გამო. ეს უფრო მეტი დანაშაულია, ვიდრე ის, რომ ადამიანმა გაუცნობიერებლად გარკვეული ქმედება ჩაიდინოს. თუნდაც იმავე გელა მამალაძემ, რომელსაც, გამორიცხული არ არის, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს, შეაგინეს, რაც კადრებში არ ჩანს და ეს ადამიანი გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს მიზეზ-შედეგობრიობის გამოსავლენად. მით უფრო, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი დანაშაულის პროვოცირების შესახებ.

„მელორ ვაჩნაძესა და მიშა მესხთან მიმართებით სასამართლოზე ზეწოლას ახდენდნენ სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე და სხვა დეპუტატები. ისინი ასი ლარით მათ დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. მაშინ, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ასი ლარი. რატომ უნდა დაეპატიმრებინათ ეს ადამიანები, როცა კადრებშიც ჩანს, რომ მათ არაფერი ჩაუდენიათ?! იმავე კუბლაშვილის მოსამართლემ, მირანდა ერემაძემ გაასამართლა ისინი, რომელიც ყოველთვის აჯარიმებდა სხვებს, მათ შორის, დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანს. ახლა მირანდა ერემაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, არადა, ეს ის მირანდა ერემაძეა, რომელმაც სტუდენტი გოგონა რუსთაველის მეტროსთან „ქართული ოცნების“ ემბლემის დახატვისთვის 500 ლარით დააჯარიმა“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.         

ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ თავის დროზე პროკურატურამ დაუშვა ძალიან ცუდი პრეცენდენტი, როცა გიგი უგულავას ეახლნენ. ეს პრეცენდენტი კი მათ  უკვე წინ დაუხვდათ. ამიტომ მაშინვე უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ნაციონალები ამას გამოიყენებდნენ.

„ცოტა არ იყოს, ეს საჭირბოროტო საკითხი გამოვიდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ასეთია რეალობა. ამიტომ დასაკითხი პირი თავიდანვე იძულების წესით უნდა მიეყვანათ. ახლა უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და სხვა გამოსავალი არ აქვთ. არავინ იცის, დასავლელი დიპლომატების თვალში უკვე როგორ აღიქმება იძულების წესით ნაციონალების დაკითხვაზე მიყვანა. რაკი ერთხელ დაუშვეს გამონაკლისი, ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ ის გამონაკლისი იქცევა წესად“, - გვითხრა ლია მუხაშავრიამ.