მიანმარში სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი მმართველი პარტიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მმართველი „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიის წარმომადგენლის, მიო ნიუნტის განცხადებით, დილით ადრე აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს. მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების უკან, სავარაუდოდ, სამხედროები დგანან.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების შეხვედრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით წარუმატებლად დასრულდა. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. გამოცემა Irrawaddy-ის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების სცენარი არ გამორიცხეს.
2020 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიამ გაიმარჯვა. „სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ“, რომელსაც მხარს სამხედროები უჭერენ, პარლამენტში მინიმალური რაოდენობის მანდატები მიიღო.