დიმიტრი მედვედევი: დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლები იმედგაცრუების პერიოდი იყო

დიმიტრი მედვედევი: დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლები იმედგაცრუების პერიოდი იყო

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წლები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის იმედგაცრუების პერიოდი იყო.

„აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მუშაობის პერიოდი იმედგაცრუების პერიოდი იყო. თავად დონალდ ტრამპი გულითადი ადამიანია, მას რუსეთთან ურთიერთობების დალაგების განწყობა ჰქონდა, თუმცა არ გამოუვიდა“, - აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დიმიტრი მედვედევის განმარტებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ეს გამოიწვია ის იყო, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბრკოლებებს უქმნიდა.

„მას ხელს არა მხოლოდ „დემოკრატები“, არამედ „რესპუბლიკელებიც“ უშლიდნენ. 2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სამიტს არანაირი შედეგი არ მოუტანია. მას სულ საყვედურობდნენ, რომ რუსების ჭკუაზე დადის. ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობდა, თუმცა ამავდროულად რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტ პრეზიდენტად მოიხსენიებდა საკუთარ თავს“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.