თეთრი სახლი: სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

თეთრი სახლი: სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ ფსაკის განცხადებით, სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვას, მოუწოდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ, ჯე ფსაკიმ უპასუხა: „დიახ, ისევე, როგორც ამას ჩვენი გუნდი ბოლო კვირების განმავლობაში აკეთებდა“.

თეთრი სახლის პრესმდივანს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე დამატებითი დეტალები არ მოუყვანია.

28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა.