ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ იასირი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
43 წლის ჯაბარ სალმან ალი ფარჰან ალ-ისავი (აბუ იასირი) ქალაქ კირკუკის მახლობლად, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშს ემსხვერპლა. ექსპერტების ინფორმაციით, ის ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებების კოორდინატორი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად კიდევ 9 ტერორისტია მოკლული. ამერიკელებთან ერთად, ოპერაციაში ერაყის უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობდა.