„ომი დაიწყო იმან, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა და მოჰყვა ჩვენს გაუაზრებელ მოქმედებებს რუსეთის პროვოკაციებზე“

„ომი დაიწყო იმან, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა და მოჰყვა ჩვენს გაუაზრებელ მოქმედებებს რუსეთის პროვოკაციებზე“

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით, მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობდა, გაერთიანებული ოპოზიცია ერთხმად აღნიშნავდა ამ წარმატებაში წინა ხელისუფლების ღვაწლს. ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამგვარი საქციელი საზოგადოების თვალში ძალიან ცუდად ჩანს. სალუქვაძის თქმით, პოლიტიკოსები დროა მიეჩვიონ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო გაერთიანებას, ვინაიდან საქართველოს, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ წინ, კიდევ არაერთი ბრძოლა ელის.

ამირან სალუქვაძე: საწყენია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ვერც ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებას. უნდა იყოს რაღაც საკითხები, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს, თუნდაც დეოკუპაციამ და ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე ბრძოლამ, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ყველას როლი ამ საკითხში, ვინც შეიტანა სარჩელი თავიდანვე და შემდგომ ვინც წლების განმავლობაში იმუშავა. მრავალი უწყების შრომაა ჩადებული ამ საქმეში, ეს იყო ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი სამუშაო. მერწმუნეთ, მრავალი უწყების შრომაა აქ ჩადებული, იქნება ეს სამთავრობო, თუ პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლებოდა, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ეს პროცესი ხელისუფლების ჩარევის გარეშე წარმართულიყო და თავისით დამთავრებულიყო იმ შედეგებით რაც მივიღეთ? ეს ხომ გამორიცხულია. ამიტომ, პოლიტიკოსებს, ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში, უნდა შეეძლოთ გარკვეულ საკითხებში კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ. ჩვენ ვნახეთ იუსტიციის მინისტრის პირველი ბრიფინგი. იქ საერთოდ არ არის საუბარი ხელისუფლებებზე, ვინ დაიწყო, ვინ მოიგო და ა.შ. ის საუბრობს საქართველოს სახელით იმიტომ, რომ ზუსტად ასე ეწოდება ამ საქმეს – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. ჩვენ იმდენი დავა გველის წინ რუსეთის წინააღმდეგ სხვადახვა სასამართლოში, იქნება ეს ადამიანის უფლებათა დაცვის თუ ჰააგის ტრიბუნალი, რომ შეიძლება, კიდევ ბევრი ხელისუფლება შეიცვალოს. იმდენი სასამართლო გველის წინ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ინტერესების დაცვა კიდევ ბევრ ხელისუფალს მოუწევს. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხვალ თუ ზეგ მათ ეს ბრძოლა უნდა გააგრძელონ. რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ რუსეთი ფაქტობრივად ყველა პუნქტში დავამარცხეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირებულია საქართველოს ოკუპაციის საკითხი. ასევე, დაფიქსირდა ქართველების ეთნიკური წმენდა, ქართული სოფლების მიზანმიმართული განადგურება. ეს გადაწყვეტილება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რადგან, ფაქტობრივად, უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირებულია ეს პოზიციები. რაც შეეხება ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდასა და ა.შ. ყველა დროში ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რათა მათ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით გადაწყვეტილებები მიიღონ. სამომავლოდ, რა ზეწოლაც უნდა განახორციელოს შემდგომში რუსეთმა, ეჭვი მეპარება, რომ ისეთმა სახელმწიფომაც კი, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, ან არღვევს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებები მიიღოს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია, რუსეთი არ თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოსთან, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რუსეთს არ ექნება პრეტენზიები და არ შეეცდება საკუთარი პოზიციების დაცვას?

- ამ ეტაპს შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოჰყვეს. არ ჩამოვთვლი, რა საკითხებზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. მოკლედ ვიტყვი, თითქმის მთელი სპექტრია, რაც ომის დროს შეიძლება, დარღვეულიყო: წამება, ღირსების შელახვა, სიცოცხლის უფლების დარღვევა და ა.შ. ახლა მხარეებს ერთი წელი ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი პოზიციები წარმოადგინონ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ცალკე მიმართულება იქნება, რაზეც ჩვენმა სახელმწიფომ, მთავრობამ უნდა იმუშაოს. რუსეთიც იმუშავებს, თუ ის გააგრძელებს თანამშრომლობას ამ სასამართლოსთან. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არ თანამშრომლობდა.

ომის შემდგომ, გარკვეული პრეტენზიები და კითხვები არსებობდა იმ პერიოდში მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების მისამართით, რაც აუცილებლად იქონიებს გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილებებსა თუ აღსრულების პროცესზე, რა პრობლემებს უნდა ველოდეთ ამ კუთხით?

- აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებასა და მთელს პროცესს გასდევს აბსოლუტურად ყველა საბუთი, გამოძიება, გადაწყვეტილება, რომელიც ამ სფეროში ყოფილა, დაწყებული ჩვენთვის ყველაზე მძიმე – 16.33 რეზოლუციით, სადაც ჩვენთვის კატეგორიულად მიღებული მუხლებია ჩადებული, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ხელი მოვაწერეთ. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ეღონა იმისათვის, რომ მეხუთე მუხლი და სხვა მუხლები, სადაც მძიმე ფორმულირებებია, თავიდან აგვერიდებინა. თავიდან რომ აგვერიდებინა, სამხედრო მოქმედებები ნორმალურად უნდა დაგეგმილიყო და სწორად უნდა გვეწარმოებინა. სამთავრობო დონეზე ამის კვალიფიციური ანალიზი დღემდე არ არის გაკეთებული. ხელისუფლებას მოვუწოდებდი, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს. ჩვენ საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა დაიგეგმოს, როგორ უნდა ვაწარმოოთ, როგორ უნდა იმუშაოს სამთავრობო სტრუქტურებმა, მედიამ. რუსეთი ყველგან ატრიალებს 7 აგვისტოს ღამის კადრებს.

ჩვენ პირდაპირ ეთერში დავუფიქსირეთ და „საუკეთესო“ კადრები მივაწოდეთ მთელს მსოფლიოს. ზუსტად ეს ჩანაწერია 2008 წლის რეზოლუციაში. ამ ჩანაწერს ეყრდნობიან. პირველი, რაც გამოიყენა რუსეთმა თავისი პროპაგანდისთვის, თავის საზოგადოების მოსატყუებლად, არის ეს საკითხი, საქართველომ ომის დაწყება ვერ დაგვიმტკიცაო. საქართველოს ომი არ დაუწყია. ომის დაწყება სხვა თემაა. ჩვენს ტერიტორიაზე ომს ვერ დავიწყებთ. ომი დაიწყო იმან, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო მაშინ, როცა მოხდა აგრესიის ფაქტი. ეს მოჰყვა ჩვენს გაუაზრებელ და ცუდად დაგეგმილ მოქმედებებს იმ პროვოკაციებზე, რასაც თვეების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმი კრემლის მხარდაჭერით ახორციელებდა.

ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი პოზიციები, ეს ჩანაწერი მოვახვედრეთ 16. 33 რეზოლუციაში. ხელი მოვუწერეთ. მაგის გარდა კიდევ ძალიან მძიმე ფორმულირებებია. ახლა ყოფილი ხელისუფლება ახდენს ჰააგის თემის აჟიტირებას, ეს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ჰააგაშიო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი არ გამოიყენებს ამ ყველაფერს? იგივე იმ ჩანაწერებს. როგორც ჩვენ წარვუდგენთ რუსეთს პრეტენზიებს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, ასევე რუსეთი შეეცდება, იგივე გააკეთოს. ამიტომ ვამბობ, რომ მთელს ქვეყანას, საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს ერთობა სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვაჩვენებთ. უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რუსეთსაც ექნება პრეტენზიები. მაგრამ ის ფორმულირებები, რაც 21 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ოკუპაციასთან, ჩადენილ დანაშულებებთან დაკავშირებით, მაძლევს იმის იმედს, რომ ჰააგაში ჩვენი პოზიციები გაცილებით გამყარებული იქნება, რადგან ეს პრეცედენტია. მსგავსი რთულად მოსაძებნია ისტორიაში. რუსეთი, ფაქტობრივად, გაასამართლეს. უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს. ეს გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გველოდება, ჩვენ ვიცით, რო რუსეთმა 2016 წელს, საერთაშორისო სასამართლოს წესდებაზე თავისი ხელმოწერა უკან გაიწვია, ვინაიდან რუსული მხარე არ თანამშრომლობს სასამართლოებთან, გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი როგორ გადაწყდება?

- რუსეთმა ამ წლებში ცვლილებები მიიღო, რომელსაც მე საქართველო-რუსეთის დავას ვუკავშირებ. რუსეთმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება და შეიტანა ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ შიდა სამართალი საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენეს. ეს ცვლილება 2020 წლის რეფერენდუმით გაიმყარეს. ამიტომ, რუსეთის პასუხი უკვე შეიძლება, პროგნოზირებადიც იყოს. ის გამოაცხადებს, რომ არ თვლის შესასრულებლად ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს. მოიშველიებს საკუთარ კონსტიტუციურ ნორმებს. ჩვენ მოვუგეთ მას ერთი სასამართლო 2006-2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა მეორე გადაწყვეტილება. ამ პროცესის პარალელურად, დაიწყეს საკონსტიტუციო ცვლილება. ეს დასრულდება მანამდე, სანამ ჩვენ აღსრულებას ფიზიკურად მოვახერხებთ, რადგან აღსრულებას თავისი ვადები აქვს. რაც შეეხება ჰააგის ტრიბუნალს, იქაც ანალოგიური სიტუაცია იქნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ რომელიმე პუნქტში წავაგოთ რუსეთთან, მაშინ ისინი ამოაყირავებენ საკუთარ სამართალს, საერთაშორისოს დააყენებენ უფრო მაღლა. სადაც წააგებენ, იტყვიან, რომ თავიანთი კონსტიტუციით არ არიან ვალდებულები შეასრულონ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები. მე მაქვს ღრმა რწმენა იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალსაც დახლოებით იმავე შედეგებით დავამთავრებთ, როგორიც სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება იყო. ამისთვის სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ. ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით არ გვაქვს დიდი ინფორმაციები, ამიტომ ბევრი რამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის სტრუქტურები რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს სახელმწიფოს, მაქსიმუმს გააკეთებენ და მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჰააგის სასამართლოსაც დაახლოებით იგივე შედეგებით დავამთავრებთ, როგორი შედეგიც მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით.