"დავალებები არსებობდა და შედეგი სახეზეა, 3500 ჰექტარი საქართველოს ისტორიული ტერიტორია საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს“

„სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? „კატეგორიულად არა“, – ასე უპასუხეს მოსამართლეს საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებმა – ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალოჩენკომ ბრალდებულები 20–20 ათასი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან განთავისუფლდა ივერი მელაშვილი. მოსამართლის განმარტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ ანაზღაურებასთან არ არის დაკავშირებული. სასამართლოს განმარტებითვე, თანამდებობა, რომელსაც ივერი მელაშვილი იკავებდა, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გახმაურებული საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე. მისი თქმით, გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, ამიტომ, ბრალდების მხარის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მიხეილ სადრაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურამ მოტივად დაასახელა ის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად, აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც თავს შეიკავებს.

„ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ჩვენთვის ცნობილია მოტივი, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, მათ შორის, უმთავრესად იმის გამო, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარე რეჟიმშია, მისი დეტალიზაციისგან თავს შევიკავებთ. როცა დავასრულეთ გამოძიება, გვქონდა ამის თავისუფლება, რომ გვეთქვა საზოგადოებისათვის მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. მათი იდენტიფიცირება, გარკვეულ პირთა წრის, ჩვენს მიერ მომხდარია, თუმცა ამ ეტაპზე მათ დასახელებას ვერ მოვახდენთ.

მოცემულობა არის ძალიან მარტივი, რომ დავალებები არსებობდა, ეს დავალებები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არაკეთილსინდისიერი ხასიათის იყო. ამ დავალებების შესრულების კონტექსტში ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პირობებში მოქმედების თავისუფლების საკმაოდ მაღალი მანდატი ჰქონდათ და შედეგი სახეზეა, 3500 ჰექტარი საქართველოს ისტორიული ტერიტორია საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს“, – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

სამშობლოს ღალატში ბრალდებული ივერი მელაშვილი აცხადებს, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამტკიცებს, რომ საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა.

„უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას.

ჯერ დაგვიჭირეს, მერე სამსახურშიც არ მიმიღონ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს როგორი დამოკიდებულებაა? არ მესმის. სამსახურში ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ამან არ იმსჯელოს და მინისტრს ინფორმაცია არ მიაწოდოსო? რა პროკურატურის გადასაწყვეტია სამსახურიდან გაშვება? ამას ხელმძღვანელობა წყვეტს“, – ამბობს ივერი მელაშვილი.

სამშობლოს ღალატში ბრალდებულები თავისუფლებაში დაელოდებიან სასამართლოს საბოლოო განაჩენს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოკვეთილია მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების დანაშაული, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის, უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაული, თუმცა პროკურატურა ამ დრომდე არ ჩქარობს ბრალის წაყენებას.

პროკურატურამ მესამედ დაკითხა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე. 5-საათიანი დაკითხვიდან გამოსული მანჯგალაძემ ამბობს, რომ მოწმის სახით გამოკითხეს დამატებით, თუმცა კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა. მანჯგალაძე იმ პერიოდში, კერძოდ, 2006–2007 წლებში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული, სადელიმიტაციო–სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

მანჯგალაძე ფიგურირებს პროკურატურის მიერ 21 იანვარს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ივერი მელაშვილი ამტკიცებს, რომ არც გოგი მანჯგალაძის დადანაშაულება შეიძლება, არც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის, იოტისოდენა გადახრაც არ არის.

მოსამართლე ლელა კალოჩენკოს განაჩენს გამარჯვების საწყისად აფასებს ოპოზიცია. მათ შორის 1%–იანი პარტიის წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდა. პარლამენტში იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს გაანთავისუფლებდნენ. ელისაშვილი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

„თუ ვინმეს უნდა რომ მეხუთე გვარი, რომელიც პოლიტპატიმართა სიიდან დარჩა საპატიმროში, გათავისუფლებული იყოს, ჩვენ კი ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით, არამედ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ერთად ვიბრძოლოთ იმ ადამიანის გათავისუფლებისთვისაც. ეს არის პრინციპული ამბავი. ეს იყო საკითხი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ფეხს არ ვუცვლიდით. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს. ჩვენ ვამბობდით, პარლამენტის შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდებაო, მთავარი მოთხოვნა იყო ეს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების საქმეზე, პირდაპირ პოლიტიკურ კავშირს ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, რომლის შეფასებით, ის, რომ ზოგადად, განცხადებები და მოვლენები დროში ერთმანეთს შეიძლება ემთხვეოდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ისენი ერთმანეთთანაა კავშირში.

„ამ საქმეში პოლიტიკური მდგენელი არ არსებობს. ამ შემთხვევში მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მუშაობს და დღეს საკმაოდ დასაბუთებული ახსნა მოგვცა პროკურატურამ, თუ რატომ აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, რომ ეს ორი ბრალდებული გარეთ არ გამოვიდნენ გირაოთი. ყველა ის საგამოძიებო ქმედება, ყველა ის ჩვენება და მტკიცებულება, რომელიც ამ ორი ადამიანისგან სჭირდებოდა გამოძიებას მოპოვებულია, ამიტომ მათთვის დამატებით ინტერესს მათი იზოლაციაში ყოფნა აღარ წარმოდგენს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროკურატურა ამბობს, რომ დავითგარეჯის საქმეზე გამოძიება დასრულდა. ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად და ახლა გამოძიება მთლიანად გადართულია აღნიშნული პირების იდენტიფიცირებაზე. პროკურატურის ეს ფრაზა ახალი არ არის.

2012 წლის შემდეგ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა, შემდეგ გირაოთი განთავისუფლება, ამის შემდეგ საქმის თაროზე შემოდება. წარსულის გამოცდილება ანალიტიკოსებს აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ დავითგარეჯის საქმე თაროზე შემოსადებად არის განწირული.

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე ერთ–ერთია, რომელიც შიშობს, რომ საქმე შესაძლოა, თაროზე შემოდებისთვის იყოს განწირული. თუმცა ერთადერთი რაც ამ საქმეში ოპტიმიზმს აძლევს, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ისევ მოქმედი ფიგურაა და იმედი აქვს, რომ მოახერხებს მის მიერ წამოწეული საქმის ბოლომდე მიყვანას.

„თუ „ქართულმა ოცნებამ“ საქმე თაროზე შემოდო, ისევე როგორც სააკაშვილს დღემდე აძახებენ სანდრო გირგვლიანის საქმის მიჩუმათებას, მით უფრო წამოაძახებენ „ოცნებას“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული ნაბიჯის გადაუდგმელობას. მეეჭვება, რომ ელისაშვილის გულის მოსაგებად იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული. სავარაუდოა, რომ ეს განთავისუფლება მოლაპარაკების შედეგია. მოლაპარაკება, გამომძიებლებსა და ბრალდებულებს შორის. თუკი ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, მათ მიმართ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმეოდა“, – ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, იმდენად დიდი დატვირთვა მიიღო დავითგარეჯის გასხვისების საქმემ, საზოგადოება აიფოფრა იმაზე, რომ ის, რაც საქართველოს ეკუთვნოდა, მის გასხვისებაში მონაწილე ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ.

„მაგრამ თუ არ შემდგარა თანამშრომლობა ბრალდებულებსა და გამოძიებას შორის, მაშინ მათი განთავისუფლება იდიოტობაა. რბილიად, რომ ვთქვათ ძალიან არადეკვატური და მძიმე ნაბიჯია. ძალიან წამგებიანი ნაბიჯია და დიდი ეჭვი მაქვს, რომ „ოცნებას“ მოუწევს საფასურის გადახდა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, როდესაც ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ, ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ბრალდებულებისთვის სასჯელის ზომის შემსუბუქება?

„ეს რა ლოგიკას ემსახურება, ამას თვითონ გასცენ პასუხი! რას ამბობენ, მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე, კერძოდ კი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან და ამიტომ შეუმსუბუქეს სასჯელის ზომა? ეს რომელ ლოგიკაში ჯდება! გამობრძანდნენ ახლა და თქვან თავიანთი მოსაზრებები. ბრალდებულებს არ უთანამშრომლიათ გამოძიებასთან და ისე შეუმსუბუქეს სასჯელის ფორმა, გასაგებია, უკვე ყველაფერი!

ამათთვის სამშობლოს ტერიტორიული მთიალობის ხელყოფა მძიმე დანაშაული არ არის, მთავარია, ელისაშვილი შევიდეს პარლემენტში, თორემ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რა მოსატანია! ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნების მოღვაწეების ეპოქაში რომ ვცხოვრობთ, იმიტომაც არის, რომ ეს ქვეყანა ყველაფერს კარგავს. ესენი რა ლოგიკით მოქმედებენ, ეს ნორმალური აზროვნების ადამიანებისთვის გაუგებარია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

for.ge–სთან საუბრისას, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, საზოგადოება, რომელიც დარწმუნებულია, რომ დავითგარეჯის საქმეზე არასწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული, თუ საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვა იქნება ძლიერი და კატეგორიული, შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე იქნება, როგორც ხდება საქართველოში. როგორც არეშიძე ამბობს, ამ დანაშაულის მთავარი ღერძი მელაშვილი და ილიჩოვა არ არიან. თუ სხვები არ დაისაჯნენ, მარტო ამ ორი ადამიანის დასჯას არავითარი აზრი არ აქვს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ შესაბამისი მასალები არ იქნა მოკვლეული. ძალიან მარტივი ლოგიკაა – ან იმ რუკებით უნდა ეხელმძღვანელათ, რომელიც თავის დროზე იყო ხელმოწერილი, ან თუ შემდგომში სხვა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, მაშინ ვის მიერ იყო დავალება მიცემული? თვითონ ხომ არ გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ ასე ამ კომისიის მუშაობის ფორმატში დოკუმენტები და ამ დოკუმენტების ცვლილება განეხორციელებინათ თვითნებურად.

ახლა ამბობენ, რომ 1996 წლის ხელმოწერა, რომელიც ეყრდნობოდა და ითხოვდა კონკრეტული რუკების გამოყენებას, ის ხელმოწერა არ იყო სწორი. თუ არ იყო სწორი, მაშინ რატომ ასრულებდნენ ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის განმავლობაში? 2006 წელს, როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა, წარმოუდგინა ხელისუფლებას და ხელი არ მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რატომ არ მოაწერა? შემდეგომში რა მოხდა, რატომ გაჩნდნენ 2007 წელს იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, მიუხედავად იმისა, რომ რატიფიცირება არ მომხდარა? სამწუხაროდ, ეს კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა“, – აცხადებს არეშიძე.

როგორც რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მთლიანად მთელი პროცესი, რომელიც 1996 წლიდან დღემდე შეიქმნა დავითგარეჯთან მიმართებაში, სავსე იყო დანაშაულებებით.

„მარტო ილიჩოვა და მელაშვილი არ არიან დამნაშავეები, არამედ მათი ზემდგომებიც. თუ პროკურატურა ვინმეს აფარებს ხელს, ეს პირდაპირ თქვას! ეს კითხვები მაინც რჩება და ამ კითხვებზე პასუხი არ არის. გამოდის ისე, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის კიჟინა, რომ ეს იყო არჩევნების წინ მიღებული გადაწყვეტილება, მართლდება და რატომ აკეთებენ ამას, ვერ ვხვდები. საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც გასაგებია, რომ რაღაცა სუფთა არ იყო იქ და მხოლოდ ეს ორი ადამიანი არ იყო მთავარი დამნაშავე.

თუ ადრე ოპოზიციის მხარდამჭერი საზოგადოება აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ახლა გამოვიდა, რომ ორივე მხარის მიერ მიიღეს კრიტიკა. ისინი მასხრად აიგდებენ და იტყვიან, რომ არჩევნებისთვის გაკეთდა და სინამდვილეში ცარიელი საქმე იყო და ეს ადამიანები ტყუილად ჰყავდათ დაკავებული. მეორე მხარე, ანუ ჩვენ ვიტყვით, რომ საქმე არასწორად იყო წარმართული და მთავარი დამნაშავეები დამალეს. ამას აუცილებლად ვიტყვი. ე.ი. ხელის დაფარების პროცესია, როგორც ხდებოდა საქართველოში, ისე ხდება დღესაც. როგორც ჩანს, ვიღაცას ხელს აფარებენ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

 

ლაზი აგერ ტელევიზორში იძახის ეს მელაშვილი, არ არის საქართველოს ტერიტორიაო და მაშინდელი ბოსებიც იქვე ერთხმად იგივეს ამტკიცებენ. გამოძიება კიდევ დავალების მიმცემებს ეძებსო. ყველა ერთად ზის ტვ პირველზე და გაეცით კომპეტენტური პასუხი. ასე რომ საძებარი არავინაა.
3 წლის უკან
Katana . არა მაქვს 37-ანების ნოსტალგია. მესმის - როგორც სტალინი არ გაცოცხლდება, ისე არ აღდგება მისი სისხლის სამართლის კოდექსი.
არადა, საჭიროა ხანდახან! - ამისთანებს მიუყენებდნენ სამშობლოს ღალატის მუხლს და ულაპარაკოდ მიახვრეტდნენ!
მის თანამოაზრეებს კი შორეულში გაუშვებდნენ კატორღულ სამუშაოებზე, რომ რაღაც სარგებელიც მიეღო მათგან სამშობლოს, რომელსაც ღალატობდნენ... (ტყუილა კი არ აჭმევდნენ და უფასოდ კი არ უმკურნალებდნენ c-ჰეპატიტზე!).
3 წლის უკან
ლევანი მელაშვილი დამპალი თესლის ნაყოფი, ოღონდ ციხეში არ ჩაჯდეს და ნახევარ საქართველოს აჩუქებს სხვას. ხოლო ის ილიჩოვა კი სომეხია, ქმრის გვარზეა, თან ქართული არ იცის. აბა ამისთანა არაპატრიოტები რომ წყვიტავენ საქართველოს საზღვრებს, მაგათ მაგ ადგილზე დამსმელის დედა ... ვატირე!
3 წლის უკან