როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ახალი ერა დაიწყებოდა. იმდენად აღფრთოვანებულები ვიყავით პლურალისტური პარლამენტით, რომ ვიღაცამ ასეთი ტერმინიც კი შემოიღო „ძალაუფლების გაზიარება“, იმის გაუცნობიერებლად, რომ საქართველოში ეს ტერმინი საპირისპირო მნიშვნელობისაა. ეს იარლიყი ახირებულ „კოაბიტაციაში“ გადაიზარდა, და ასე გრძელდებოდა პარასკევამდე, ვიდრე მსოფლიომ თავისი ფანტაზია საკუთარი თვალით არ ნახა: სირცხვილი.
8 თებერვალს პარლამენტში სააკაშვილი ყოველწლიური მიმართვით უნდა გამოსულიყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ „ქართულმა ოცნებიდან“ მას კონსტიტუციური უფლების გამოყენების და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა. რაღაც სულელური მიზეზის გამო „ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა, რომ სააკაშვილს მისი ვალდებულება შეესრულებინა მანამ, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ შეთანხმდებოდნენ. ეს ცვლილებები პირველ რიგში პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებებს, მაგრამ იმავდროულად ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ თავსაც“, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა დავით უსუფაშვილმა; სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: „ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი ვართ, ვიდრე კონსტიტუცია“-ო.
დაუდგრომელმა სააკაშვილმა კი გადაწყვიტა, რომ პარლამენტის ნაცვლად სიტყვით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსულიყო. ასობით პროტესტანტი, რომელთა შორის იყვნენ ახლახან, ამნისტიის კანონით მასობრივად გათავისუფლებული პატიმრები, შენობის გარშემო განთავსდა, რათა პრეზიდენტისთვის შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცა. უძლურმა პოლიციამ ვერ შეძლო სააკაშვილის პარტიის წევრების დაცვა, რომლებიც არაგონივრულად ცდილობდნენ შენობაში შეღწევას. დასავლელმა დიპლომატებმა თავად იხილეს მუშტებით ჩხუბი, ცხვირიდან სისხლის დენა და ქართული პოლიტიკის დეგრადაციის მოწმენი გახდნენ.
„ქართულ ოცნებას“ არ აკმაყოფილებს ის, რომ პარლამენტში უმრავლესობა აქვს. მას ყველა ადგილი სურს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უმცირესობაშია, კბილებით იბრძვის საკუთარი ადგილების შესანარჩუნებლად. ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წევრმა დატოვა პარტია, რაზეც სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამაში ივანიშვილის ბინძური ხელი ურევია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ მათი მთავარი მიზანი ამ „ინიციატივის ხელში აღება“ და ახალი მთავრობის შესუსტებაა, და ამ მიზნით საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებასაც კი გეგმავს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ პოლიტიკაში.
იმას, რაც პარასკევს მოხდა, ჩვენ პირველი ოქტომბრის შემდეგ ველოდით, თუმცა დასასრულისგან ჯერ ყველაფერი შორსაა. იმის ნაცვლად, რომ მხარეებმა იმაზე იმსჯელონ, რომ ასეთი კრახი აღარ განმეორდეს, ისინი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს და გაჰყვირიან: „თქვენ ანგრევთ ქვეყანას“. დემოკრატიის ეს ახალი ერა ძალიან ჰგავს 1991 წელს დაწყებულ ახალ ერას. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ დამთავრდა ის.
foreignpress.ge