სააკაშვილი კვლავ თავის გადარჩენას ცდილობს

სააკაშვილი კვლავ თავის გადარჩენას ცდილობს

შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა, როგორც მოსალოდნელი იყო, შეთანხმებით არ დასრულებულა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სააკაშვილთან მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვს და შეთანხმების შემთხვევაშიც კი მისი მხრიდან პირობის დარღვევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის უცხო არ არის. ამჯერად რამდენად შედეგიანი იქნება მასთან მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა, რადგან როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, მასთან დროის ტყუილად კარგვას არავინ აპირებს.

შეხვედრის შემდეგ სააკშვილმა განაცხადა, რომ დისკუსიამ უნდა გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში, რადგან ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია.

„დღეს ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და უმცირესობის ლიდერთან. უკიდურესად შეშფოთებული ვარ, რაც მოხდა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა ადგილი ჰქონდა მასობრივ ეგზეკუციას ციხიდან გამოსულ კრიმინალთა ბანდის მიერ და არა ხალხის მიერ ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში. ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია და ჩვენ აღარასდროს უნდა მივიდეთ ასეთ ზღვარზე, სადაც საქართველო 90-იან წლებში იყო. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოსაზრება და ბატონი დავითი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას“,- განაცხადა სააკაშვილმა

 მისივე განმარტებით, ვერ შეთანხმდნენ ვერაფერზე „მას აქვს თავის პოზიცია, ჩვენ - ჩვენი და ვფიქრობთ, რომ გაგძელდება დისკუსია. მთავარია, რომ ასეთი დიალოგი უნდა გაგრძელდეს“.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირების საკითხზე შეთანხმება გასაღებია ბევრ სხვა საკითხზე შეთანხმების მიღწევისა.

მისივე თქმით, გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შედეგად კონკრეტული შეთანხემება მიღწეული არ არის, მაგრამ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი უპერსპექტივო არაა.

 „ჩვენ გავიარეთ ყველა საკითხი. შეთანხმებადე ჯერ არ ვართ მისული, თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაწყებული დიალოგი უპერსპექტივო არ არის და ეს არ არის არც ერთი მხარისგან პიარ-აქცია. სურვილი იმისა, რომ დარეგულირდეს ვითარება, მოვძებნოთ კონსტიტიციური გამოსავალი მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, ორივე მხრიდან გააზრებული და გაცნობიერებულია. პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირების საკითხი არის გასაღები ყველა სხვა საკითხზე შეთანხმების მიღწევისა. დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ, თუმცა საუბრის პროცესში გამოიკვეთა ახალი შესაძლო სქემები, ვარიანტები, რაზეც საჭიროა დაფიქრება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, შიდა განხილვის პროცესი წარიმართება კოალიციაში, ასევე პრეზიდენტის გუნდში და, სავარაუდოდ, ამ თემაზე შეხვედრა ორიოდე დღეში ისევ შედგება.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას ვთქვათ, იგი რაიმე შედეგზეა ორიენტირებული.

„ერთადერთი, რაზეც მას სჭირდება ზრუნვა, ეს არის საკუთარი უსაფრთხოება, თუმცა ეს არის ის, რის აფიშირებასაც არ ახდენს. პარალელურად, თუ შეძლებენ, დასწიონ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვეყანაში და კითხვის ნიშნები გაამრავლონ ქვეყნის გარეთ ახალი ხელისუფლების მიმართ, თუ ამ მიზანსაც მიაღწევენ, ხომ კარგი მათთვის, თუ არა და, სულ მცირე, რასაც მიაღწევენ ეს არის პირადი უსაფრთხოების თემა - ის, რომ არ წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“ ,- აცხადებს ლაგაზიძე.

ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს შეხვედრები რაიმე შედეგის მომტანი იყოს.

„მას ისევ არ ჰგონია თავი საქართველოს პრეზიდენტი, მისი რიტორიკა იყო ისევ და ისევ გამომწვევი, შეურაცხმყოფელი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ცუდი არ იქნება, იმ ელჩებსაც მოესმინათ, ტაშით რომ ხვდებიან ხოლმე მის გამოსვლებს“.

განსახილველი საკითხები უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების შეზღუდვაა, უმცირესობა საგარეო კურსის კონსტიტუციაში ჩაწერასა და პარლამენტის ქუთაისში დარჩენას მოითხოვს. 

ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ნაციონალები აუცილებლად შეეხებოდნენ მათი უსაფრთხოების თემასაც.

„ბოლო დღეებში არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, აქედან გამომდინარე, ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იქნებოდა მათი ხელშეუხებლობის საკითხი, ანუ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აარიდონ სისხლის სამართლის პასუხისგებას“, - აცხადებს ლაგაზიძე.

კახიშვილი თვლის, რომ როდესაც პრეზიდენტი ასეთი რიტორიკით იწყებს, ეს საკითხი დადებითი შედეგით ვერანაირად ვერ დასრულდება.

„საკუთარი ხალხისთვის რომ ეთქვა,  ბოდიშს იხდიდა განვლილი პერიოდის შეცდომებზე, კიდევ შეიძლებოდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ რაღაც ნაწილში მაინც გააანალიზა საკუთარი საქციელი და მიხვდა შეცდომებს, მაგრამ დღევანდელი განცხადების პირველივე ფრაზებიდან კარგად ჩანდა, რომ სააკაშვილის საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგება. რეალურად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაც არათანმიმდევრული მგონია. მაპატიეთ, მაგრამ შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის, სააკაშვილს უსუფაშვილის თანდასწრებით რომ ელანძრა საკუთარი მოსახლეობა, არ არის სწორი. როდესაც ასეთი მოლაპარაკებები მზადდება, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, განცხადების ფორმა ტექსტი და კორექტულობის ფარგლები“,- აცხადებს კახიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის იმედების მიუხედავად, ის აგრესიული ტონი, რომელიც შეხვედრას ახლდა, ნაკლებად აჩენს იმედს, რომ უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაითანხმებენ.

ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ სააკშვილიას აგრესიული ტონი მხილოდ ერთი მიზეზით აიხსნება და მას რეალურად, ქუთაისში პარლამენტის დარჩენა-არდარჩენის საკითხი სააკაშვილს ნაკლებად ანაღვლებს, „თუმცა თავისუფლება შეეზღუდება თუ გარეთ დარჩება, ამ საკითხთან შედარებით პარლამენტის ქუთაისში დარჩენა არაფერია“.

როგორც კახიშვილი ამბობს, უსუფაშვილი, რა თქმა უნდა, ვერ მოითმენდა და არც უნდა მოეთმინა სააკაშვილის ლანძღვა იმ ხალხის მიმართ, რომელიც გამოშვებული იქნა უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს.

„ბუნებრივია, რომ უსუფაშვილი შეეწინააღმდეგა და უპასუხა სააკაშვილის რიტორიკას, მაგრამ მე ვერ გავიგე ერთი რამ - „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატან ხმებს ადვილად მოაგროვებდა და ამას პრემიერიც აცხადებდა. როგორც ჩანს, ან პრემიერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ან ვერ იმუშავეს ამ ხმების მოსაპოვებლად. როგორც ჩანს, ისევ სავაჭრო თემა გახდა ეს ცვლილებები და სააკაშვილი ცდილობს, ისევ მოიგოს. სააკშვილი კვლავ ახდენს ძალის დემონსტრირებას, რასაც თვითონ ითხოვდა, ამაზე თითქმის დაითანხმა პარლამენტის თითქმის მთელი უმრავლესობა, ვგულისხმობ ქვეყნის დასავლური საგარეო კურსის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას. იმის მიუხედავად, რომ 10%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიის ლიდერია, ისევ და ისევ ახერხებს, რომ თამაშის წესები უკარნახოს „ქართულ ოცნებას“ და მუდმივად თავის მართლების რჟიმში ჩააყენოს“, - აცხადებს კახიშვილი.

კახიშვილის თვლის, რომ ეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ორგანიზებულობა არ გააჩნია და მთავრობასა და პარლამენტს შორისაც არ არსებობს რეალური კოორდინაცია. ამას კახიშვილი მხოლოდ და მხოლოდ პარტიული დისციპლინის არარსებობით ხსნის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად გააჩნია.

სააკშვილთან მოლაპარაკებები პირველი არ არის და სავარაუდო შედეგიც წინასწარ  ცნობილია, თუმცა სააკაშვილის მიმართვამ დიპლომატიური კორპუსი დაარწმუნა, რომ მას მართლაც სურს თანამშრომლობა. „ქართული ოცნების“ უარი კი აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების მხრიდან კოჰაბიტაციაზე უარის თქმა. მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებასაც ვერ ახერხებს, თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ კვლავ საწყის წერტილს დაუბრუნდეს ყველაფერი და საკონსტიტუციო ხმების ძიება ინდივიდუალურად გაგრძელდეს.

რაც შეეხება სააკშვილის ტაქტიკას, კახიშვილი თვლის, რომ სიტყვა კოჰაბიტაცია მხოლოდ დასავლეთისთვის აქვს სააკაშვილს და კოჰაბიტაციურად ცხოვრება მან საკუთარი მოსახლეობის 80%-თან ვერ მოახერხა 9 წლიას მანძილზე.

კახიშვილი თვლის, რომ როდესაც იცი, ასეთი პრეზიდენტი გყავს და მხოლოდ ფასადისთვის იყენებს რაღაც ტერმინებს, მაშინ ასეთი ტიპის შეხვდრებს ის ელჩებიც უნდა დაესწრონ, რომ ნახონ, როგორი კოჰაბიტაციის მსურველია სააკაშვილი.

 „ძალიან მაინტერესებს დასავლეთის რომელი პრეზიდენტი გაბედავს და ასეთი ეპითეტებით შეამკობს საკუთარ მოსახლეობას და მერე რამდენი დღით დარჩება პრეზიდენტად“,- აცხადებს კახიშვილი, რომელიც მიიჩნებს რომ  სააკაშვილი მუშაობს დასავლეთთან, „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს და შედეგიც სახეზეა.

„მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჰყავს ხელისუფლება. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში სათანადო კოორდინაცია არ არსებობს. თუ ერთი გუნდია, ყველა ერთიანი პოზიციით უნდა გამოდიოდნენ“, - მიიჩნევს კახიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ისიც გარკვევით განაცხადა, რომ დროის ტყუილად კარგვას არ აპირებენ. გახდება თუ არა ეს განცხადება საფუძველი იმისათვის, რომ შეხვედრებს შედეგი მოჰყვეს, სავარაუდოდ, მოკლე დროში უნდა გაირკვეს.

„დროულად უნდა გაირკვეს, რადგან სააკაშვილს ერთადერთი სურვილი აქვს, შექმნას დესტაბილიზაციის კერები, ამავდროულად დრო გაწელოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დროულად არ მიიღონ. მისი მხრიდან ყოველთვის იქნება მცდელობა, რომ მთავრობის უსუსურობის დემონსტრირება მოაწყოს და მოამზადოს ნიადაგი, ზაფხულში, როდესაც თბილისი დაიცლება, მთავრობა დაითხოვოს.

სააკშვილმა იცის, რომ ოქტომბრის შემდეგ კარგავს ყველაფერს და არჩევნებით ვეღარ დაბრუნდება. გარდა ამისა, ოქტომბრის შემდეგ, როდესაც აღარ დაიცავს იმუნიტეტი, შესაძლოა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს და მისი უახლოესი გარემოცვისაც. ამიტომაც შეეცდება ყველანაირად ხელისუფლების უზურპაცია მიახდინონ.

როდესაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდებიან 4 წელი ამ ხელისუფლებას, არც არჩევნებს გეგმავენ, არც გადატრიალებას და ხელისუფლებაში ისე დაბრუნდებიან, იგულისხმებოდა სწორედ მთავრობის დათხოვნის სცენარი“,- აცხადებს კახიშვილი.

კახიშვილი ამბობს, რომ შეხვედრებისას უმრავლესობამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, სათანადოდ მოემზადოს და კარგი იქნება, თუ ეს მოლაპარაკებები საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით გაიმართება, რომ შემდგომში სააკშვილს საშუალება არ მიეცეს, მხოლოდ დრო გაწელოს და არა შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები იმართებოდეს.