ქუთაისი მერის გარეშე რჩება

ქუთაისი მერის გარეშე რჩება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ქუთაისის მერიაში მართვის სადავეებს კარგავს. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ქუთაისი მერის - ბესიკ ბრეგაძის გარეშე დარჩეს და მისი შემცვლელი კონკურსის შედეგად შეირჩეს.

როგორც for.ge-ს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი წულაიამ განუცხადა,  მისი სარჩელის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთისის საკრებულოს 2012 წლის 8 ოქტომბრის განკარგულება ბათილად სცნო, რომლის მიხედვითაც, ქალაქის მერად - ბესიკ ბრეგაძე დაინიშნა.

მისი თქმით, ქუთაისის მერის პოსტზე ბესიკ ბრეგაძე კონკურსის გარეშე დაინიშნა, რის გამოც, მან დაკავებული თანანმდებობა უნდა დატოვოს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სასამართლოს ბესიკ ბრეგაძის თანანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, ხვალ, საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს წერილობით მივმართავ, რომ გაფუჭებული საქმე თავად გამოასწოროს და ბრეგაძეს პოსტი დაატოვებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს ახალი სარჩელით მივმართავ, რომლითაც, ქუთაისის მერის თანანმდებობიდან გათავისუფლებას მოვითხოვ.  ქუთაისის შემდეგი მერი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს“, - აცხადებს წულაია.

For.ge-მ საკითხის გარკვევა ქუთაისის მერიაში სცადა, თუმცა, მერიის პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, რომ უწყებაში, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, რის გამოც, ვითარებაში გარკვევის მიზნით, იმერეთის გუბერნატორს, ვახტანგ ბალავაძეს დავუკავშირდით.

როგორც for.ge-ს ბალავაძემ განუცხადა, ქუთაისის მერიას სასამართლოს ოფიციალური დადგენილება ერთ კვირაში, ან ათ დღეში მიეწოდება, რის შემდეგადაც, მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

„მერის პოსტიდან გადაყენებას არ ვაპირებთ და თუ გოგი წულაიას მისი თანანმდებობიდან გათავისუფლება სურს, კი ბატონო, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ თუ მხარეს უწყება არ აქვს ჩაბარებული, სასამართლოს რანაირად მიმართავს? რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლომ განკარგულება გააუქმა, რომელიც ბრძანებულების საფუძველია, რაც  იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მერი თავის ადგილზე რჩება და თავის  მოვალეობას ასრულებს“, - აცხადებს ბალავაძე და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერის პოსტზე - ბესიკ ბრეგაძე უკანონოდ დაინიშნა.

„ამ პოსტზე, ბრეგაძე კანონის ფარგლებში დაინიშნა და გოგი წულაის ბრალდება უსაფუძვლოა“, - დასძინა ბალავაძემ.

შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის მერის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ცოტა ხნის წინ, გოგი წულაიამ ქალაქის მერსა და თანამშრომლებს ბრალი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დასდო. for.ge-მ კი, მერის, ბესიკ ბრეგაძის ბრძანება 82-ე მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის მერიამ საკუთარი ბიუჯეტიდან - 12 858,01 ლარი იმ მიზნით გამოყო, რომ ბესიკ ბრეგაძე, მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლი კოტე რატიანი და მერის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი ქალაქ გრაცში, საერთაშორისო კონფერენციას - „Green energy Committee“ დასწრებოდნენ და ქალაქ მადრიდში -  საერთაშორისო გამოფენა ბაზრობაში მიეღოთ მონაწილეობა.