ნაციონალური პარტაქტივის დასაქმებაზე დახარჯული 5 მილიონის გამო მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს დაკითხავენ

ნაციონალური პარტაქტივის დასაქმებაზე დახარჯული 5 მილიონის გამო მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს დაკითხავენ

ყველას გვახსოვს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი დასაქმების სამინისტრო და მინისტრი პაატა ტრაპაიძე, რომელიც სანამ გამინისტრებოდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი გახლდათ და მის კომპანიებს წინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერი ჰქონდათ მოგებული. დასაქმების სამინისტროს უმუშევართა აღრიცხვა და მათი მონაცემთა ბაზის შექმნა დაევალა, თუმცა არავინ აკონკრეტებდა, შემდეგ როგორ მოხდებოდა ამ ბაზაში დარეგისტრირებული მოქალაქეების დასაქმება. დღეს კი ეს საკითხი პროკურატურის დაინტერესების საგნად იქცა და ამ თემაზე დასაკითხად ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს იბარებენ.

შეგახსენებთ, მერაბიშვილისთვის ეს მესამედ დაკითხვა იქნება. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორჯერ დაიკითხა.

ამჟამად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან“ დაკავშირებით. საქმე ეხება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ  სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა. ამასთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2012 წლის ივლისიდან საქართველოს 25 ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობდა დასაქმების აგენტების მიერ შესაბამისი კითხვარების შევსება და მონაცემების ელექტრონულ ბაზებში შეყვანა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილების საფუძველზე, 2012 წლის 3 სექტემბერს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ“ გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, შტატგარეშედ, საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები გაუფორმდა 21 837 პირს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში უნდა შეესრულებინათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო სამუშაოები.

„როგორც გამოძიებით გაირკვა, ზემოაღნიშნულ 21 837 პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების ირგვლივ არავითარი ინფორმაცია  და დავალება არ მიუღია, მათ არც რაიმე ტრენინგი ჩატარებიათ და არ გადასცემიათ კითხვარები, რომლებიც  პროგრამის ფარგლებში უნდა შევსებულიყო. მიუხედავად ამისა, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ყველა მათგანს  სს „ლიბერთი ბანკის“ შესაბამის ფილიალებში ხელფასის სახით დაერიცხათ 240 ლარი. სულ ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 240 880 ლარი“, - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ანუ საქართველოს ყველა რეგიონში, მოწმის სახით დაიკითხა 2000-მდე პირი, რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო  აქტიურობისათვის, რაც გამოიხატებოდა საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკების დარიგებაში, პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის განხორციელებაში და სხვა.

„ვინაიდან, ზემოაღნიშნული თანხის გაცემა მოხდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს  მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ამდენად, გამოძიების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმჟამინდელი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ.

ბატონები ზურაბ ჭიაბერაშვილი და ივანე მერაბიშვილი მოწმის სახით დასაკითხად გამოძახებულნი არიან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 2012 წლის 13 თებერვალს დღის 12 საათზე (ზურაბ ჭიაბერაშვილი) და 16 საათზე (ივანე მერაბიშვილი), რის შესახებაც უწყება უკვე დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გააკეთა. არჩილ კბილაშვილს მაშინ არ დაუკონკრეტებია, როდის დაიბარებდნენ მერაბიშვილს დაკითხვაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მის მიმართ კითხვები რამდენიმე სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

„სხვადასხვა საქმეები არსებობს, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და რომელთა მიმართებაში მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა დგას. მათ შორისაა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიება, გირგვლიანის საქმე და არა მხოლოდ ესენი“, - განაცხადა კბილაშვილმა.

ამდენად, როგორც ჩანს, მერაბიშვილისთვის ეს დაკითხვაც არ იქნება ბოლო და პროკურატურაში მისვლა მას კიდევ არაერთხელ მოუწევს. მისი და ჭიაბერაშვილის დასაკითად დაბარებას „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ხვალ დაკითხვაზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის გარდა, თბილისის მერი, გიგი უგულავა და მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე რამდენიმე ათეული ადამიანია დაბარებული.

„მინდა ჩვენს საზოგადოებას ვაცნობო ახალი ინფორმაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ დევნის კამპანიას უკავშირდება. ხვალ დაკითხვაზე დაბარებული არიან ვანო მერაბიშვილი და მასთან ერთად ზურაბ ჭიაბერაშვილი. მოტივი საინტერესოა, ის უკავშირდება დასაქმების პროგრამას, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო. ხვალვე დაკითხვაზეა დაბარებული გიგი უგულავა და ათეულობით ადამიანი, რომელიც მუშაობს მერიის სხვადასხვა სამსახურში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ფართომასშტაბიანი კაპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გრძელდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ვერანაირი ზეწოლით ვერ შეძლებს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიცია შეაცვლევინოს. აქვე ბაქრაძე განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პარტია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, მაგრამ მმართველი გუნდი ვერანაირი ზეწოლით ვერ აიძულებს მათ, რომ მხარი დაუჭირონ იმას, რაც ქვეყნისათვის ცუდად და არასწორად მიაჩნიათ.