მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის მიუხედავად, 10-11 ოპოზიციონერი მაინც იღებს ხელფასს. საუბარია რომან გოცირიძეზე, თინა ბოკუჩავასა და სხვებზე, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ. მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასი უნდათ, მუშაობა კი არა.
თინა ბოკუჩავასა და რომან გოცირიძისგან განსხვავებულად მოიქცა ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია. როგორც ცნობილია, გასული წლის მიწურულს პარლამენტმა ხელფასი ჩაურიცხა დეპუტატ ხოშტარიას, მან კი ეს თანხა პარლამენტს უკან დაუბრუნა.
სანამ პარლამენტი უფლებამოსილებას შეუწყვეტს ოპოზიციონერ დეპუტატებს, მანამ ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია კითხვა, თუკი ისინი არ შედიან პარლამენტში, რამდენად სწორია მათ მიერ ხელფასის აღება?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით მათ უმრავლესობას შეწყვეტილი არ აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამდენად, მათთვის ხელფასის ჩარიცხვა სამართლებრივად დასაბუთებულია და ეს ასეც უნდა იყოს. ძველი დეპუტატების კი არა, ახალი დეპუტატების უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, იურიდიულად ისინიც არიან პარლამენტის მოქმედი წევრები და, რასაკვირველია, ხელფასს აიღებენ.
„გასაგებია, რომ ბოიკოტის რეჟიმში არიან, მაგრამ მათი, როგორც პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტილა, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისა, რომელთა უფლებამონაცვლეებიც შევიდნენ პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს ზუსტად იმიტომ შეუწყვიტეს უფლებამოსილება, რომ სხვებს გახსნოდათ გზა პარლამენტში შესასვლელად. დანარჩენებთან დაკავშირებით, ვისაც დაწერილი აქვს განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტი აქამდე ფეხს ითრევდა, აცლიდა, იქნებ, გონს მოსულიყვნენ, რადგან პარლამენტის ბოიკოტირება არის სიგიჟე. სხვათა შორის, ლენინმა თქვა 1905 წელს, „ლიკვიდატორობაა, როცა შესაძლებლობა გაქვს, პარლამენტის ტრიბუნა და ლეგალური საშუალებები გამოიყენო და ამაზე უარი თქვაო“. ლენინზე მეტი ექსტრემისტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ამ დროს კი ისიც ლეგალურ საშუალებებზე უარს არ ამბობდა. რევოლუციაც რომ გინდოდეს, რატომ ამბობ პარლამენტში შესვლაზე უარს, ეს აუხსნელია. რაციონალური მოსაზრება აქ არ ჩანს, გარდა ქართული ხასიათისა, ესაა ექსტრემიზმი ქართული სურნელით, რომ დაიგინები და ბოლომდე ვაჟკაცურად აწვები პირველ ჩვენებას. ემოციის და აფექტის გარდა ამის უკან არაფერი დგას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ ელენე ხოშტარიას მიერ ხელფასის უკან დაბრუნება მისი პირადი ნებაა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ხელფასი ვისაც უნდა, იმას გადაურიცხოს, თუმცა არც სალომე სამადაშვილის ცნობილი ჩანაწერი უნდა დავივიწყოთ, სადაც სამადაშვილმა ასეთი კითხვა დასვა, წავიდოდი, მაგრამ სად წავიდეო?!
ამდენად, დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ხალხსაც უნდა ცხოვრება და მათ მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ, ეს რომან გოცირიძე იქნება, თინა ბოკუჩავა, თუ სამადაშვილი. ისინი პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან, მოგვწონს თუ არა და, თუკი პოლიტიკაზე უარს იტყვიან, რით უნდა ირჩინონ თავი? მაშინ რაღაც სხვას უნდა მოჰკიდონ ხელი.
„ისეთ ასაკში არ არის რომან გოცირიძე, პროფესია შეიცვალოს. მართალია, საკმაოდ კარგი ეკონომისტია, მას შეუძლია, ლექცია წაიკითხოს, სტატიები და კვლევები წეროს, მაგრამ პოლიტიკაშია მისი ძირითადი საქმიანობა. ამიტომ ხელფასის აღების გამო ვერ გავკიცხავ. უბრალოდ, პრობლემა შეიქმნება მაშინ, როცა პარლამენტი მას უფლებამოსილებას შეუწყვეტს. მერე უფრო საინტერესოა, რით იცხოვრებენ, რამდენად ლეგალური შემოსავალი ექნებათ. შესაძლოა, პარტიის კმაყოფაზე დასხდნენ და საზღვარგარეთიდან შემოსული შავი ფული აიღონ, რაც იკრძალება. საზღვარგარეთიდან პოლიტიკური საქმიანობის ნებისმიერი დაფინანსება დანაშაულია. ამით შეიძლება დაინტერესდეს მედია. დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობა“ საზღვარგარეთიდან შემოსული შავი ფულით არსებობს ამდენი ხნის განმავლობაში“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამ ადამიანების პარლამენტში არშესვლა იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან არჩევნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა, ამიტომ ამის გარკვეული კომპენსირება პარლამენტმა უნდა მოახდინოს.
„ეს დეპუტატები სარგებლობენ ნდობით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, 25%-ზე მეტმა მისცა ხმა „ნაცმოძრაობას“, ისინი საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მათი ბრალი არ არის, მათ სურდათ პარლამენტის წევრობა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი არიან, უარი თქვან მანდატებზე. ამ შემთხვევაში, ისინი არიან მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები და შეუძლიათ ხელფასი მიიღონ, როგორც დაზარალებულმა მხარემ. მესმის, რომ კითხვა დაისმის, თუკი პარლამენტში არ შედიან, მაშინ ხელფასს რატომ იღებენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ პრემია-დანამატებს რომ იღებს ხშირად სრულიად არაფერში, მაშინ პრემია-დანამატებზე თქვან უარი და მერე მოსთხოვონ ოპოზიციას ხელფასზე უარის თქმა. გოცირიძესაც უნდოდა პარლამენტის წევრობა და ბოკუჩავასაც, თუმცა ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, აიღონ ხელფასი, მაგრამ მოახმარონ და დაურიგონ ხალხს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.