ბათუმში მომხდარი ინციდენტს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთი ნაწილი თვლის, რომ 23 იანვარს მიმდინარე აქციაზე ირაკლი ფანგანის მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა თავისუფლების გამოხატვის აქტი იყო და ბრალდება, რომელიც ირაკლი ფანგანს წარუდგინეს, უსამართლოა. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია და სცდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფანგანს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრალი ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინეს. ფანგანი საკუთარ საქციელს არ ნანობს და ამბობს, რომ ეს ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ბრალდებული დარბაზიდან 25 იანვარს გაათავისუფლეს.
„დიდ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ნაგვის ურნა და დავახურე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, ხვალ გავიგებთ დანარჩენს. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, მოღალატე, ვინც შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს, ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს“, – აღნიშნა ირაკლი ფანგანმა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან ამბობს, რომ სამართლებრივად რთულია ეს ქმედება შეაფასო, რადგან შესაძლოა ჯდებოდეს კიდევაც თავისუფლების გამოხატვაში, თუმცა, ამავდროულად, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რომ მსგავსი ქმედება არ გასცდეს კონსტიტუციას.
„სამართლებრივად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ცოტა ხანში შეიძლება ვიხილოთ ან შეცვლილი ფორმულირება, ან საერთოდ მოხსნილი ბრალი. სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით დევნის ნაწილში ძალიან საკამათოა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროტესტი, საჯარო შეკრება სამართალდამცავებმა შეიძლება მიიჩნიონ დევნად, რაც არ არის დემოკრატიული სტანდარტი, პირდაპირ და უხეშად იჭრება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში.
გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ძალიან ფრთხილი მიდგომაა ყველგან. ეს შეიძლება იყოს ძალიან უხეში ფორმითაც კი, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს ამ სტანდარტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, როდესაც გამოხატვაზე ვსაუბრობთ, იქ როგორც კი ვამბობთ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ვინმემ, (როდესაც ამას სახელმწიფო ამბობს,) ამ შემთხვევაში მას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს, რომ დაამტკიცოს, ეს სტანდარტი დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება თუ არა.
შესაბამისად, ველი, რომ სახელმწიფოს ექნება საკმაო პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ასეთი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატული პროტესტი, ჩასვას იმ სტანდარტების ფარგლებში, რომელიც არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ისე მოახდინოს რეაგირება. სახიფათო პრეცენდენტების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მნიშვნელოვნად დავაზიანოთ დემოკრატია.
გამოხატვის თავისუფლება არ არის შემზღუდავი, მაგრამ ამავდროულად ეს შეზღუდვა უნდა იყოს იმ სტანდარტების შესაბამისი, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ ევროპული სასამართლო ადგენს, რაც დიდი ხანია დამკვიდრებულია“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა For.ge-სთან.
უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბათუმში მომხდარი შემთხვევა არის თავისუფლების გამოხატვის აქტი.
„გააჩნია რას ამბობს თვითონ ამ ქმედების ჩამდენი, ის რას გულისხმობდა ამაში. თუ ის გულისხმობს მისი მოსაზრების, პოზიციის გამოხატვას, რა თქმა უნდა, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, რადგან ხშირად ვამბობთ ყოფით ურთიერთობებში, რომ „მთავრობა ნაგავია“ - ნაგვის გადაყრა შეიძლება ჩაითვალოს ამ აზრის დემონსტრირებად.
გასათვალისწინებელია, რომ ეს საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. თუ მე აქციაზე მივედი, ვშიმშილობ, გამომაქვს პლაკატები და არავინ ყურადღებას არ მაქცევს, მე შეიძლება ქმედებაზე გადავიდე, რომელიც არაძალადობრივია. შეიძლება ჩაჯდეს გამოხატვის თავისუფლებაში, რადგან ევროსასამართლო ამბობს, რომ აზრის გამოხატვა შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს იმისთვის, ვისაც გადააყარეს ეს ნაგავი, მაგრამ სხვანაირად ამ ქმედების ჩამდენი ფიქრობს, რომ მან ვერ მოახერხა ამ ადამიანის ყურადღების მიქცევა“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ For.ge-სთან.
ცნობისათვის, 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.
ამასთან, პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.
ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა. უწყებაში განმარტავენ, რომ პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
ეს "გამოხატვის თავისუფლებააო", გვიმტკიცებენ ლევან ალაფიშვილი და ლია მუხაშავრია!..
თქვენი ამგვარი საქციელით აღშფოთებულმა რომელიმე მოქალაქემ რომ თავზე ღამის ქოთანი დაგიშვათ აივნიდან, იმედია მაშინაც "გამოხატვის თავისუფლებად" მიიჩნევთ ამგვარ საქციელს და ქვეყანას არ დაიმხობთ, ეს რა გვაკადრესო!..
ყოველი შემთხვევისას, ქუჩაში სიარულისას, ხშირ-ხშირად აიხედეთ ზევით: რა იცით, ვის რა ჭკუაზე დააყენებს "გამოხატვის თავისუფლება" !..
რაც თვითონ არიან, იმას აყრიან სხვას თავზე...