„საოცარია, რამდენად ეშინია პუტინს ამ ერთი ადამიანის (იგულისხმება ჯო ბაიდენი)“, - ასეთია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ენტონი ბლინკენის მოსაზრება, რომელიც კვლავინდებურად ნატოს გაფართოების და მის რიგებში საქართველოს მიღების მომხრეა. ბლინკენის ლოგიკა მარტივია - ვინც გახდა ნატოს წევრი, მათ მიმართ რუსეთმა აგრესია შეწყვიტა.
ენტონი ბლინკენის ფიგურამ და, ზოგადად, ამერიკის ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულებამ რუსეთის მიმართ ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეებს მეტი იმედი მისცა. ენტონი ბლინკენი ხომ ის ამერიკელი დიპლომატია, რომელიც თითქმის ოცი წელიწადია, ბაიდენს არ მოშორებია. ის მონაწილეობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, ბინ ლადენის ლიკვიდაციის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და ისლამური სახელმწიფოს ომის საკითხებთან დაკავშირებით.
ქართველებს განსაკუთრებით შოთა რუსთაველის ფრაზით დაამახსოვრა თავი - „რასაცა გასცემ, შენია, რას -არა, დაკარგულია“. ეს სიტყვები ბლინკენმა 2015 წელს ვაშინგტონში წარმოთქვა, როცა გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე საუბრობდა.
რამდენად ეშინია პუტინს ბაიდენის, ნატოს კარი როდის გაიღება ჩვენთვის და რას ნიშნავს დავით ზალკალიანის ვიცე-პრემიერობა, იმას ხომ არა, რომ დასავლეთის დიდი საგარეო ფრონტი სწორედ საქართველოში იხსნება რუსეთის წინააღმდეგ?
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი ეშინია პუტინს, მაგრამ ენტონი ბლინკენის ეს ნათქვამი, ალბათ, მაინც უფრო ემოციურია. აქ შიშზე იმდენად არ არის საუბარი, რამდენადაც ენტონი ბლინკენის განწყობაზე, რომელმაც საინტერესოდ დაასკვნა, რომ რუსეთის აგრესია სწორედ იმ ქვეყნების მიმართ ხორციელდება, რომლებიც ნატომ, თითქოსდა, შუა გზაზე მიატოვა, ანუ დაჰპირდა მიღებას და მერე აღარ მიიღო. თავის დროზე რომ მიეღო, 2008-ში, ან 2008-მდე, რუსეთი აგრესიას ვერ გაბედავდა.
„რაც არ უნდა „როჟებს კერავდეს“ პუტინი, ის ვერ გაბედავდა ნატოზე თავდასხმის განხორციელებას. ეს სრული კატასტროფა იქნებოდა რუსეთისთვის. ამიტომ იმთავითვე სწორია ენტონი ბლინკენის პოზიცია. ყველაზე საჭოჭმანო მომენტი, რაც ნატოში საქართველოს მიღების თვალსაზრისით არსებობს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ვითარება დელიკატურია და რაღაც ფორმა უნდა მოინახოს ამისათვის, რადგან არ შეიძლება, საქართველო ფრაგმენტულად შევიდეს ნატოში. უნდა შევიდეს, როგორც ერთიანი სახელმწიფო თავისი ტერიტორიული მთლიანობით. ეს კი წარმოშობს რუსეთთან კონფრონტაციის საშიშროებას, რადგან საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. თუ საქართველო შევიდა ნატოში, ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებულია ნატოს ტერიტორია რუსეთის მიერ. ეს მნიშვნელოვანი კაზუს ბელი, ანუ ომის საბაბია. რა გამოდის? თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, რუსეთსა და ნატოს შორის კაზუს ბელი მდგომარეობა იქნება, რასაც შეიძლება ომი მოჰყვეს ნებისმიერ დროს. ამიტომ ნატოში მისაღებად რაღაც ფორმა უნდა გამოინახოს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ზალკალიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნას, ანალიტიკოსმა განმარტა, რომ, ცალსახად, ეს არის აქცენტი, საგარეო პოლიტიკური მდგენელი, რომ დავით ზალკალიანის წონა გაზრდილია. ორი მიზეზი აქვს ამას, რა თქმა უნდა, ეს არის ნატოსთან ინტეგრაცია და, ასევე, წინასაარჩევნო პროგრამის აღსრულება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ 2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ძალიან ამბიციური საგარეო პოლიტიკური ორიენტირია.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმაც გააკეთა დამაიმედებელი განცხადება, აღნიშნული განცხადებები მისასალმებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, საერთო ჯამში, ნატოს ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ეს არის მთავარი გადაწყვეტილების ორგანო, სადაც შეხვედრები ტარდება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატოს მინისტერიალს რომ ეძახიან და, ასევე, ნატოს სამიტების ფარგლებში, სადაც იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოების მეთაურები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მიღწეულ იქნას კონსენსუსი ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას და მაპის პროცესის გავლის შემდეგ (რაც, პირველ რიგში, უნდა მიენიჭოს საქართველოს) ნატოს შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მიწვევა ნატოში.
„დღევანდელ ეტაპზე პრობლემაა, რომ არ არსებობს კონსენსუსი ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო - უკრაინასთან დაკავშირებით. ამიტომ მე პირადად მიმაჩნია, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა უნდა გამოიყენოს საქართველომ თავის სასარგებლოდ, რომ თუნდაც ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსდეს საქართველოში. თუ ჩვენ ვიქნებით ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, მაშინ იმდენად აქტუალური აღარ იქნება ნატოში გაწევრიანების საკითხი, რადგან თუნდაც იმავე ნატოს სამხედრო პოტენციალის 70%-ზე მეტი მოდის აშშ-ის წილად. ხოლო, თუ აშშ იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, არც თუ ისე ვიჩქაროთ ნატოში გასაწევრიანებლად. რა თქმა უნდა, სასურველია ნატოში გაწევრიანება, მაგრამ რეალობაა, რომ რიგი ქვეყნები აფერხებენ ნატოში ჩვენს გაწევრიანებას. ამიტომ საქართველომ ორიენტაცია უნდა აიღოს ორმხრივ თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე განმარტებით, ნატოს გენმდივნის განცხადება კარგია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ნატოს გენმდივანი ვერ წყვეტს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება - არგაწევრიანების საკითხს. გენერალური მდივანი, უბრალოდ, ახორციელებს ნატოს ყოველდღიურ საქმიანობას.