ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამართულმა საპროტესტო აქციებმა და ბიზნესის მზარდმა უკმაყოფილებამ, რაღაც შედეგი მოიტანა. კვირის პირველი სამუშაო დღეს ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში განიხილეს.
მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანების წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ იმ ეტაპებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს განხილული 1-ლი თებერვლის შემდეგ, რათა, საბოლოო ჯამში, ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება. ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ სამუშაო პროცესშია სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ის ამოცანები განხორციელებული, რომელიც ერთად გვაქვს დასახული ბიზნესის გახსნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და ისინი არ არიან გახსნის წინააღმდეგი, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს უპყრიათ.
ბურჯანაძის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება რესტორნების და კვების ობიექტების კვლავ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისზე დატოვების შესახებ, ბიზნესის ლიკვიდაციაა.
„ჩაკეტილ სიტუაციაში ვრჩებით და სამწუხაროდ, მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესის ლიკვიდაციაა. სარესტორნო სფეროში 95% იჯარის ქვეშაა და ბიზნესი ოპერირების გარეშე ვეღარ შეძლებს, რომ თუნდაც შეღავათით იჯარა გადაიხადოს და ვერც მფლობელები შეძლებენ, უპერსპექტივო ბიზნესზე ფართი იჯარით გასცენ. ამასთან, როდესაც მფლობელები ხედავენ, რომ მინუსში მიდიან და უპერსპექტივოა გახსნა, უბრალოდ, უარს იტყვიან მუშაობის გაგრძელებაზე და თანამშრომლებს გაუშვებენ.
ამ სფეროს ლიკვიდირებით სხვა სფეროების ჩაძირვაც მოხდება. ესაა 3.5-მილიარდიანი ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად 300 მილიონამდე მხოლოდ დღგ-ს იხდიდა ბიუჯეტში.
გადაწყვეტილების მიმღებებს ეს არგუმენტები რაციონალურად გაანალიზებული არ აქვთ. პრობლემას ვხედავ ეპიდემიოლოგებში, რომლებმაც გარკვეული წნეხი განიცადეს პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ შექმნილი პრობლემებისგან და დღეს უნდათ წარმოაჩინონ, რომ ეპიდემიის მართვა შეუძლიათ. ჩაკეტვით პრობლემა არ წყდება.
ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ეპიდემიოლოგებმა თავიანთ კომპეტენციაში, თუ ეს გააჩნიათ, დადონ პროგრამა ეპიდემიასთან ერთად მუშაობის და თანაცხოვრების. ვერავინ იტყვის, რომ ეპიდემია რამოდენიმე თვეში მორჩება, ხოლო ასეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში ვერავინ იარსებებს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
კიდევ უფრო მძიმე პერსპექტივაზე საუბრობს ბიზნესმენი კოტე გაბრიჩიძე, რომლის აზრითაც, ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება და ხელფასს ვეღარ მიიღებს ვერავინ.
„15 ბიზნეს ასოციაცია გავერთიანდით და ვთქვით, რომ უკვე, თითქმის, 1 წელია ქვეყანა გაჩერებულია. რომელ ბიზნესს შეაქვს გადასახადი ბიუჯეტში? გამყრელიძე რომ ამბობს, სკოლები გავხსნათო, სკოლების ასამუშავებელი ფული ბიუჯეტში დევს? თითქმის 3 თვეა ვითხოვთ ამირან გამყრელიძესთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები.
დოვლათს ვქმნით ჩვენ და მთავრობა განკარგავს. გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი.
„დაეტიონ სახლში“ - ასეთ მოთხოვნებს ვინ ითხოვს იცით? - ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს, მაგრამ ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი... მერე გამოვიდნენ და თქვან, რომ ვიჯდეთ სახლში“, - აღნიშნა გადაცემა „საქმეში“ გაბრიჩიძემ.
ბიზნესის გახსნის პარალელურად მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს ტრანსპორტის ამუშავებას და კომენდანტის საათის გაუქმებას.