კოვიდინფექციის გამოვლენის მიუხედავად, პაპილომავირუსული ინფექცია არსად არ გამქრალა. ამიტომ მედიკოსები ჩვენს მანდილოსნებს სკრინინგ ტესტის ჩატარებას ურჩევენ, რათა კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. საშვილოსნოს ყელის კიბოს – ვერაგი დაავადების შესახებ For.ge-ს მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ალიბეგაშვილი ესაუბრა.
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენის შემთხვევები კლებულობს. შეიძლება, რომ ეს სკრინინგის პროგრამის დამსახურება იყოს?
- საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენის შემცირების თვალსაზრისით, გარკვეული წილი სკრინინგის პროგრამის ამუშავებას მიუძღვის. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოცვა სკრინინგული პროგრამით, რაც არ არის ჩვენთან მაღალი. რაც უფრო მეტი მანდილოსანი გაიკეთებს სკრინინგ ტესტს, მით უკეთესი შედეგი გვექნება დროთა განმავლობაში, რომ კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებისკენ წავიდეს.
ისევ ძალაშია, რომ 25-დან 60 წლამდე სკრინინგ პროგრამა უფასოა?
- რა თქმა უნდა, 25-დან 60 წლამდე ყველას ეკუთვნის სკრინინგული პროგრამა საქართველოს მასშტაბით, მით უმეტეს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.
პანდემიის პირობებში როგორ მიმდინარეობს სკრინინგის პროგრამა, ხომ არ შემცირდა მანდილოსნების მხრიდან მომართვიანობა?
- პანდემიის და ახალი კოვიდინფექციის გამოვლენის მიუხედავად, პაპილომავირუსული ინფექცია არსად არ გამქრალა. დღესდღეობით დაწესებული რეგულაციები, ტრანსპორტის შეზღუდვა, მოსახლეობის მობილობის შემცირება, რა თქმა უნდა, აისახება ქალბატონებზეც, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოკვლევაზე მოსვლას. ფაქტია, მოსახლეობის მომართვიანობა შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სკრინინგ ცენტრი აბსოლუტურად ყველა რეგულაციას იცავს, მათ შორის, შემომსვლელების ნაკადთა მართვას, ჩვენს დაწესებულებაში ბევრ ხალხს ერთდროულად არ უშვებენ, ორმეტრიანი დისტანცია დაცულია, აუცილებელია პირბადე, თერმოსკრინინგი, დეზინფექცია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადება დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამდენად, საინტერესოა, პირველადი ნიშნები როგორ ვლინდება? ჯერ მკერდზე ხომ არ ხდება გამოვლენა და მერე საშვილოსნოზე?
- საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიები ერთმანეთთან კავშირში არ არის, არც წარმომავლობით, არც მიმდინარეობით. საშვილოსნოს ყელის კიბო გამოწვეულია პაპილომავირუსით, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ონკოაგრესიული ვირუსით ინფიცირება მოხდა, ორგანიზმში ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში იწყება ამ ვირუსის ავი ქმედებები, რომლებიც თავიდან კიბოს წინა მდგომარეობის სახით ყალიბდება. კიბოს წინა მდგომარეობებს ისევე, როგორც კიბოს ადრეულ სტადიას, შეიძლება არანაირი კლინიკური გამოვლენა არ ჰქონდეს. ეს არის ვერაგობა ამ დაავადების, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს მისი წინამორბედი და ადრეული სტადიები. რაც შეეხება სიმპტომებს, აქ მთავარია სისხლიანი გამონადენი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად არის კონტაქტური გამონადენის სახით. საუბარია სქესობრივი ცხოვრების შემდეგ სისხლიან გამონადენზე. ასევე, შეიძლება იყოს ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი, როდესაც ქალს ან ციკლი გაუხანგრძლივდება, ან ციკლებს შორის სისხლიანი გამონადენი დაეწყება ყოვლად უმიზეზოდ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ქალის რეპროდუქციულ ასაკში, პოსტმენოპაუზურ ასაკში, თუ პერიმენოპაუზურ ასაკში. როდესაც უადგილო სისხლიანი გამონადენი დაეწყება ქალს, ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბო იყოს მიჩნეული. შეიძლება, სხვა მიზეზებიც არსებობდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობა. ეს ყველაზე ადრეული სიმპტომია.
ასევე, ადრეულ სიმპტომთა შორისაა საშოდან უსიამოვნო სუნიანი გამონადენი, როდესაც იქ მიმდინარეობს ქსოვილის ნეკროზი, მეორადი ინფექციის, პირობითად პათოგენური ინფექციის, გააქტიურება და ადგილობრივი ანთებითი პროცესის ჩამოყალიბება.
აზიურ ქვეყნებში მამაკაცთა წინადაცვეთის ტრადიციაა, რაც უზრუნველყოფს, რომ მამაკაცისგან მანდილოსნებს არ გადაედოთ ეს ვირუსი, მაგრამ თავად მამაკაცებიც არ არიან დაცულნი ამ ინფექციისგან?
- ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც ისევე უსიმპტომოდ მიმდინარეობს მამაკაცებში, როგორც მანდილოსნებში. მამაკაცმაც ხომ სქესობრივი გზით შეიძინა ეს დაავადება? ამდენად, ეს არის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ბრუნავს ჩვენს სოციუმში. ამერიკელი ეპიდემიოლოგების კვლევით, მოსახლეობის 75%-ს თავისი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ხვდება პაპილომავირუსული ინფექცია, მაგრამ კიბო ყველას არ უვითარდება. ამისთვის გარდა მაღალი რისკის პაპილომა ვირუსისა სხვა რისკფაქტორების არსებობაც არის საჭირო. ეს არის სქესობრივი გზით შეძენილი ინფექცია.
რამდენად მარტივია სკრინინგ ტესტის ჩატარება და უჯრედის დონეზე გამოკვლევა მანდილოსნებისთვის?
- ჩვენთან ტარდება ციტოლოგიური ტესტი. ეს არის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსიდან აღებული მასალის უჯრედული კვლევა-პაპ ტესტირება. თავისთავად, ნაცხის აღების მომენტი არ არის რთული პროცედურა, ეს ჩვეულებრივი რუტინული პროცედურაა, რომელიც ნებისმიერი გინეკოლოგიური კვლევის დროს ტარდება ხოლმე. სარკეებით უნდა იყოს გაშიშვლებული საშვილოსნოს ყელი და სპეციალური ინსტრუმენტებით მოხდეს მასალის აღება. თუკი პაპ ტესტით გამოვლინდა ნორმიდან გარკვეული გადახრა, შემდეგი ეტაპია უკვე საშვილოსნოს ყელის დათვალიერება მიკროსკოპით – კოლპოსკოპით, ესეც არ არის რთული პროცედურა. ამ დროსაც აუცილებელია ჩაიდგას სარკეები საშოში და წარმოჩინდეს ყელი. ამ დროს დამატებით იყენებენ ე.წ. ძმარმჟავის ხსნარის ტესტს და შილერის ტესტს, მცირედი სითხის დატანება ხდება ლორწოვანზე, ამით ხდება მიკროსკოპით შეფასება, რა ცვლილებებს განიცდის ლორწოვანი სითხეების ზეგავლენით. ანალოგიურად ძალიან მცირედი დისკომფორტია ამ დროს, შეიძლება, ქალმა იგრძნოს წვის შეგრძნება, მაგრამ ეს არ არის გაუსაძლისი, სულ რაღაც 15-წუთიანი პროცედურაა და მერე გადის დისკომფორტი. მაგრამ, თუ კოლპოსკოპიური კვლევის დროს გამოვლინდა გარკვეული ცვლილება, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს, შემდეგი ეტაპი არის ბიოფსიის აღება. ეს არის სპეციალური ხელსაწყოთი პატარა უბნის „მოჩქმეტა“ და მისი გაგზავნა მორფოლოგიურ კვლევაზე. ითვლება, რომ საშვილოსნოს ზედაპირზე ძალიან მცირეა ნერვული დაბოლოებები და ბიოფსიის აღება არ წარმოადგენს მტკივნეულ პროცედურას, არ სჭირდება ამას სპეციალური ანესთეზიის ჩატარება. ეს მარტივი, წამიერი პროცედურაა.
თუკი რამოდენიმე წლის წინ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 20.9 შემთხვევა იყო, ახლა რამდენი შემთხვევაა?
-ახლა ასი ათას სულ მოსახლეზე 16, 7 შემთხვევაა, ანუ დაწეულია შემთხვევების რიცხვი. ჩვენ ვეყრდნობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2019 წლის სტატისტიკას, ჯერ არ გვაქვს შეჯამებული 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკა. 2016 წელს იყო 406 ახალი შემთხვევა, 2019 წელს - 322 ახალი შემთხვევა, ანუ კლება აშკარაა.
აფრიკასა და ლათინურ ამერიკასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ევროპასთან მიმართებით ეს მონაცემები არაა დამამშვიდებელი?
- ამ მხრივ ჩვენ გვაქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის საშუალო მაჩვენებლები. იმავე ევროპაში, თუნდაც ლატვიაში და ბოსნია–ჰერცოგოვინაში ძალიან მაღალია შემთხვევათა რაოდენობა, დაახლოებით 25 შემთხვევაა ასი ათას მოსახლეზე, მაგრამ არსებობს, ასევე, ფინეთი და შვედეთი, სადაც დაახლოებით 3–5 შემთხვევაა ასი ათას მოსახლეზე.
ევროპაში შემთხვევების ასეთი განსხვავება რით აიხსნება? დროული მიმართვიანობით?
- რა თქმა უნდა, სადღაც უკეთესადაა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია ორგანიზებული, სადღაც უარესად.