მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ დიდ ქალაქებში 1-ელ მარტამდე კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, ამან სახლში გამოკეტილი ჩვენი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ხალხს განცდა გაუჩნდა, რომ მთავრობას არ აინტერესებს უმანქანო ადამიანების გასაჭირი და არც მათი გადაადგილება ადარდებს. ეს მაშინ, როცა ჩვენი თანამოქალაქეების 58%-ს საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით თბილისში 25 იანვარს საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „მწვანეები“. „მწვანეებს“ მიაჩნიათ, რომ უამრავი კვლევის თანახმად, ტრანსპორტში კოვიდ-19-ის გადადების რისკი მინიმალური, სულ რაღაც 1%-ია, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით გაუგებარია. ახალგაზრდა „მწვანეების“ აზრით, მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას და არ იმჩნევს, რომ სახლში გამოკეტილ ადამიანებს ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად ფსიქიკური ჯანმრთელობაც შეერყათ.
უფრო ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს მთავრობას, 1-ელი თებერვლიდან აღედგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ტრანსპორტის გარეშე მოსახლეობის დატოვება დისკრიმინაცია და მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე ზრუნვაა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევანს არ უტოვებს იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე.
საზოგადოების ნაწილი „გამოსავალს“ სთავაზობს მთავრობას, ან იაფი ტაქსებით უზრუნველყოს გადაადგილების გარეშე დარჩენილი უმანქანო მოსახლეობა, ან ველოსიპედები დაურიგოს, რათა დისკრიმინირებულთა ამხელა კასტა არ მივიღოთ.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მერია და ტრანსპორტის სამსახური არაფერ შუაშია, რადგან ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მერიის ტრანსპორტის სამსახური ტრანსპორტის აღდგენისთვის მზად იყო.
„მე მქონდა კონსულტაცია ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან, მათ სრული მზადყოფნა აქვთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, სრულიად აღდგეს მოძრაობა დედაქალაქში. თუმცა გაუგებარია ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილება, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ არავინ არ გვიხსნის ამა თუ იმ გადაწყვეტილების შინაარსს. ჩემი ინფორმაციით, დღეს საქართველო მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია, ასეთი სხვა ქვეყანა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ევროპაში. ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ არის რელევანტური, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არ შეიძლება ისევე, როგორც არ შეიძლება პოლიციის და სასწრაფო დახმარების აკრძალვა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ კერძო ავტომობილი. ამდენად, საინტერესოა, ვის ხარჯზე შეზღუდეს საკოორდინაციო საბჭომ და ეპიდემიოლოგებმა დედაქალაქში გადაადგილება? იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც არ ჰყავთ კერძო ავტომობილები. ასეთი კი ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაა. ძირითადად ესენი არიან სოციალურად დაუცველები, სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახები, ყველაზე მეტად მათ დაარტყა ამ აკრძალვამ“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში ეკონომიკის გაღვიძება წარმოუდგენელია. რაც არ უნდა უთხრან ბიზნესმენებს, გახსენით კვების ობიექტი, რესტორანი, იქ თუ დასაქმებული და მომხმარებელი ვერ მივა და მისასვლელი გზები ჩაჭრილი იქნება, ვერანაირი ეკონომიკა ვერ გაიღვიძებს. ამდენად, ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის განცხადება, რადგან ბიზნესობიექტებისკენ გზა ჩაჭრილია.
მისივე აზრით, პირიქით, უნდა აღდგენილიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მით უმეტეს, მაშინ, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება.
„სახლში ჯდომით როგორ ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება? თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, 1-ელ აპრილს აღადგინონ ტრანსპორტი. უბრალოდ, 1-ლი მარტი ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტია. ეს პირველი გადავადება ხომ არ არის? მე საერთოდ ვერ გავიგე ამ ეპიდემიოლოგების, არაფერს ასაბუთებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ გააჩინა მგზავრთა საქალაქთაშორისო უკანონო გადაყვანა. ველოსიპედები და შედარებით იაფფასიანი ტაქსებიც რომ იყოს, ვერაფერი ვერ შეცვლის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუცვლელია. მის გარეშე ადამიანები ვერ მიიღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას, ვერ მიხედავენ სხვა მისამართზე მცხოვრებ ოჯახის წევრებს, ვერ წავლენ სამსახურში, დასაქმების ადგილზე, ვერ მივლენ ღია ობიექტებამდე. ხელისუფლება ტაქსებზე მომატებულ ფასს ვერ შეცვლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემთხვევაში კი ყველაფერი დარეგულირდება. თუ არ აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანამდე შენარჩუნდება უკანონო გადაყვანა, გაძვირებული ტაქსები. მგზავრობაზე მოთხოვნა რადგან გაიზარდა, გაზრდილი მოთხოვნა ყოველთვის აძვირებს მომსახურებას“, - მიიჩნევს დავით მესხიშვილი.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ადასტურებს, რომ არსებობდა მოლოდინი, ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თბილისშიც აღდგებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მით უმეტეს, უკვე ერთი კვირაა, კორონაპანდემიის სტატისტიკა საქართველოში ქვემოთ იწევს. თუმცა რატომღაც 1-ლი მარტისთვის ძალიან გახანგრძლივდა ეს ვადა.
„შეიძლება, ბევრი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა გადამწყვეტი არ არის, რადგან მათ საკუთარი მანქანები ჰყავთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანია, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრანსპორტის არსებობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა ვერც ტაქსების გაიაფება იქნება, რადგან ტაქსი მაინც კერძო სექტორია და მისი ფასების დარეგულირებაში ვერ ჩაერევა ხელისუფლება. უბრალოდ, ხელისუფლებას შეეძლო ადმინისტრირება კიდევ უფრო გაეძლიერებინა და კამპანია წარემართა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ ჩვენი რომელიმე თანამოქალაქისთვის გადამწყვეტი არ იყო ტრანსპორტით მგზავრობა, ადგილი დაეთმო სხვისთვის, ვისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობას ავიცილებდით. თუმცა მაინც მგონია, რომ, რადგან ჩვენი ხალხის ცნობიერება სათანადო დონეზე არ არის და ჯერ კიდევ პირბადეს ვერ ვიკეთებთ სწორად, ალბათ, ამის გამო არ გარისკა ხელისუფლებამ და 1-ლი თებერვლიდან არ გახსნა დიდი ქალაქები. კორონაპანდემიის მიუხედავად, ტრანსპორტი მუშაობს სხვა ქვეყნებში, თუმცა იქ ხალხის ცნობიერება სხვა დონეზეა, მათი მენტალიტეტი სხვაა. იქ ასჯერ თქმა არ სჭირდებათ, რომ უნდა გაიკეთონ პირბადე“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ეკა ლალიაშვილი.
ამასთან, იმედოვნებს, რომ საკოორდინაციო საბჭო გადახედავს ამ გადაწყვეტილებას, რადგან არ შეიძლება ულიმიტოდ, ასე გაურკვევლად ტრანსპორტის გაჩერება. მით უმეტეს, როცა ბევრი ადამიანის ბედი დამოკიდებულია ამაზე.
„ყოველთვის შეზღუდვების მომხრე ვარ, როცა ეპიდვითარება ამას ითხოვს, რადგან ეპიდვითარება წამყვანი და მთავარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მოწყვლადი კატეგორია გვყავს, ვისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია“.