კორონავირუსის გავრცელებულის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ვადის გახანგრძლივება მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის მიუღებელია. 24 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები რეგულაციების მოხსნას ითხოვდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, ბიზნესის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
შემოღებული რეგულაციები, რომელიც 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა, სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, პანდემიის ე.წ. მესამე ტალღის თავიდან არიდებას ემსახურება. სწორედ ეს ნაწილი თვლის, რომ შეზღუდვების მოხსნამ დღეს არსებული, სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიძლება დაამძიმოს და ზუსტად ისეთი სურათი მივიღოთ, რაც „ლოკდაუნის“ მოხსნის შედეგად, მეორე ტალღის დროს მივიღეთ.
ინფექციონისტების ნაწილი For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შენარჩუნების მიზნით, რეგულაციების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება, ეპიდვითარების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და შესაბამისად, შესაძლოა მესამე ტალღა ქვეყანაში აღარ იყოს. სტაბილიზაციის შენარჩუნების ფონზე კი, მოსალოდნელია საქართველოში უკვე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია, რაც პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდება.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ რეგულაციების ვადის გახანგრძლივება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანამ მესამე ტალღა აღარ მიიღოს.
„რეგულაციების გახანგრძლივება საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან გარკვეულწილად მივაღწიეთ სტაბილიზაციას. ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, ისეთი არ არის, როგორიც იყო, მაგრამ საყურადღებოა. შეზღუდვები თანდათან მოიხსნება და ვფიქრობ ის, რაც აქამდე მოგვარდა და გაკეთდა, ძალიან კარგი იყო, შესაბამისად, ახლაც საჭიროა რეგულაციები, რომლის მოხსნაც თანდათან მოხდება.
მესამე ტალღას ვარაუდობს მთელი მსოფლიო და ამდენად, გამორიცხული არც ჩვენთან არ არის. თუმცა, ჩვენ თანდათან გავითავისეთ ეს რეგულაციები და იქნებ არ გვქონდეს ისეთი დრამატული მესამე ტალღა, როგორიც მეორე ტალღის დროს გვქონდა. სწორედ ამიტომაც არის ეს რეგულაციები და შეზღუდვები აუცილებელი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ შეზღუდვების ამოქმედების დღიდან დღემდე, მოსალოდნელი იყო ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო მეტად კლება, ვიდრე რეალურად გვქონდა. შესაბიმისად, რეგულაციების ვადის გახანგრძლივება აუცილებელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. მისივე თქმით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ყველაზე დიდ რისკს შეიცავს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.
„ჩვენ მაინც ველოდებოდით ინფიცირების მკვეთრ შემცირებას, თუმცა 1000-მდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. ეს საგანგაშო თუ არა საყურადღებოა. სწორედ ამიტომ მოხდა რეგულაციების მოხსნის გადაწევა მარტამდე. როდესაც ქვეყანა გაიხსნება, ეს შეიძლება დიდი ტალღის მომტანი იყოს. ამიტომაც თარიღმა გადაიწია.
ამ თარიღის გადაწევა პრობლემატურია ჩემთვის, ჩემი პაციენტებისთის, მოსახელობისთვის, მაგრამ ინფექციის გავრცელება უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდა ადამიანებს. ასეთი მაგალითი ჩვენ სამწუხაროდ გვქონდა, როდესაც ნაადრევად მოიხსნა რეგულაციები და მივიღეთ ინფიცირების ძლიერი ტალღა.
მესამე ტალღა საერთოდ ან იქნება ან არა. მესამე ტალღას მაინც ელოდებიან „ლოკდაუნის“ მოხსნის შემდეგ. თუ ინფექცია გარედან არ შემოვიდა, იმ დროისთვის უკვე იმდენ ადამიანს ექნება ვირუსი მოხდილი, რომ მეეჭვება ინფიცირებულთა დიდი ტალღა მივიღოთ და მესამე ტალღა დავარქვათ, თუმცა, სპონტანურად რაოდენობის მომატება შეიძლება იყოს.
მესამე ტალღა იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ადამიანები დაინფიცირდებიან უკვე სხვა ტიპის იგივე კოვიდინფექციით, ოღონდ სხვა გენეტიკური მასალის მატარებელი ვირუსით. ასეთი შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა, თუმცა, მაინც სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგულაციების მოხსნის მარტამდე გადაწევით, ზედმეტი სიფრთხილე გამოვიჩინეთ. მისივე თქმით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, შესაძლებელი იყო თებერვლის პირველივე რიცხვიდან, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, თუმცა, ეს უნდა მომხდარიყო წესებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით.
„ჩემი აზრით, სიფრთხილე იქნა გამოჩენილი, ზედმეტი სიფრთხილეც კი, მაგრამ გახსნა, რასაც მოსახლეობა ლეგიტიმურად ითხოვს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც რისკებთანაა დაკავშირებული. ტრანსპორტის აღდგენა გამოიწვევს მობილობის გაზრდას, ამიტომ რისკები არის ძალიან მაღალი.
იმ შემთხვევაში, თუ მოწესრიგდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თებერვლის დასაწყისიდან შესაძელებელი იყო, რომ აღედგინათ. სხვა შემთხვევაში, მაღალ რისკს შეიცავს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულიყო. ამ ეტაპზე, ვთვლი, რომ ეპდემიოლოგიური სიტუაცია არის სტაბილური.
ბოლო სამი კვირაა გვაქვს შემთხვევების კლება. ჩემი პირადი განცდაა, რომ შეიძლებოდა მეტად გახსნილიყო ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი რისკებს შეიცავს. თუ ასეთ სტაბილურ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, თანაც მოხერხდება, რომ ვაქცინაცია უახლოეს თვენახევარში დაიწყოს, მესამე ტალღა ან არ იქნება, ან თუ იქნება, ბევრად მსუბუქად, ვიდრე გვქონდა შემოდგომა-ზამთარში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.