მმართველი საპარლამენტო კოალიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს. „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს იმ დოკუმენტის პროექტს, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ გასაცნობად და შესათანხმებლად საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის უმცირესობაში წარმოდგენილ ფრაქციებს გადაუგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი ფრაქციებს 18 იანვარს დაეგზავნათ და შენიშვნების წარდგენის ვადა 10 თებერვალს ამოიწურა.
„საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ ასე გამოიყურება:
1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა ემყარებოდეს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ბალანსის პრინციპს;
2. სახელმწიფო მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. ამ სტრატეგიული მიმართულების წარმატებით რეალიზაციის ძირითადი წინაპირობაა დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპირობო დამკვიდრება;
4. საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი;
5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;
6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, განავითაროს თანამშრომლობა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები;
7. საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით;
8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად;
9. საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა;
10. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად;
11. დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;
12. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;
13. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში;
14. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა“.
წარმოდგენილმა დოკუმენტმა უკვე გამოიწვია ვნებათაღელვა, რადგან საპარლამენტო უმცირესობის წევრები და რიგი ექსპერტებისა მიიჩნევენ, რომ ის გარკვეული საფრთხის შემცველია, მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ამ თემის ხელოვნურად ანგაჟირება ხდება.
პოლიტიკური ექსპერტი გია ნოდია ფიქრობს, რომ კარგია საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დიალოგი რომ არსებობს და არის მზაობა, რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ექსპერტს კითხვებს უჩენს დოკუმენტის მე-9 პუნქტი, სადაც საუბარია, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთერთობაში საქართველო პრობლემური არ უნდა იყოს.
„ეს პუნქტი არსებითად აუქმებს დოკუმენტის ზოგად სულისკვეთებას და არსს, ანუ პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დასავლეთის მხარდაჭერაზე, რადგან თუკი დასავლეთი მხარს გვიჭერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რუსეთს არ მოეწონება და ჩვენ ეს წინასწარ ვიცით. ხოლო თუ უარს ვამბობთ დასავლეთის მხარდაჭერაზე, მაშინ საუბარი ჩვენს პროდასავლურ ორიენტაციაზე რაღაც ლიტონი და უშინაარსო განცხადებაა“, - აცხადებს ექსპერტი.
ნოდია ამბობს, რომ შეიძლება აქ შეფარული პოლიტიკაა, ან შეიძლება ეს არაკომპეტენტურობის და ზედაპირულობის ბრალიც იყოს. მისი თქმით, შეიძლება პრობლემის არსში ჩაუხედავმა ადამიანმა ეს ვერ დაინახოს, მაგრამ რეალურად ეს პუნქტი აბათილებს იმ ზოგად განცხადებას, რომ ჩვენ დასავლური ორიენტაცია გვაქვს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამგვარი დოკუმენტის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან რაც შეეხება დეკლარაციებს, ან დადგენილებით მიღებულ დოკუმენტებს, დარჩიაშვილის თქმით, ამგვარი დოკუმენტი უკვე არსებობს. ეს არის „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ძალიან ნათლად საუბრობს, ხოლო თუ საპარლამენტო უმრავლესობას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, ეს პირდაპირ უნდა თქვას.
„ჩვენი წინადადება იყო სულ სხვა, რომ კონსტიტუციური კანონის დონეზე იქნას აყვანილი ჩვენი ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობა. დამატებით რაღაც ტექსტების მიღება არ მგონია, რომ საჭირო იყოს. თვითონ დოკუმენტის ტექსტს რაც შეეხება, ნაწილობრივ ის ძალიან ზოგადია, რადგან გასაგებია, რომ ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უნდა იბრძოდეს. კარგია, რომ წერია დეოკუპაციის აუცილებლობა და ამის ჩაუწერლობა წარმოუდგენელიც არის, მაგრამ არ ჩანს კონკრეტიკა და სწორედ ეს არის პრობლემა“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის მეცხრე პუნქტს მხარს არ დაუჭერს, მაგრამ ზოგადადაც ამგვარი დოკუმენტი დეპუტატისთვის მიუღებელია. მისი თქმით, თუ ეს დოკუმენტი მეცხრე პუნქტის გარეშე ვიღაცისთვის განსაკუთრებით ღირებულია, მაშინ ეს დოკუმენტი განხილული უნდა იყოს პაკეტში სხვა საკითხებთან, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში უმცირესობის წარმომადგენლისთვის ამ დოკუმენტის მიღება წარმოუდგენელია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი დოკუმენტის მე-9 პუნქტთან დაკავშირებით დაწყებულ აჟიოტაჟს ჭიქაში ქარიშხალის ატეხვას უწოდებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნებისმიერი რამისთვის ისეთი კონტექსტის მიცემა, როგორიც მათ აწყობთ, მათი ჩვეული სტილია.
„საქართველოს ინტერესები ტერიტორიულ მთლიანობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის წინააღმდეგობის საგანი არის და დარჩება, მაგრამ აქ სხვა რამ იგულისხმება. ჩვენ არ შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გავხდეთ, ანუ საქართველოს მხრიდან ერთგვარი წინააღმდეგობების პროვოცირება არ უნდა ხდებოდეს. აქ საუბარია დავითის და გოლიათის ბრძოლაზე“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ის, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიების აღიარებას არ აპირებს, ეს სტატუს-კვო უნდა იყოს შენარჩუნებული. დოკუმენტში კი მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ამის გარდა სხვა ტიპის რისკები არ უნდა ჩნდებოდეს.
„თბილისიდან ვიღაც მუდმივად არ უნდა უფითილებდეს, რომ ეს რისკები გაიზარდოს. დიდი დაპირისპირების პროვოცირება არ უნდა ხდებოდეს საქართველოს მხრიდან. დიდი პოლიტიკის ხურდა ფულის საგანი არ უნდა ვხდებოდეთ მუდმივად და გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში არ უნდა ვიყოთ“, - აცხადებს ექსპერტი.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, რომ დოკუმენტის ამ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთერთობებში საქართველო მუდმივი დაბრკოლების საგანი არ უნდა იყოს.
„ამ ყველაფერს ცოტა ფართო და გლობალური გაგება უნდა. ეს ურთიერთობები ჩვენი მხრიდან, ანუ ამერიკასა და ევროპასთან უნდა განვითარდეს ისე და იმგვარად, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობებიც უნდა მოწესრიგდეს (გვინდა თუ არ გვინდა, ეს საჭიროა, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი მთავარი ამოცანაა), რომ ამ განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფაქტორი აღარ უნდა იყოს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაც კონკრეტულს ვაკეთებთ ან რუსეთის ან დასავლეთის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - ამბობს მანანა კობახიძე.
მისი თქმით, ხელისუფლების უპირველესი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაა, მაგრამ მას ასევე არ სურს, რომ სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში საქართველო მუდმივად დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს. დეპუტატის თქმით, ცხადია, რომ არც ევროპას და არც ამერიკას არ სურთ, რომ საქართველო მუდმივად დაპირისპირების საგანი იყოს და ისინიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრენი არიან. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ნორმალიზება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობას. აქვე კობახიძე განმარტავს, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზება დღეის და ხვალის საქმე არ არის და ამას დიდი დრო სჭირდება.
დეპუტატი ამბობს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ოფიციალურად შენიშვნები არ გამოთქმულა, თუ არ ჩავთვლით დეპუტატების ზეპირ განცხადებებს. იგივეს ადასტურებს for.ge-სთან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილიც, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, საერთოდ არასაჭიროდ თვლის ამგვარი დოკუმენტის მიღებას.