ანტაგონიზმი ორ მეტოქე პოლიტიკურ ძალას შორის ბოლოს გადაიზარდა ძალადობაში, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშკარად დასდო ბრალი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
8 თებერვალს, თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც სააკაშვილი ხალხისადმი თავისი ყოველწლიური მიმართვისთვის ემზადებოდა, სააკაშვილის წინააღმდეგ განწყობილი დემონსტრანტები თავს დაესხნენ პარლამენტარებსა და მაღალჩინოსნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
სააკაშვილი და ივანიშვილი ახლა ცდილობენ სიტუაცია თავიანთი პოლიტიკური უპირატესობისთვის გამოიყენონ და გამოხატავენ მზადყოფნას კომპრომისზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი თანაარსებობა ოქტომბრამდე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.
კონფრონტაცია პირდაპირი შედეგია იმ ჩიხისა, რომელიც შეიქმნა საპარლამენტო უმცირესობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელიც 150 საპარლამენტო მანდატიდან 85-ს ფლობს. „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად პრეზიდენტს ჩამოერთმევა მთავრობის დანიშვნის უფლება პარლამენტის დასტურის გარეშე. 6 თებერვალს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დაეთანხმება ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამავდროულად კონსტიტუციაში შევა ორი სხვა ცვლილება: პირველი მთავრობას ავალდებულებს პროდასავლური პოლიტიკის გატარებაში, ხოლო მეორე, რომ მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებები ხმების ორი მესამედის (100) ნაცვლად, ხმების ოთხი მეხუთედით (120) უნდა გატარდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ ულტიმატუმს იმით უპასუხა, რომ გადადო პარლამენტში სააკაშვილის ყოველწლიური გამოსვლა, რომელიც 8 თებერვალს იყო დაგეგმილი. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 7 თებერვალს განმარტა, რომ „მათ სურთ, პრეზიდენტმა მიმართოს ისეთ პარლამენტს, რომელსაც გააჩნია სათანადო უფლებამოსილებანი და არა ისეთ პარლამენტს, რომლის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტმა… ასე რომ, ჩვენი პოზიცია ასეთია – პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მიეცემა მიმართვის გაკეთების საშუალება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ კონკრეტული პრობლემის გარშემო (პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება), ან მას შემდეგ, რაც მისი პოლიტიკური გუნდი ღიად გამოხატავს თავის პოზიციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“.
უშუალოდ ინციდენტის შემდეგ გამოსვლაში უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს არ უცდია კონსტიტუციით გარანტირებული პრეზიდენტის უფლების გაუქმება, უბრალოდ გადადო მისი გამოსვლა. მაგრამ სააკაშვილმა, უსუფაშვილის თქმით, უარი თქვა ამ ვარიანტის განხილვაზე და ამის მაგივრად გადაწყვიტა, გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაეტარებინა. უსუფაშვილმა მიანიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო, თუ გავითვალისწინებთ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული პოლიციის მიერ გამოსვლაზე დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვდა ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი შესასვლელიდან შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მას ორი შესასვლელიდან გაუკეთა უსაფრთხო დერეფნები. ღარიბაშვილმა დასძინა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ განზრახ უბიძგებდნენ ძალადობისკენ თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამენტის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ დემონსტრანტებს, რომელთა რიცხვი 2000-ს აღწევდა. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ციხიდან და რომლებიც სასჯელს 2007 და 2011 წლების საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის იხდიდნენ.
მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანმა წევრებმა მაინც დაადანაშაულეს ივანიშვილი იმ ინციდენტის ინსპირირებაში, რომლის გამოც სამი ადამიანი დააპატიმრეს. თუმცა, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ინტერესში არ უნდა შედიოდეს ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელიც მათზე ცუდად აისახება და სააკაშვილს მორალური უპირატესობისთვის საფუძველს მისცემს.
9 თებერვლის წერილობით განცხადებაში, ივანიშვილმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო ძალადობა და დასძინა, რომ მისი თხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმის გამოძიება, თუ ვინ იდგა ამ ინციდენტის უკან. ამავე დროს, მან განაცხადა: „უკეთესი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტს გაეთვალისწინებინა უმრავლესობის წინადადება და ყოველწლიური მიმართვა გაეკეთებინა პარლამენტის შენობაში ორიოდე კვირის შემდეგ“.
ივანიშვილმა მოიწონა ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ბოდიში მოიხადა ძალაუფლებაში ყოფნისას დაშვებული „შეცდომებისთვის“ (რომლებიც არ დაუკონკრეტებია). ივანიშვილმა აღიარა ისიც, რომ სააკაშვილი განცხადებაში დაეთანხმა პრეზიდენტის ძალაუფლების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მისი და მისი გუნდის მიერ. თავის მხრივ, ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სააკაშვილთან და მის გუნდთან „კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით“ და მზად არის „გონივრული კომპრომისებისთვის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ“. 10 თებერვალს ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს პრეზიდენტთან კანონით დადგენილ ჩარჩოებში.
სააკაშვილმა პასუხად ივანიშვილი 11 თებერვალს მიიწვია პრეზიდენტის სასახლეში არა მხოლოდ კონსტიტუციის უკვე შეთანხმებული ცვლილებების გარშემო „რეალური დიალოგის“ დასაწყებად, არამედ იმისთვის, რომ განიხილონ „სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსენსუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი კოაბიტაციის უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის“. სააკაშვილმა ასევე კატეგორიულად უარყო, რომ გეგმავს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და ივანიშვილის გადაყენებას პრემიერმინისტრის თანამდებობიდან.
მაგრამ 10 თებერვალს, გვიან საღამოს ივანიშვილს ამ ინიციატივაზე პასუხი ჯერ გაცემული არ ჰქონდა, შეიძლება იმის შიშით, რომ სააკაშვილი უბრალოდ დროს იგებს. „ქართული ოცნების“ სხვა ცნობილმა წარმომადგენლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს სააკაშვილის გულწრფელობა, მათ შორის იყო კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც, რომელიც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად დაასახელა. სააკაშვილმა გასცა შემდეგი დირექტივა – „პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს… ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში“. ასეთი განცხადება კი, თუ გავითვალისწინებთ ბევრად უფრო ფართომასშტაბიან და სასტიკ რეპრესიებს, რომლებიც 2007 წლის ნოემბერსა და 2011 წლის მაისში გამოიყენეს ოპოზიციონერების წინააღმდეგ, ქმნის იმის რისკს, რომ სააკაშვილს ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულებენ. 2007 და 2011 წლების გამოსვლებით დემონსტრანტები კორუფციას, კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის გაუთავებელ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რადგან ამ ცვლილებებით ამყარებდა მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ თავის უპირატესობას.
ამასობაში კი ევროპის კავშირმა შეშფოთება გამოთქვა „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ძალაუფლების გაყოფის პროცესის გაუარესებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო შექმნილი დაპირისპირების გამო“. განცხადება მოუწოდებს „ყველა აქტორს საქართველოს პოლიტიკაში, თავი შეიკავონ სახელმწიფო პროცესების ან ინსტიტუტების გამოყენებისგან პარტიული ან პოლიტიკური მიზნებისთვის“.
მაგრამ არსებობს საფრთხე იმისა, რომ გასული კვირის დაპირისპირებამ შეიძლება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციაში გამოიწვიოს უთანხმოება მათ შორის, ვინც რბილი ზომების მომხრეა და მხარს უჭერს ივანიშვილის მოწოდებას პრეზიდენტთან კოოპერაციაზე და ვინც ხისტი პოზიციის მომხრეა და არ უნდა დათმობების რისკზე წასვლა, რადგან ამ დათმობებმა შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ წინააღმდეგ ბერკეტები გაუჩინოს. უთანხმოების ჩანასახმა უკვე იჩინა თავი რესპუბლიკურ პარტიასა და თავისუფალ დემოკრატებს შორის. ამ ორიდან პირველმა უკვე არაოფიციალურად წარადგინა კონსტიტუციის შესწორების ვერსია, რომელშიც უარყოფილია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები; ამის ნაცვლად პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. თავისუფალი დემოკრატები, ირაკლი ალასანიას მეთაურობით, ასეთ ცვლილებას არ ეთანხმებიან.
ამ დაპირისპირებამ შეიძლება წააქეზოს „ნაციონალური მოძრაობის“ „ქორები“ ვა-ბანკზე წასასვლელად მათ მცდელობაში, ძირი გამოუთხარონ ივანიშვილს. 1 თებერვალს, თბილისში თანაპარტიელებთან შეხვედრისას, ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა: „ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ მთავრობას 4 წელი [ძალაუფლების]… ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება ამ მთავრობას… განახორციელოს თავისი გეგმა – დაასუსტოს საქართველო“.
foreignpress.ge