შესაძლო განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის პარტიას იმედს უჩენს

შესაძლო განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის პარტიას იმედს უჩენს

იმის ნიშნებმა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის დაძაბულობა მატულობს, იმ სპეკულაციებს დაუდო სათავე, რომელთა თანახმად, „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის. ეს ფაქტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მომავალი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმედს უჩენს. მაგრამ ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოქტომბერში გამარჯვებისთვის უფრო მეტი რამ დასჭირდება, ვიდრე მხოლოდ განხეთქილება მმართველ კოალიციაში.

ვარაუდებმა მედიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია „ქართული ოცნება“ შეიძლება დაიშალოს, იმატა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ალასანიამ ვიცეპრეზიდენტის პოსტი დაკარგა. მოგვიანებით, ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მათი ურთიერთობის შესახებ, რომლებშიც გამოითქვა უცნაური ვარაუდი ალასანიასა და თბილისის მერის გიგი უგულავას ცოლის საზღვარგარეთ შესაძლო მოგზაურობის შესახებ, კიდევ უფრო შეუნთო ცეცხლი სიტუაციას.

5 თებერვლის პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი მთავრობის მმართველობის 100 დღეს მიეძღვნა, პრემიერმინისტრს წამოსცდა, რომ ალასანიას მოგზაურობის შესახებ კითხვა დაუსვა, თუმცა აქვე საჩქაროდ სცადა დისტანცირება ჭორებისაგან ღალატის შესახებ. „ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, ალასანია ჯერ ახალგაზრდა კაცია… ეს ყველაფერი ძალიან პირადულია და მე არ ვერევი პირადულ საკითხებში“, განაცხადა მან. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალასანიას კოალიციიდან წასვლა არ განიხილება, ხოლო ის საკითხი, თუ ვინ დასახელდება ვიცეპრემიერად (ალბათ, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი), დიდი მნიშვნელობისა არ არის.

ვინ არის აქ ბოსი

უთანხმოება ივანიშვილსა და ალასანიას შორის საჯაროდ ცნობილი 24 იანვარს გახდა, როდესაც პრემიერმინისტრის ოფისმა ალასანიას დაქვეითების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იანვარში, ივანიშვილმა ალასანიასგან განსხვავებული განმარტება მისცა ამ ფაქტის გარშემო. კერძოდ, ალასანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობები მას ძალიან დიდ დროს ართმევს, ხოლო ივანიშვილმა დაქვეითების მიზეზად „პატარა შეცდომა“ დაასახელა. „უბრალოდ პატარა გაუგებრობა იყო, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს… მან თავის გუნდთან, ვიწრო წრეში დაიწყო დისკუსია საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე (პრეზიდენტად)“, განაცხადა ივანიშვილმა. „ელემენტარული გაუფრთხილებლობა, რაც ირაკლიმ გამოიჩინა და შიგნით განიხილა და ვერ მოახერხა კოალიციასთან განხილვა და ჩემთან შეთანხმება – გუნდით დაიწყო, გუნდმა ეს გაიტანა და სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში“.

ივანიშვილს ოფიციალურად არ დაუსახელებია თავისი კანდიდატი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მან, როგორც შესაძლო კანდიდატს, ძალიან მაღალი შეფასება მისცა ვახტანგ ხმალაძეს, პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან“.

პოლიტოლოგი კობა თურმანიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ტონი და თვითონ ის ფაქტი, რომ საკითხს ჟურნალისტებთან განიხილავდა, ძალიან ცხადი შეტყობინება იყო საზოგადოებისთვის იერარქიაზე კოალიციაში. „მე ვვარაუდობ, მაგრამ აქ შეიძლება იყო გზავნილი, რომ მე (ივანიშვილი) ვარ აქ უფროსი და აქ არიან ჩემი უმცროსი პარტნიორები და თუ ისინი არ მოიქცევიან კარგად, არ შემითანხმებენ თავიანთ ქმედებებს, ისინი ამისთვის პასუხს აგებენ და საფასური შესაძლოა მაღალი იყოს“, ამბობს ის. „მნიშვნელოვანი არ არის ის, რამდენად სერიოზული უთანხმოება მოხდა ამ ორს შორის, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აღიქვამს ამას ამომრჩეველი და მე მგონია, რომ მათ ეს ისე აღიქვეს, თითქოს ლიდერმა დატუქსა ერთ-ერთი ლიდერი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილი (კოალიციის ყველა სხვა ლიდერზე) მაღლა დგას“.

თურმანიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ საბოლოოდ კოალიცია დაიშლება. „ისინი იმასაც კი არ ამბობენ, რომ კოალიცია სამუდამოდ შეიქმნა, ისინი ბევრს ლაპარაკობენ კონკურენციაზე კოალიციის შიგნით“, განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს დისკუსიები ერთ რამეს უსვამს ხაზს, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერცერთ არჩევნებში მათთვის სარწმუნო კონკურენტად არ მოიაზრება“.

„მათ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება და მათ უნდა დაიწყონ კონკურირება კოალიციის შიგნით… მაგრამ მე მგონია, რომ ვარაუდი „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობის შესახებ არასწორია“, ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ყოფილ მმართველ პარტიას ეკუთვნის პრეზიდენტის ინსტიტუტი და თბილისის მთავრობა. „ნაციონალურ მოძრაობა“ აკონტროლებს, როგორც მინიმუმ, ერთ ნაციონალურ მაუწყებელს, რუსთავი 2-ს და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყოს, რომ მას აქვს ამომრჩევლამდე გზავნილის მიტანის დიდი გამოცდილება.

პრესკონფერენციაზე, ივანიშვილმა გაიმეორა, რომ ნებისმიერ პარტიას კოალიციაში ყოველთვის შეუძლია წავიდეს, მაგრამ უარყო სპეკულაციები, რომელთა თანახმად, მისი საჯარო საყვედური ალასანიასადმი „ნაციონალურ მოძრაობას“ არგებს. ყოფილი მმართველი გუნდის სახელის ხსენებაც კი ალერგიას იწვევს ქართველ ამომრჩეველში, განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონკურენცია, ალბათ, ახალი პოლიტიკური ძალიდან წამოვა და არა სააკაშვილის დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქართველებმა თავიანთი იმედგაცრუება იმ პარტიით, რომელიც მათ 9 წლის განმავლობაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მართავდა, გასული წლის ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან გამოხატეს, უდიდესმა უმრავლესობამ ხმაოპოზიციურ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ მისცა.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნებისმიერი ლაპარაკი კოალიციის განხეთქილებაზე კარგი ამბავია: ყოფილმა მმართველმა პარტიამ პარლამენტში 10 დეპუტატი დაკარგა. მარიკა ვერულაშვილი, სააკაშვილის ძველი მოკავშირე, ბოლოა, ვინც პარტია დატოვა (5 თებერვალს). პარტიამ გასულ არჩევნებში 150-კაციან პარლამენტში 65 მანდატი მიიღო.

მაგრამ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს მიაჩნია, რომ „ენმ“ ჯერ კიდეც წარმოადგენს ძალას ქართულ პოლიტიკაში. „კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ ყველაზე დიდ საფრთხეს არაკომპეტენტური ხალხი წარმოადგენს… ეს ადამიანები ძალიან დააზარალებენ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის იმიჯს“, ამბობს ის. „ამ მომენტისთვის, მე ვერ ვხედავ ვერცერთ შანსს იმისა, რომ „ენმ“-მ ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვოს. მაგრამ მე ვფიქრობ, ისინი შეძლებდნენ დაბრუნებას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში“.

„თუ „ქართული ოცნება“ დაიშლება, ეს იქნება დიდი მორალური დარტყმა მათთვის, მაგრამ სანამ არსებობს „ენმ“, არა მგონია კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალოს“.foreignpress.ge