პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის გამართული საათნახევრიანი შეხვედრა, ამ ეტაპზე, უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
მხარეებს შორის გამართული „საქმიანი“ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც დებატებში გადაიზარდა და ნაწილობრივ ცნობილი ის საკითხები გახდა, რაზეც მხარეები დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ.
კერძოდ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში - საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე, ქვეყნის საგარეო კურსის კონსტიტუციაში ასახვასა და საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატზე იმსჯელეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ვერ იქნა, დეტალებიც არ დაკონკრეტდა, მაგრამ რამდენიმე გზავნილი მაინც გაკეთდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამო, „უკიდურესად შეშფოთებული“ მიხეილ სააკაშვილი დისკუსიის პარლამენტის კედლებში გამართვას ითხოვს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის შეფასებით, დისკუსიამ პარლამენტის კედლებში უნდა გადაინაცვლოს და არა ქუჩებში, რადგან ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე - ნახევარი ნაბიჯია.
„მასობრივ ეგზეკუციას ადგილი ციხიდან გამოსულ კრიმინალთა ბანდის მიერ ჰქონდა და არა ხალხის მიერ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ისეთ ზღვარზე აღარასოდეს უნდა მივიდეთ, როდესაც საქართველო 90-იან წლებში იყო. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოსაზრება და ჩვენს შეშფოთებას ბატონი დავითი იზიარებს. ვერ იტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შეთახმდით, მას აქვს თავის პოზიცია, ჩვენ - ჩვენი და ვფიქრობთ, რომ დისკუსია გაგძელდება. მთავარია, რომ ასეთი დიალოგი უნდა გაგრძელდეს. განხილვები იქნება როგორც უმცირესობის შიგნით, ასევე უმრავლესობის შიგნით - პრემიერ-მინისტრთან“, - დასძინა პრეზიდენტმა.
გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კი აქცენტი შეხვედრაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირების საკითხზე შეთანხმება გასაღებია ბევრ სხვა საკითხზე შეთანხმების მიღწევისა.
„დღეს საღამოს, კონკრეტული შეთანხემება მიღწეული არ არის, მაგრამ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი უპერსპექტივო არაა. ყველა საკითხი გავიარეთ, შეთანხმებადე ჯერ არ ვართ მისული, თუმცა, შთაბეჭდილება რჩება, რომ დაწყებული დიალოგი უპერსპექტივო არ არის და არცერთი მხარისგან ეს არ არის პიარ-აქცია. სურვილი იმისა, რომ ვითარება დარეგულირდეს და მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, კონსტიტიციური გამოსავალი მოვძებნოთ, ორივე მხრიდან გაცნობიერებულია. დეტალებზე არ და ვერ ვისაუბრებ, თუმცა, საუბრის პროცესში ახალი შესაძლო სქემები და ვარიანტები გამოიკვეთა, რაზეც დაფიქრება საჭიროა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება 8 თებერვალის მოვლენებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გამოთქმულ ეპითეტს, პრეიზდენტის მოსაზრებას დავით უსუფაშვილი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მას იქ კრიმინალთა ბრბო არ დაუნახავს.
„ჩვენ ამაზე არ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. იმ აქტით, რომელსაც ხელი მოვაწერე - თავისუფლება სწორედ პოლიტიკურმა პატიმრება და დევნილებმა მიიღეს. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს, რადგან იქ იყო შეკრებილი ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა და ამ დროს, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანას არ წაადგება, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს ის დაგეგმილი, პროვოცირებული, თუ ბოლომდე ყურადღება ვერმიქცეული. ამიტომ, სწორია პოლიტიკური პროცესის სწორედ პარლამენტში გადატანა“, - დასძინა სპიკერმა.
ამას გარდა, გამოსვლისას, პრეზიდენტს ყურადღების მიღმა არც პრემიერ-მინისტრი დარჩა და ბიძინა ივანიშვილს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა.
„საფრანგეთის კონსტიტუციით, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო მოდელს ძალიან ჰგავს, პრემიერი ვალდებულია კვირაში ერთხელ პრეზიდენტთან მივიდეს. დღევანდელი სიტუაცია ნამდვილადაა საგანგაშოა. მაშინ, როცა ქალაქის ცენტრში ციხიდან გამოშვებული კრიმინალები საპარლამენტო ოპოზიციის ცემა-ტყეპას ახდენენ, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული თემაა იმისთვის, რომ აქ პრემიერ-მინისტრი მოსულიყო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენცია დებატებში გადაიზარდა და მიხეილ სააკაშვილმა ტრაციდიისამებრ თემებს „გადაუხვია“, რის გამოც, მას სპიკერმა გამოსვლა რამდენჯერმა გააწყვეტინა.
კერძოდ, სააკაშვილსა და უსუფაშვილს შორის მცირე შეკამათება მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეს მათი დღევანდელი პრესკონფერენციის თემა არ იყო.
„დღეს მოვისმინე განმარტება, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა განეხორციელებინა ქუჩაში წესრიგის დაცვა. მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში ამყარებს წესრიგს“, - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა, მას დავით უსუფაშვილმა სიტყვა შეაწყვეტინა და შემდეგი შეკითხვით მიმართა - „ბატონო პრეზიდენტო, ამისთვის შევიკრიბეთ აქ?“, - უსუფაშვილის აღნიშნული რეპლიკის საპასუხოდ სააკაშვილმა მას ბოდიში მოუხადა, თუმცა, საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის ფაქტების კონსტატაციას ახდენდა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას მთავრობა უმცირესობის მიმართ ნამდვილად ახორციელებდა. აღნიშნულის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ქვეყნის პირველ პირს მიმართა, რომ ასეთი საუბრით მათი განცხადებები ტელედებატების ფორმას იღებდა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს დაწყებულ კონსულტაციებს პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, თუ ხელისუფლებას კონკრეტული შედეგის მიღწევა სურს, მოლაპარაკებების პროცესში პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაერთოს, რადგან კოალიციაში გადაწყვეტილებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„არ ვიცი, დავით უსუფაშვილი რამდენად გულწფელია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის გულწრფელია და ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს. თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიღებაში მისი როლი ძალიან მცირეა, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ივანიშვილია და არავინ სხვა. ამიტომ, რაიმე შეთანხმება ვერ შედგება და უსუფაშვილი მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ის პრემიერთან ინფორმაციას მიიტანს. შესაბამისად, თუ „ოცნება“ დიანტერესებულია, რომ შეთანხმება შედგეს, მასში მონაწილეობა ივანიშვილმა უნდა მიიღოს. მართალია, დიალოგის დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სტატუსის მიუხედავად, უსუფაშვილი, რომელიც ქვეყნის მეორე პირია გადაწყვეტილებებს ვერ იღებს“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
ოპონენტისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი დავით უსუფაშვილის გამოვლას ღირსეულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების გაკრიტიკება ჰქონდა განზრახული, მაგრამ უსუფაშვილი თავს არავის დააჩაგვრინებს და მითუმეტეს სააკაშვილს.
„ეს გამოსვლა ტელე-დებატებს უფრო ჰგავდა, ვიდრე შეხვედრას. მიხარია, რომ ამ ადამიანისგან საქართველო მალე გათავისუფლდება, რადგან ავლაბრის რეზიდენციაში, სააკაშვილის თითოეული დღე ხიფათის შემცველია. გამოსვლისას, როგორ გამოიყურებოდა და თავის მოედანზე, პარლამენტის თავმჯდომარის დატუქსვას თუ როგორ ცდილობდა, ეს ნახეთ, მაგრამ იმასაც იხილავდით როგორ ფერი ედო დავით ბაქრაძეს, რომელმაც, მე მგონი, ნერვიულობისგან ლამის ჩაიმუხლა და კუთხეში, რუხი თაგვივით დადგა. სააკაშვილს ეგონა, რომ თავის მოედანზე სპიკერს დაჩაგრავდა და მთელ საზოგადოებას გააკრიტიკებდა, მაგრამ დავით უსუფაშვილის პასუხი ძალიან ღირსეული, გაწონასწრობული და გააზრებული იყო. საზოგადოებამ კი შეაფასა - ვინ იყო სააკაშვილი და ვინ უსუფაშვილი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, გამოსვლისას, ნათლად ჩანდა, რომ სააკაშვილი პრემიერზე ნაწყენია.
„თურმე, ის ძალიან ნაწყენია პრემიერზე, მაგრამ ის დრო დასრულდა, როდესაც, სააკაშვილი გაიღვიძებდა და ჩუსტებს გეგა მგალობლიშვილი, ნიკა გილაური, ან ვანო მერაბიშვილი მიაწოდებდა. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. მართალია, სააკაშვილი თავის წარმოდგენაში პრეზიდენტია და ეს მისი სიყინჩე შემოფარგულია ავლაბრის რეზიდენციით, როცა მას გაბაშვილი თვალებში შესციცინებს და მასთან ახლოს გაბაშვილი, ბაქრაძე და თაქთაქიშვილი არიან, მაგრამ ის რა გმირიცაა, ეს მაშინ გამოჩნდა, როცა გორიდან თავისი ფეხით გამოიქცა“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.