დონაძიდან მერაბიშვილ-სააკაშვილამდე

დონაძიდან მერაბიშვილ-სააკაშვილამდე

შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე საქართველოში საკუთარი სურვილით ჩამოვიდა და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვისაც მზად არის. დონაძე საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს, მაგრამ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ვაპირებ გამოძიებასთან ვითანამშრომლო და ბევრი ამჟამინდელი მაღალჩინოსნის დანაშაულის კვალიც გამოიკვეთება“, - განაცხადა დონაძემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე.

დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში იმ გარანტიით ბრუნდებიან, რომ ციხეში არ მიუწევთ ყოფნა და გირაოს სანაცვლოდ გაავისუფლდებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი კი ამბობს, რომ გარანტია არავის არაფერში აქვს და ეს ინფორმაცია სწორი არ არის. თუმცა ფაქტია, რომ დონაძე (და არა მხოლოდ დონაძე) მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

გურამ დონაძის განცხადებით, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ბევრი ამჟამინდელი მაღალჩინოსნის დანაშაულის კვალიც გამოიკვეთება.

 „მე მივატოვე ჩემი პირადი საქმეები და სასწრაფო წესით წამოვედი საქართველოში. არ ვაპირებ დავემალო გამოძიებას, ვაპირებ ყველა კითხვას გავცე პასუხი, ვაპირებ თანამშრომლობას, არსად გავქცეულვარ და ეს ბოლო პერიოდში არაერთხელ ვთქვი. ბრალის დეტალები ჯერ ბოლომდე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი და ვდებ პირობას, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლებ და ვეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, რაშიც დარწმუნებული ვარ. ვდებ პირობას, რომ საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ ამ საქმესთან დაკავშირებით გაიგებს სიმართლეს“, - განაცხადა დონაძემ.

გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. დონაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა ადასტურებს, რომ 24 ნოემბერს დილით, დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.

დონაძემ ასევე განაცხადა, რომ რობაქიძის საქმეში, ბევრი ახალი დეტალი გაირკვევა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ვარ უდანაშაულო და არანაირ დანაშაულში მონაწილეობა მიღებული არ მაქვს. გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ, ბევრი ახალი რამ გაირკვევა. „რუსთავი 2“-ის არქივში არის კადრები და სანამ მე ვინმეს დავასახელებ, იქ ჩანს, ვინ არის, იქ არიან მოქმედი მაღალჩინოსნებიც“.

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მერტეველი ვერ იხსენებს, რომელი მაღალჩინოსნები ჩანდნენ მაშინ კადრებში.

„როგორც ვიცი, როდესაც დონაძე გადამღებ ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდა, მთელი სამართალდამცველები უკვე მობილიზებულები იყვნენ. მას თავიდან ყველაფერი გადაღებული ჰქონდა ისე, როგორც სინამდვილეში იყო. როგორც ვიცი, მაშ შემდეგ ფირი შეაცვლევინეს და როდესაც უკვე იარაღი ჩააწყვეს, მთელი ეს ფარსი რომ დაედგათ, თავიდან გადააღებინეს ყველაფერი“.

ია მერტეველი არ გამორიცხავს, რომ მას ნამდვილი ფირი შესაძლოა, შენახულიც კი ჰქონდეს. „შესაძლოა, ჰქონდეს კიდეც. მაგ ადამიანზე გამიგია, რომ არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა მასალებიც ჰქონდა გადაღებული. რა თქმა უნდა, მას ექნება ინფორმაცია და როდესაც ასე ადვილად ჩამობრძანდა, ვიფიქრე, რომ ალბათ, აპირებს თანამშრომლობას. მივესალმები თუ ახალ გვარებს დაასახელებს და მიაწვდის ინფორმაციას, თუმცა ამით მას არ უნდა მოეხსნას ის ბრალდებები რაც აქვს წაყენებული და ველოდები, რომ სამართლიანად იქნება დასჯილი და მას ციხეში ვნახავ. ნამდვილად ვერ შევეგუები, რომ ის გარეთ დავინახო. თუმცა, ახლა სასამართლო ისევ კუბლაშვილის ხელშია და არ გამიკვირდება გამოუშვან, მაგრამ ეს დროებით. მალე ვნახავ ყველა დამნაშავეს ციხეში“, -აცხადებს ია მეტრეველი.

ია მერტეველი ვარაუდობს, რომ დონაძემ თავის გადარჩენა გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ გამოძიებას ვერსად ვერ დაემალებოდა, ამასთან ვარაუდობს, რომ დასახელდებიან მაღალჩინოსნებიც, რადგან აქამდეც იცოდა, რომ ბევრი მათგანი იყო გარეული ამ საქმეში.

კითხვა, რომელიც გაჩნდა დონაძის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი პირველი განცხადებების შემდეგ კვლავაც პასუხგაუცემელია. ვის აწყობს მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან და იმ ჩვენების მიცემა, რასაც იგი გეგმავს. ერთია, რომ მას მართლაც საკუთარი თავის გადარჩენა სურს, მეორე, რომ დღევანდელ გამოძიებას მის ზემდგომებზე გასვლა სურთ და მესამე, ყოფილ ხელისუფლებას არ აწყობს მათი თანაგუნდელების გარკვეულ თანამდებობებზე დარჩენა ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომელიც მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რომელი ვერსიაა რეალური, საქმის მსვლელობიდან გამოჩნდება, თუმცა ფაქტია, რომ დასაკითხ მაღალჩინოსანთა წრე დღითიდღე ვიწროვდება და „ნაციონალური მოძრაობა“ თავის გადარჩენის მიზნით უკან არაფერზე დაიხევს.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაზე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დონაძე ამით თავისი ყოფილი პარტნიორების პროვოცირებას ცდილობს.

„ძალზე საინტერესო რამ არის, ამასწინათ ტელეეთერში თეა თუთბერიძემაც თქვა, ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ვინც ეს დაგეგმა, ის დღესაც შს სამინისტროს თანამშრომელია და იქნებ იქიდან დაგეწყოთო... თუ ამ ორ განცხადებას ერთმანეთთან დავაკავშირებთ, მაშინ ეს ახალ ხელისუფლებაში დარჩენილი ძველი კადრების წინააღმდეგ პროვოცირებას ჰგავს - რომ თუ რაღაცას არ იღონებთ, მზად ვარ დავასახელო ყველა თქგვენგანი. უფრო ამ კონტექსტის მატარებელი მგონია დონაძის განცხადებები“, -ამბობს ძაბირაძე.

როგორც უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვარაუდობს, დონაძეს ძალიან ბევრი დრო ჰქონდა იმისათვის რომ დაელაგებინა თავისი სათქმელი და მას თუ რაიმე ჰქონდა გასამხელი, ეს ორი თვის წინაც ექნებოდა, თუმცა აცხადებდა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ლორთქიფანიძე ბაჩო ახალაიას დაბრუნებასთანაც ხედავს პარალელებს და მისი შეფასებით, მართლაც ძალიან ჰგავს ახალაიას დაბრუნების ისტორიას, როდესაც აცხადებს რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ახალ გარემოებებს მიაწვდის. ლორთქიფანიძის შეფასებით, ეს ახალი გარემოებები თავისი ყოფილი პარტნიორების სასარგებლოდ იქნება თუ საწინააღმდეგოდ, ამას დრო გვიჩვენებს.

„რაც შეეხება მის ურთიერთობებს ყოფილ მაღალჩინოსნებთან, ცნობილია, რომ ის ახლო ურთიერთობაში იყო ვანო მერაბიშვილთან, მის კადრად ითვლებოდა და ნაკლებ სავარაუდოა, დღეს დონაძე მზად იყოს უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე. მე ვფიქრობ, რომ აქ ლაპარაკია იმ კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლის თაობაზე ჩვენ ნაწილობრივ გვაქვს ინფორმაცია მიღებული იმ ვიდეოკადრებით, რომელიც გავრცელდა. თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს სხვა ჩანაწერებიც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია მედიის საშუალებით. გურამ დონაძის მისია იყო პრეს-სამსასხური, ამავე დროს, იგი განკარგავდა სახელისუფლებო არხს და არ არის გამორიცხული, მის პირად არქივში დაცული იყოს რამე ისეთი, რაც ჩვენთვის უცნობია“, - მიიჩნევს ლორთქიფანიძე.

ძაბირაძის ვარაუდით, რაკი არსებობს კანონის ის მუხლი სადაც ნათქვამია, რომ თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებ და იტყვი, ვინ იყო რელური დამნაშვე, მაშინ თავისუფლდები სასჯელისგან და შესაძლოა, ამისი იმედიც აქვს დონაძეს. „მაგრამ მაინც მგონია, რომ მისი განცხადებები ყოფილი თანაგუნდელებისა თუ თანაპარტიელების მისამართითაა გაკეთებული“, - აცხადებს ძაბირაძე.

ლორთქიფანიძის ვარაუდით, „დონაძის პიროვნებიდან გამომდინარე (მუშაობდა „რუსთავი 2-ში“, არის ჟურნალისტი, სერიოზული შეხება ჰქონდა დოკუმენტური კადრების მოპოვებისა და შენახვის თვალსაზრისით), არ არის გამორიცხული, საჭირო მომენტში თავის გადარჩენის მიზნით, უფრო დიდი, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გახსნის მოტივით ითანამშრომლოს და ამით გარანტირებულად მოიპოვოს თავისუფლება“,- მიიჩნევს ლორთქიფანიძე.

შესაძლებელია თუ არა დონაძის დაბრუნება იყოს გარკვეული პროვოკაცია მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ, ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღესაც ყელში აქვს გაჩხერილი ამ ხელისუფლებას ბაჩო ახალაიას ჩამოსვლა, რომელიც დანის ტარით დაზიანების მიყენებისთვის დააკავეს და ის სერიოზული ბრალდებები რომელზეც ეჭვი საზოგადოებაში მრავალი წლის მანძილზე არსებობდა, ჯერაც არ არის მის მიმართ წაყენებული.

„ბაჩო ახალაიას გამოჩენა ამ ხელისუფლებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ორი კვირა რომ თავისუფლად ევლო ახალაიას ქუჩაში და მერე დაეპატიმრებინათ ასეთი რამ არ იქნებოდა. მინდა გითხრათ ერთი რამ - ჯერჯერობით, მას მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიება აქვს შეფარდებული, რა ბრალს წუყენებენ, ეს შემდეგ გაირკვევა სასამართლოზე და არ მგონია, ახალაია ასე ადვილად დაუძვრეს გამოძიებას. არც ის მგონია, ყელში ჰქონდეს გაჩხერილი ხელისუფლებას მისი ბრალეულობის საკითხი“,- მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე კი თვლის, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს გამოყენებული ეს ვიდეომასალა და რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, ფარდას ახდის უფრო მძიმე დანაშაულს, ვიდრე ჩვენთვის იყო ცნობილი.

„როდესაც შემზარავი დანაშაული ხდება და დიამეტრალურად განსხვავებული მიმართულებით ცდილობს გამოძიება საქმის წაყვანას, ყოველთვის არსებობს შანსი იმისა, რომ რეალობის ამსახველი დოკუმენტაცია იქნება თუ აუდიო-ვიდეო მასალა, ინახებოდეს იმ პირთან, რომელიც საჭირო დროს გამოიყენებს ასეთ მასალას. ვინ თუ არა დონაძე, იქნებოდა უფლებამოსილი, ის ხელმძღვანელობდა ვიდეოპატრულის ჯგუფებს და მაღალი ალბათობით, არ არის გამორიცხული, მას გააჩნდეს მტკიცებულებები იქ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით“,- აცხადებს ლორთქიფანიძე..

რაც შეეხება ვერსიას, რომ ყოფილ ხელისუფლებას ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია სურს დამნაშავე ყოფილ თანაგუნდელთა გამოაშკარავებით, ან კიდევ მათი გათავისუფლებით გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება. დიმიტრი ლორთქიფანიძე ცალსახად მიიჩნევს, რომ იმ ადამიანების თანამდებობებზე დარჩენა, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ეს, გაუმართლებელია.

„ყოფილი მაღალჩინოსნები დღევანდელ სამართალდამცველ უწყებაში რომ არიან, ამას ვადასტურებ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც 26 მაისის მთავარ ორგანიზატორებად გვევლინებიან. არ ვიცი ახლა რა კონკრეტული თანამდებობები უკავიათ, მაგრამ შს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოიაზრებიან. არავითარი გამართლება არ აქვს იმას, რომ შალვა ჯანაშვილი, რომელიც პირდაპირი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო 26 მაისის სპეცოპერაციისა, დღეს როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მინისტრის მრჩეველია. როგორი მაღალი პროფესიონალიზმითაც არ უნდა გამოირჩეოდეს და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეს, ჩემს თვალში იგი ითვლება ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ პირად, 26 მაისს დარტიალებულ მოვლენებში და ეს შეფასება დღევანდელი ხელისუფლების მთავარმა პროკურატურამ უნდა გააკეთოს და არა მე.

ფაქტია, რომ სამართლებრივი შეფასების პროცესში გვერდს ვერ ავუვლით ყოფილ მაღალჩინოსნებს. არა მხოლოდ შსს-ში, სამწუხაროდ პროკურატურაშიც, სადაც ზოგიერთი მათგანის დაწინაურებაც კი ხდება - ქვემო ქართლის მაგალითიდან გამომდინარე“, -აცხადებს ლორთქიფანიძე.

ბოლო პერიოდში უკვე ვხედავთ, რომ დასაკითხ მაღალჩინოსანთა წრე საკმაოდ ვიწროვდება საკმაოდ მკაცრი იყო იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება, როდეასაც თქვა, რომ  გირგვლიანის საქმეში ეჭვმიტანილი მელნიკოვის საქართველოში ჩამოყვანას ელოდება და შემდეგ ბევრ მაღალჩინოსანს მოუწევს დაკითხვებზე სიარული. არ გამოირიცხება ქვეყნის პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გაცილებით სერიოზულ საქმეებზე დაკითხვაც, როგორიცაა, მაგალითად, ჟვანიას საქმე. თუმცა მერაბიშვილს მიაჩნია, რომ გამოძიება ახალს ვერაფერს იტყვის ამ საქმესთან დაკავშირებით.

„არ გამოვრიცხავ ერთ უცნაურ ვარიანტს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ სააკაშვილმა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქიდან გვაცნობოს, რომ გადადგა. მის ბოლო გამოსვლას რომ ვიხსენებ, ასეთი სააკაშვილი ჯერ არ მინახავს, განერვიულებული, შეწუხებული და დაბნეული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წრე ნელ-ნელა იკვრება, მელნიკოვი, როგორც ვიცი, თავად დათანხმდა საქართველოში ჩამოყვანას. მალე შეიძლება მივიღოთ პროცესი, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები ერთმანეთს დაასწრებენ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას. აქ უკვე იმაზე წავა თამაში, ვინ როგორ და რამდენად სწრაფად გადაირჩენს თავს. ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს. რაც მელნიკოვმა შეიძლება თქვას, ხომ იციან მაღალჩინოსნებმა, ამიტომ, სჯობს აღიარებითი ჩვენებებით წარსდგნენ. არ გამოვრიცხავ, ასეთი პროცესი დაიწყოს და ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს. მითუმეტეს, სიტუაცია ამ ხელისუფლების სასარგებლოდ არის შეცვლილი - საზოგადოებრივ აზრს ვგულისხმობ. თუმცა, ისიც მინდა შევნიშნო, რომ საზოგადოებრივი განწყობა თანდათან აგრესიული ხდება და ამ განწყობებს ვერავისი მოწოდებები ვერ შეცვლის“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძეც თვლის, რომ რაკი მელნიკოვმაც გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი შესაძლოა, კიდევ ბევრ რამეს აეხადოს ფარდა.

„მელნიკოვი გახლდათ კუდის უფროსის მოადგილე, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, როდესაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებებს ვეხებით, მელნიკოვი ერთ-ერთი ფიგურანტია, რომელსაც ხელი დაადო სანდრო გირგვლიანის მეგობარმა. ასევე შეიძლება გვევლინებოდეს ისეთ ფიგურად, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის, ვიდრე აქამდე საზოგადოებისთვის არის ცნობილი და ეს არ ეხება მხოლოდ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებას.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ამ ადამიანთა ჩვენებების საფუძველზე ქვეყნის უმაღლესი და ყოფილი უმაღლესი პირებიც დაიკითხონ. ის პირები, რომლებიც ნელ-ნელა ჩამოდიან და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აცხადებენ, ის პირებიც, რომლებიც კარგახანია იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შეიძლება მათი მხრიდანაც მოვისმინოთ უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი განცხადება, ვიდრე დღეს არის ცნობილი“,- მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ფაქტია, რომ მელნიკოვიცა და დონაძეც ფიგურირებდნენ გირგვლიანის საქმეში. თუკი მელნიკოვი გამოძიებასთან თანამშრომლობას დაიწყებს, დონაძეს არ უნდა აწყობდეს, ეს მისი უცხოეთში ყოფნის პირობებში მოხდეს. დონაძის გირაოთი გათავისუფლება იმაზეც მიანიშნებს, რომ ყოფილ ხელისუფლებას რაღაცის გამო მისი იზოლაციაში დატოვება არ აწყობდა. თანამშრომლობის სურვილი მელნიკოვისა და დონაძის მხრიდან ერთი რამითაც შეიძლება აიხსნას, ყოფილი ზემდგომებისგან ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის გარანტიები, რისი მოლოდინიც ჰქონდათ, სააკშვილსაც და მერაბიშვილსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. თუკი ეს ვერსია რეალობასთან ახლოსაა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მალე მრავალმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილმაც გადმოლახოს საზღვარი გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით.