გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე განსახილვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 იანვარს იწყება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.
მოწმის სახით გამოიკითხა 100–მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3500 ჰექტარს.
აღსანიშნავია, რომ 1937–1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ეს რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. გამოძიებით დადგენილია, რომ საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემული 1:100 000–იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით.
აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ მიქელაძის შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.
მალხაზ მიქელაძესა და ივერი მელაშვილს შორის გამართული ფარული ვიდეო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება პროკურატურამ გაასაჯაროვა. ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, მელაშვილის სამუშაო კაბინეტში – 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.
ბრალდებულ ივერი მელსაშვილსა და მალხაზ მიქელაძეს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ, მე–17 არხის, დავითგარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.
მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავითგარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე. ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავითგარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, მელაშვილი ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
რაც შეეხება მე–17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ივერი მელაშვილი აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავითგარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე–4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს.
ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას.
მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში მიქელაძე-მელაშვილის საუბრის ჩანაწერი შემდეგნაირად გამოიყურება:
მალხაზ მიქელაძე: რატომ მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო?
ივერი მელაშვილი: ისეთი ადგილია, ეს ჩვეულებრივად ტექნიკურია, ეს გასწორდა. ეს აქ რომ ხატია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე არის. ეს არის სწორი ხაზებით. საერთოდ არ მინდოდა, მაგ მონაკვეთს საერთოდ ნუ შევეხებით, მე ვუთხარი, ეს ეხლა არა, მერე იქნება განხილული.
მიქელაძე: რუკაზე საზღვარი სხვანაირად ხატია, ჩვენ პირდაპირ გავავლეთ... სადმე ასეთი გასწორება, ხომ არ გახსენდება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო?
მელაშვილი: არ არიან მაგის ჩიტები ეგენი. ვერ იღებს გადაწყვეტილებას როგორ უნდა დათმოს... კომისიის თავმჯდომარე მოხსნეს, არ გაულახავთ მაგათი ექსპერტები, თორემ სხვა არ დააკლეს არაფერი;
მიქელაძე: რატო მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო?
რაც შეეხება კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს, ესაა დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ჩვენთვის უცნობი (მის ვინაობას გამოძიება ამ დრომდე არ ახმოვანებს) მამაკაცის სატელეფონო საუბარი.
ნატალია ილიჩოვა: მე რომ წინასწარ მცოდნოდა, სახლის კომპიუტერს გამოვიტანდი სახლიდან, მე შემეძლო ეს გამეკეთებინა ხომ?
მამაკაცი: არ თქვა, არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება.
ნატალია ილიჩოვა: იქ ძალიან ბევრი საარქივო მასალა იყო, ძალიან ბევრი.
მამაკაცი: იქ არის ისეთი რამე, არ ვიცი, ვინმემ ნახა?
ნატალია ილიჩოვა: იქ არის აზრები, იქ არის მოსაზრებები;
მამაკაცი: ვისი აზრები, მოსაზრებები?“
ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ ის ამ ჩანაწერებში ვერაფერს ვერ ხედავს ისეთს, რამაც, შესაძლოა, საქმეზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 23 წამიანი ჩანაწერი ეს არის დაკითხვის შემდეგ გაკეთებული ფარული ჩანაწერი.
„ეს რუკა ამოღებული აქვთ ქალბატონი გაბუნიასგან, რომელიც არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრი 2019 წლიდან, თავად გაბუნიაც ადასტურებს, რომ მას ეს რუკა გადასცა ქალბატონმა ნატალია ილიჩოვამ, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქალბატონი ილიჩოვა ამ რუკას არსად და არავისგან მალავდა. პირიქით, როცა მოხდა კომისიაში სხვა წევრის მიერ მისი ჩანაცვლება, მან გადასცა რუკა მის ადგილმონაცვლეს.
ძალიან უცნაურია, რომ ქალბატონი ნატალია ილიჩოვას კაბინეტი გახდა რაღაც საკრალური ადგილი გამოძიებისთვის, რადგან ამ კაბინეტში ხუთი ადამიანი მუშაობდა და მათ გააჩნიათ საერთო სივრცეები, თან ამასობაში გაბუნია თავად ამბობს ჩვენებაში, როდის და რა ვითარებაში გადასცეს რუკა“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.
დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე დაკითხა. ბიწაძის განცხადებით, მიმდინარე გამოძიება „ავანტურისტული და პოლიტიკურია“. როგორც ბიწაძე განმარტავს, წლების წინ ის ესწრებოდა კომისიის ერთ–ერთ სხდომას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის რანგში.
„ვესწრებოდი ერთ–ერთი კომისიის სხდომას, რომელზედაც არის ჩემი ხელმოწერა და რომელიც დავადასტურე. ეს ერთ–ერთი რიგითი შეხვედრა იყო, სადაც იხილებოდა საზღვრის საკითხი, აზერბაიჯანი–საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იყო. მიწვეული ვიყავი, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსი, კომისიის წევრი არ ვყოფილვარ... მარტში, როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება არ მომხდარა. საზღვარი არც ერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ.
არავითარი სატელეფონო საუბარი არ მქონია ივერი მელაშვილთან. რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, ის ჩემამდე, ჩემს დროს და ჩემს მერეც მუშაობდა. უბრალო, რიგითი თანამშრომელი იყო. ასე რომ, უშუალო შეხება არ მქონია, მაგრამ მისი უფროსების მეშვეობით ვიცოდი, რომ კეთილსინდისიერი პროფესიონალი თანამშრომელი იყო. მე მაქვს ჩემი აზრი, როგორც პროფესიონალს, რომ ეს საქმე არის ავანტურისტული და პოლიტიკური“, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.
ახლა ვკითხულობ, ვინ, სად და როდის უნდა დაელაპარაკოს აზერბაიჯანის ხელისუფალთ ამ მავნებლობის გამოსასწორებლად?!