„რუსეთი კლავს“,- ამ ფრაზის ჭეშმარიტება ამჯერად სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ თითქმის ყველა ქმედებაში დაადანაშაულა რუსეთი. კერძოდ, სტრასბურგმა დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთაშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა და დაასკვნა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი), წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი), საკუთრების დაცვა, განათლების უფლება, გადაადგილების თავისუფლება.
ამ მაღალი ინსტანციის გადაწყვეტილებას დეოკუპაციისთვის ბრძოლის თვალსაზრისით დიდ მიღწევად მიიჩნევენ როგორც ჩვენს ხელისუფლებაში, ისე საექსპერტო წრეებში. გამოითქმის მოსაზრება, რომ სტრასბურგის ვერდიქტის შემდეგ ქართულ მხარეს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის ჩატარება მოითხოვოს.
პრემიერმა გიორგი გახარიამ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი უწოდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიხარულოა, ვინაიდან რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში საქართველოს ძლიერი სამართლებრივი ბერკეტი გაუჩნდა. ანალიტიკოსის თქმით, ბუნებრივია, სამხედრო ძალით ჩვენს ისტორიულ რეგიონებს დღეს ვერ დავიბრუნებთ, ამიტომ კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღიარა რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია და, ასევე, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა სამხედრო აგრესიის დროს, რაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში.
მაგალითად, ჟენევის 1949 წლის კონვენცია, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მიღებული დოკუმენტია, ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დაცვას საომარი მოქმედებების დროს. ამ დროს კი ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა აუტანელი ტკივილი მიაყენა ქართულ მოსახლეობას ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც და ეს საკითხი ნომერ პირველია.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით. ჰააგის კონვენციის თანახმად, ანუ 1977 წელს ჟენევის კონვენციასთან მიღებული დამატებითი პროტოკოლის მიხედვით, გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეების დაცვა, მათი უფლებების უზრუნველყოფა მეომარი მხარის მიერ. ამ დროს კი ჩვენ ვიცით, რამდენი სამხედრო ტყვე, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძე იქნა ნაწამები. ამდენად, ანალიტიკოსის აზრით, საქართველომ კიდევ ერთი სამართლებრივი და საინფორმაციო ომი მოიგო და ამ მხრივ დასაფასებელია ქართული სახელმწიფოს ძალისხმევა, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს მონდომება.
რა რეაქცია მოჰყვება რუსეთის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუკი დაიწყება სამართლებრივი პროცედურების აღსრულება და დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა, ამის შესახებ ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ, ცხადია, რუსეთის მხრიდან აღნიშნულს გაღიზიანება მოჰყვება, ისინი განაცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების არანაირი დარღვევა არ მომხდარა, პირიქით, იტყვიან, თითქოს ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი, თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა ოსური მხარის მხრიდან, თითქოს დაზარალდნენ რუსი „სამშვიდობოები“. შესაძლებელია ისიც მოხდეს, რუსეთმა საპასუხო სარჩელი შეიტანოს, ოსი მოქალაქეები მიიყვანოს მოწმედ, როგორ იბომბებოდა მათი საცხოვრებელი ადგილები, თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი საერთაშორისო დავაში კიდევ ერთხელ დამარცხდა.
„რამდენად აიღებს რუსეთი ვალდებულებას, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება?! აქ ბევრი კითხვაა, რადგან ჩვენი ვიცით სხვა პრეცედენტები. მაგალითად, საქართველომ, ასევე, სამართლებრივი და საინფორმაციო ომი მოუგო რუსეთს თუნდაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. უფრო მეტიც, კარგა ხანია, გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობას, რომლებმაც საომარი მოქმედებების შედეგად დატოვეს საცხოვრებელი ადგილები, უფლება აქვთ, დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ კერას. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიღებული რეზოლუციები მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, პირველ რიგში, სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათს ატარებენ. ამდენად, სამომავლოდ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოახმაროს საქართველომ იმ ფაქტს, რომ შემდგომში საქართველო-რუსეთთან არსებული დავა პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით განხილულ იქნეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ასევე, ჰააგაში მდებარეობს. მოგეხსენებათ, ჰააგაში არის ცნობილი ჰააგის ტრიბუნალი, მაგრამ არსებობს, ასევე, გაეროს საერთაშორისო სასამართლო, როგორც გაეროს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაა უშუალოდ ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის არსებული დავის მოგვარება. ამიტომ საქართველომ იქაც უნდა შეიტანოს სარჩელი. ერთია, რომ უკვე დადგინდა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მეორეა, რომ სწორედ გაეროს სასამართლომ საბოლოოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, რომ ეს ორივე ტერიტორია სამართლებრივად ეკუთვნის საქართველოს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
მისი აზრით, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები, ეუთოს სამიტთა დასკვნები (1994-96 წლები), სადაც აღიარებული იყო ქართველთა ეთნიკური წმენდა, ყველა ეს დოკუმენტი ისტორიულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსადმი კუთვნილების თვალსაზრისით. ამიტომ ეს დოკუმენტები საქართველომ უნდა გამოიყენოს და რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგოს. არც თუ მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საერთო გამარჯვების მიღწევა ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დოკუმენტი ხელისუფლების უდავო წარმატებაა, თუმცა ამ ფაქტს ვერც ერთი ხელისუფლება თავის სასარგებლოდ ვერ მიითვისებს, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება. ანალიტიკოსის შეფასებით, მთავარი ისაა, რომ აგვისტოს ომის მოვლენები პოლიტიკურად კი არ შეფასდა, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უკვე მკაფიო სამართლებრივი სარჩული მიეცა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ.
„რუსეთი პასუხისმგებელია იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. რამდენიმე მუხლი ძალიან მძიმეა, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, ღირსების შემლახავი ქცევა, წამება, ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია... ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სამართლებრივად ჰფენს ნათელს. ცხადია, ეს საქართველოს დეოკუპაციისთვის გადადგმული ნაბიჯია, რადგან უკვე საერთაშორისოდაც აღიარეს, რომ ამ ურთიერთობებში სიმართლე საქართველოს მხარესაა, რომ ოკუპაცია ანტისამართლებრივი ქმედებაა და ის უნდა დასრულდეს. ერთ მშვენიერ დღეს ოკუპაცია დასრულდება კიდეც, რადგან სამართალი შეიძლება ურმით დადის, მაგრამ თავისას აუცილებლად აღწევს. თანაც, მთელი მსოფლიოს დასანახად ხდება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველომ რუსეთს ერთხელ უკვე მოუგო საქმე სტრასბურგში, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეს უკავშირდებოდა.