პროკურატურამ ხმაურიანი დაკავებების სერია დააანონსა

პროკურატურამ ხმაურიანი დაკავებების სერია დააანონსა

პროკურატურამ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუზუსტა. დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. გამოძიების ცნობით საქმეზე ფარული აუდიო–ვიდეო ჩანაწერები არსებობს, რომლის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს. არა არის გამორიცხული საქმეზე ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

როგორც მიხეილ სადრაძე განმარტავს, მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფძველს, მისი თქმით, გამოძიებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოტივი დადგენილი და გამოკვეთილი ჰქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან ამ ეტაპამდე თავს იკავებს.

„რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ. დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, ზემდგომი პირების, ზემდგომი თანმდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო–ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების – მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.

აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწდვით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, – განაცხადა სადრაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ფარულ ვიდეო–აუდიო მასალაში მოტივზე, დავალებებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი და ამას უალხოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ და დემონსტრაციას მოვახდენთ. რაც შეეხება სხვა პირების პასუხსმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების პასუხსმგებლობის საკითხს, ვაგრძელებთ გამოძიებას, გამოყოფილი საქმეა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად, როცა შესაბამისი შედეგები იქნება, ამასაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით“, – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

მაშ ასე, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედების საქმეში პროკურატურამ დანაშაულის მოტივი გამოკვეთა. მტკიცებულებას გამოძიება მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს. სწორედ მომდევნო კვირას გახდება ცნობილი ვისი დავალებით მოქმედებდნენ დაკავებულები და ვინ არიან ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, რომელთა ბრალეულობა გამოკვეთილია და გამოძიება ბრალს წაუყენებს. for.ge–ს ინფორმაციით ბრალდებულებს შორის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ჩინოსნები.

ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რას გულისხმობს ბრალდების მხარე როცა „ზემდგომი პირების“ დავალებებზე საუბრობს. ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ბრალდებაში ზემდგომი პირების ვინაობაზე, იდენტიფიკაციაზე არანაირი მინიშნება არ არის. მარიკაშვილის თქმითვე, ივერი მელაშვილს იგივე პოზიცია აქვს და ბრალს არ აღიარებს. როგორც მარიკაშვილი აცხადებს, 28 იანვარს, სასამართლო პროცესზე პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ, რადგან მისი თქმით, ძალიან ბევრი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას და საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

„დაზუსტებულ ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა – სხვისი დავალებით. თითქოს, სხვისი დავალებით ხორციელდებოდა ის მოქმედებები, რასაც ბრალდებულებს აქამდე ედავებოდნენ. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებით და იმ ორი წერილობითი სიტყვითაა ცნობილი, რომელიც ბრალდებაშია ჩაწერილი.

ამ ეტაპისთვის სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, ციხეში რამე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მისთვის ყოველივე ეს მიუღებელია, ჩვენთვის არც აქამდე იყო საქმეში რამე მტკიცებულება და არც ახლა იქნება, რამე ისეთი, რაც ერთი მხრივ, ბრალდებას დაადასტურებს და მეორე მხრივ, რაიმე ფორმით ამ ადამიანების მხრიდან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს“, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

დაკავებული, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით, ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა „დავალების მიღება“ გაჩნდა, ეს ფრაზა არაფერს ცვლის, იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულსაც, რომ ის უდანაშაულოა. როგორც გიორგი მახარაძე აცხადებს, ბრალში მხოლოდ სტილისტური ცვლილება გაჩნდა.

„ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა – „დავალების მიღება“ გაჩნდა. ეს ფრაზა საქმეში საერთოდ არაფერს ცვლის, იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულსაც, რომ ის უდანაშაულოა და არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაუკეთებია, შესაბამისად, ამით არაფერი ახალი არ მომხდარა. ვიცი, რომ ფარული ჩანაწერები არსებობს, თუმცა, როგორც ბრალების მხარემ განგვიცხადა, ხვალ გადმოგვცემს. როგორც ვიცი, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერზეა საუბარი, დანარჩენი არაფერი ვიცი“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.