დღეს, ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოსკოვში დაკავების თემაზე დებატები გაიმართება. თემაზე რეზოლუციას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს უყრიან კენჭს. სასამართლომ, რომელიც ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი მომხრეებს მოუწოდებს არ შეეშინდეთ, გამოვიდნენ ქუჩაში არა მის გამო, არამედ საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის.
„რისი ეშინიათ ამ მილზე შემომჯდარ გომბეშოს და ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად? მათ ეშინიათ თქვენი ქუჩაში გამოსვლის. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ესაა პოლიტიკის არსი. ამიტომ, არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში. გამოდით ქუჩაში არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლის გამო“, – აღნიშნა ალექსი ნავალნიმ.
რუსეთის ხელისუფლების მიერ გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერის აეროპორტში დაკავებას მწვავე შეფასება მოჰყვა დასავლეთის მხრიდან და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყონებლივ გაანთავისუფლონ რუსი ოპოზიციონერი.
საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას უერთდება ნატო–ს გენერლაური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომლის განცხადებით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლონ და ასევე შეახსენებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებით რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
„რუსეთმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზანაესობასთან დაკავშირებული თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ტრადიციულად, დასავლეთის, მათ შორის აშშ–ის მოწოდებას ვლადიმერ პუტინმა იმით უპასუხა, რომ ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, დასავლელი პოლიტიკოსების კომენტარები ნავალნის რუსეთში დაბრუნებაზე მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ.
„დავინახეთ, როგორ აიტაცეს გუშინ ნავალნის რუსეთში დაბრუნების ამბავი. იგრძნობა, რა სიხარულით ხდება კომენტარების დაკოპირება. როგორც ჩანს, ეს საშუალებას აძლევს დასავლელ პოლიტიკოსებს, იფიქრონ, რომ ამ გზით ისინი შეძლებენ ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისისგან, რომელშიც განვითარების ლიბერალური მოდელი აღმოჩნდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ალექსეი ნავალნის მიზანია დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთში რეფორმების გატარება და ევროპასთან და ამერიკასთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების ქონა. მართალია, ნავალნის დასავლეთთან ახლო ურთიერთობა სურს, მაგრამ დასავლურ ღირებულებებსა და მის განცხადებას შორის, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, რადიკალური განსხვავებაა.
ალექსეი ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე იყო. რუსი ოპოზიციონერი აცხადებდა, რომ სიტუაცია საქართველოში განსხვავებული იყო და, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.
ამასთან, ნავალნი ფიქრობდა, რომ რუსეთს უნდა ეღიარებინა დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს ისტორიული მოკავშირეების დამოუკიდებლობა. რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა.
ნავალნის ამ განცხადებების მიუხედავად, ექსპერთა ნაწილი თვლის, რომ ნავალნიმ დაჭერის შესახებ იცოდა, თუმცა მან ყველას დაანახა, რომ რჩება ერთადერთ ადამიანად ქვეყანაში, რომელსაც პუტინის არ ეშინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ზურაბ ბატიაშვილი ფიქრობს, რომ ნავალნი არის მაგალითი იმისა, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ შეუპოვარი უნდა იყო. მისი თქმით, ნავალნიმ იცის, რომ ციხეში ჩაჯდომაც სჭირდება ასეთ სიტუაციას და ამაზე შეგნებულად წავიდა. ამასთან, მისივე განცხადებით, ახლა მოვლენების განვითარება გარკვეულწილად, ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოზიციებზე იქნება დამოკიდებული.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით. 20 იანვარი შორს არ არის, ვნახოთ, როგორი მიდგომები ექნებათ ამის მიმართ. პირველი სიგნალები, რაც არის, გახლავთ ის, რომ ბაიდენისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ ერთ-ერთი თემა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში იქნება აქტუალური, იქნება ნავალნის საკითხი და ეს ძალიან მალე გამოჩნდება.
ახლა ბაიდენის ეპოქა იწყება მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ბაიდენს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ექნება. რეალურად ნავალნი არის რუსი პოლიტიკოსი და უცხოეთიდან ვერავითარ პროცესებს ვერ განაგებდა, მან ახალი მუხტი შემატა სიტუაციას, ახალი ცეცხლი გააჩინა ბრძოლის და ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება იყო“, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
ალექსეი ნავალნიმ იცოდა, რომ დაიჭერდნენ, ამის მიუხედავად დაბრუნდა ქვეყანაში. რასაც ვერ ვიტყვით ექს–პრეზიდენტზე. სააკაშვილი ამ დრომდე მხოლოდ სიტყვით პირდება ამომრჩეველს, რომ დაბრუნდება, მაგრამ დაკავების შიშით შეპყრობილი სააკაშვილის დაპირება, ისევ დაპირებად რჩება. ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, ნავალნისა და სააკაშვილს შორის მსგავსება შეიძლება დაინახოს ადამიანმა, მაგრამ უფრო მეტი განსხვავებებია.
„სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია და უკრაინაშიც თანამდებობები უკავია. ექს–პრეზიდენტი არის უნიკალური მოვლენა, კაცობრიობის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, რომელიც გახდა მეორე ქვეყნის ჩინოვნიკი. სააკაშვილი თავის მხრივ გლობალისტური მსოფლიოს ტრენდს განასახიერებს, როდესაც ყველანაირად აკნინებენ ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებს და მნიშვნელობას. თავისთავად ის, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება მეორე ქვეყნის ჩინოვნიკი, ეს უკვე არის უნიკალური მოვლენა. სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, იუსტიციის მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარე, სულ სხვა სკოლა აქვს გავლილი“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ნავალნი არის ბლოგერი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პრაქტიკა არ ჰქონია. მას არც პოლიტიკური წონა არ აქვს და რაც მნიშვნელოვანია, არ აქვს პარტია. მანჯავიძე ამბობს, რომ ის არის გარკვეული ძალების პროექტი, რომლებიც მუშაობენ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
„ეს არ შეიძლება განვიხილოთ მარტო იმ რაკურსით, რომ პუტინის რეჟიმი არის ავტოკრატიული და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა პუტინის რეჟიმი იქნება თუ არა, რუსეთში იმ ტიპის მმართველობის ფორმა არ არის, როგორიც არის ევროპაში და როგორადაც ამას წარმოსახავას პროპაგანდა. ის აზრი, რომ რუსეთში შეიძლება ის დემოკრატია, რასაც ევროპაში ეძახიან, რუსული ტრადიციის გათვალისწინებით, ეს აბსურდია.
ნავალნი რუსია, რუსებს აქვთ თავისი იმპერიული ტრადიცია და ისე აღიქვამენ საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშალას, როგორც მათ ტრაგედიას. გასაგებია, ასეთი არიან რუსების უმრავლესობა. ისევე, როგორც ჩვენ ქართველები მივსტირით დავითის და თამარის იმპერიას. პრაგმატულად უნდა იმოქმოდო, როცა ხედავ, რომ ძალთა განლაგება იცვლება შენს საწინააღმდეგოდ, შენი ორი მეზობელი ცდილობს მოილაპარაკოს შენს ხარჯზე, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, ვისზე ხარ ნაწყენი, იმაზე უნდა იფიქრო, არ დაგემართოს უარესი. როგორი იყო მთელი 30-წლიანი ისტორია რაც გამოვიარეთ? - ავბრწყინდებოდით ხოლმე განუხორციელებელი იდეებით, მერე ვმოქმედებდით ამის შესაბამისად და მერე სანატრელი გვიხდებოდა პირვანდელი მდგომარეობა. დღესაც იგივე მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.