„ქვეყანა, რომელიც გამოპრუტუნებულ ბრეჟნევს ითმენდა, პუტინს შეელევა?!“

„ქვეყანა, რომელიც გამოპრუტუნებულ ბრეჟნევს ითმენდა, პუტინს შეელევა?!“

დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ტრამპიზმი შეიძლება ნეოლიბერალური კრიზისიდან გამოსავალი ყოფილიყო, თუმცა 2020 წლის ნოემბერში ტრამპიზმი დამარცხდა და დღეს ახალი მოლოდინი გაჩნდა, ჯო ბაიდენის ხელში მოხდება თუ არა რუსეთის მორჯულება?! იმ რუსეთისა, რომლის მედიაშიც სულ უფრო გახშირდა პუტინის ჩანაცვლებაზე საუბარი.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. ამდენად, მოსალოდნელია, რომ რუსეთთან ურთიერთობისას ახალი ადმინისტრაცია იმთავითვე ხისტ პოზიციას დაიკავებს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ, ამერიკული მედია ეჭვის თვალით უყურებდა, გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი რუსეთს ჩადენილი ცოდვების გამო პასუხს მოსთხოვდა თუ არა და ტრამპზე უფრო მკაცრი იქნებოდა თუ არა პუტინის მიმართ. „უოლ სთრით ჯორნელი“ ირონიით შენიშნავდა, რომ კარგი სანახავი იქნებოდა, თუკი 2021 წლის 21 იანვარს ჯო ბაიდენი რუსეთზე შურს იძიებდა იმის გამო, რომ მოსკოვი ავღანეთში თალიბებს ფულს უხდიდა ამერიკელთა მოკვლისთვის, ასევე, დაეხმარებოდა უკრაინას და კიევს მეტ იარაღს მისცემდა რუსეთისგან თავდასაცავად, გაამკაცრებდა სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გერმანიაში... თუმცა ამ სურვილების მიუხედავად, ამერიკული მედია ასკვნიდა, რომ ჯო ბაიდენი ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ გააკეთებდა.

და ეს მაშინ, როცა პუტინი აშშ-ის „უკანა ეზოში“, ანუ ამერიკის ახლო რეგიონში ძვრებოდა და მხარს უჭერდა მადუროს რეჟიმს ვენესუელაში. ასევე, რუსეთი ცდილობდა განხეთქილება შეეტანა ნატოს წევრებს შორის თურქეთისთვის C-400 რაკეტების მიცემით.

მართალია, ბაიდენის სავიზიტო ბარათი იყო მისი ნათქვამი, „პუტინს სული არ აქვსო“, მაგრამ ამერიკული მედია იმასაც იხსენებდა, განა პუტინს სული 2009 წელს ჰქონდა, როცა ბაიდენმა მას „გადატვირთვა“ შესთავაზა?

ამჯერად რას მოიმოქმედებს ასაკოვანი ჯო, არავინ იცის. ისე კი, ჯერ კიდევ 2016 წელს ჯო ბაიდენი ეჭვობდა, ღირდა თუ არა მისი გაპრეზიდენტება და ამბობდა, „მე შემიძლია ჩემი საუკუნე დავასრულო სრულიად ბედნიერმა ისე, რომ პრეზიდენტი არ ვიყო“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენი მოდის სულ რაღაც ოთხი წლით, ოთხი წელი კი ძალიან ცოტაა, თანაც პანდემიის შედეგების აღმოფხვრის პირობებში. ოთხი წელი შეიძლება მარტო პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრას დასჭირდეს. ამიტომ ბაიდენი უფრო აქტიური იქნება საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე საშინაო პოლიტიკაში. თუმცა საგარეო პოლიტიკაში ეს ოთხი წელი ბაიდენს შეიძლება ეყოს, ან არ ეყოს ევროპასთან ურთიერთობის დალაგების თვალსაზრისით. იმხელა ზიანი მიაყენა ტრამპმა ამერიკა- ევროპის ურთიერთობას და, ასე თუ ისე, დალაგებულ სიტუაციას ევროპაში, რომ, სადაც სამართალია, ტრამპი უნდა გაასამართლონ კიდეც.

რაც შეეხება რუსულ მედიაში პუტინის ჩანაცვლებაზე გახშირებულ საუბარს, სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ესეც არაფერს ნიშნავს, ვინაიდან რუსეთის ისტორია ერთ რამეს გვასწავლის, აქ თავისი ნებით პირველი პირები არასდროს გადამდგარან და არც არასდროს გადადგებიან.

„ეს არ არის ინგლისი, სადაც ედუარდ მერვემ ქმარს გაცილებული ქალი შეიყვარა და თქვა, „თქვენი სამეფოც არ მინდა და ამ ქალთან მინდა ყოფნაო“. პუტინმა კი ამხელა ამბავი ტყუილად ატეხა? საპრეზიდენტო ვადის განულება, ახალი კონსტიტუცია და მთელი უბედურება? ამიტომ ესეც პიარია, რომ ვითომ მიდის პუტინი. უბრალოდ, რუსეთში პარალელურად მიმდინარეობს ორი ფრონტი - ერთი, რომ პუტინი წავა-არ წავა და მეორე უფრო ძლიერი, კარგად დაფინანსებული და დამაჯერებელი ფრონტი, რომ პუტინი იგივე რუსეთია. პუტინის გარეშე რუსეთი არ იარსებებს, როგორც პუტინი ვერ იარსებებს რუსეთის გარეშე. ქვეყანა, რომელიც გამოპრუტუნებულ ბრეჟნევს ითმენდა, პუტინს შეელევა?! თანაც, პუტინი მშვენივრად აზროვნებს, ლოთი არ არის, ჯანმრთელია, სპორტსმენია, ის არის პირველი მმართველი სტალინის შემდეგ, რომელიც არ სვამს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას.

აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგმა განმარტა, რომ პუტინი არსად წამსვლელი არ არის და ამიტომაცაა ევროპა-ამერიკის ურთიერთობა ბაიდენის მთავარი თავის სატკივარი. გერმანია უკვე ევროკავშირის დისიდენტია, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენი, რომელსაც ტრამპიც ებრძოდა, მაინც არ შეჩერებულა. გარდა ამისა, გამოკვლევების მიხედვით, აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებნი უფრო უკეთესად იყვნენ ყოველთვის განწყობილნი საბჭოთა კავშირის მიმართ, ვიდრე დასავლეთ გერმანიის მკვიდრნი. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ მერკელი აქტივისტი კომკავშირელი გოგონა იყო გდრ-ში, ამიტომ რუსეთი გერმანელებისთვის უფრო ახლოა. ამდენად, თუკი ტრამპმა ვერ აიძულა ევროპა, რომ ნატოს საწევრო 2% გადაეხადათ, ბაიდენი საერთოდ არ მოსთხოვს ამას ევროპას. ტრამპი ხან ემუქრებოდა, ხან ეხვეწებოდა ევროპელებს და ვერაფერს მიაღწია, ბაიდენი კი საერთოდ არ მოითხოვს ამას.

„ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ ნატო უფრო გამდიდრდება და უფრო გააქტიურდება. ბაიდენის ოთხი წელი იქნება კოვიდის შიდა შედეგების აღმოფხვრის ხანგრძლივვადიანი პერიოდი და, ასევე, ევროპასთან ურთიერთობის დალაგების ხანა. ამ დროს გერმანია მშვენიერ ხელშეკრულებას აფორმებს ჩინეთთან, რაც პირდაპირ ამერიკის ინტერესების წინააღმდეგაა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ თანდათანობით, დროში გამოჩნდება, ბაიდენი რას შეცვლის, ხისტი იქნება რუსეთის მიმართ და გააძლიერებს თუ არა ურთიერთობას უკრაინასა და საქართველოსთან. ანალიტიკოსის თქმით, სხვათა შორის, ბაიდენის იმედად არიან ქოცებიც და ნაცებიც. ნაცები ელოდებიან, რომ ბაიდენი მათი პოლიტიკური მხარდამჭერი შეიძლება გახდეს.

 

Aburjga Tasmanieli ბატონო სოსო გასასამართლებელი თუ ვინმე ეს თქვენ ბრძანდებით! კაცი ფლიუგერი!
3 წლის უკან
Ninja ???
3 წლის უკან