კიდევ ერთხელ - მძევლების აყვანა და ცეცხლსასროლი ირაღის გამოყენებით მოთხოვნების წამოყენება - კასპში 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი პოლიციამ 6 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა . მან საკუთარი ქვის საამქროს 2 თანამშრომელი, სანადირო თოფის მუქარით ტყვედ აიყვანა და პოლიციას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული პირი ყოფილი პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილმა პოლიციელის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 2018 წელს დატოვა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული კასპში, საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფით შეიჭრა. ყოფილი სამართალდამცველი - საამქროს ერთ-ერთი მფლობელია, უთანხმოება კი სწორედ მის ბიზნესს უკავშირდება. წილებზე დავას მომხდარის მოტივად ქვის სამტეხლოსთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაც განიხილავენ. ისინი for.ge-სთან ყვებიან, რომ დაკავებულ მენაბდიშვილს ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური წარმოშობის სინდიკატები ემუქრებოდნენ და მას წილების დათმობას სთხოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მენაბდიშვილმა მძევლებად სწორედ ის პირები აიყვანა, როლებიც ამ დავაში მონაწილეობდნენ და მას ოჯახის მოკვლის მუქარით კუთვნილი ქონების დათმობას აიძულებდნენ.
27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული შეუძლოდ გახდა.
მასთან ერთად მისი ადვოკატი იმყოფებოდა, მან იზოლატორი დატოვა და განაცხადა, რომ გიორგი მენაბდიშვილი უარს ამბობს დაცვის უფლების გამოყენებაზე და ასევე არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ის თავს უდანაშაულად თვლის და ამბობს, რომ მსხვეპლი თავადაა.
„კასპში ყველამ იცის, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში. ერთ-ერთი მეწილისგან ქარხნის 10 პროცენტიც შეიძინა. ქარხანამ მცირე, თუმცა მოგების მოტანა დაიწყო. პრობლემებიც ამის შემდეგ გაჩნდა. სხვა მეწილეებმა საქმეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს და ახალგაზრდა ბიზნესმენს წილიც წაართვეს და სამუშაოც. როცა ამ ბიჭმა ეს გააპროტესტა, შემდეგ მისი მუქრა დაიწყეს. ეუბნებოდნენ, რომ ოჯახს და ცოლ-შვილს დაუხოცავდნენ თუ საერთოდ ქვეყნიდანაც არ წავიდოდა. როგორც თავად ყვებოდა, მუქარების შემდეგ იძულებული გახდა, ოჯახი სხვა რაიონში გაეხიზნა. სახლშიც ვერ მიდიოდა, ემუქრებოდნენ, რომ სახლის წინ მოკლავდნენ. ფაქტობრივად, აქეთ იმალებოდა. პოლიციასაც მიმართა. ვუსმენდი მინისტრის მოადგილეს და უნდა დაინტერესდეს მისი განცხადება ვინ და რატომ უგულებელყო. ხომ არ არის პირადი ინტერესები? ეს არის ძალიან კარგი ბიჭი, მთელი კასპი შოკში ვართ. რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი მძიმე ფაქტი? არავის ვამართლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იძულებული გახადეს. ერთ-ერთი მძევალი სავარაუდოდ, გოგიტა ბაქაურია, რომლიც კასპში რომ იკითხოთ, ქურდული სამყაროს წარმომადენელია და ხალხს ასე ართმევენ ქონებებს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი for.ge-სთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა. როგორც ის ამბობს, დაკავებული მათი უწყების ყოფილი თანამშრომელია.
„მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს, მიეყვანათ მანქანა და აპირებდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიმართულებით. იგი საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ მან განცხადებით მოგვმართა, მას კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 2018 წელს წავიდა სამსახურიდან. ყველა ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლება, არ დაზიანებულიყო არავინ და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - აცხადებს ბორცვაძე.