„საუკუნეების განმავლობაში სიტყვის თავისუფლება ასოცირებული იყო მედიის დამოუკიდებლობასთან, ხოლო ცენზურა - სახელმწიფოსთან. დღესდღეობით, როდესაც ტვიტერმა დაბლოკა პრეზიდენტ ტრამპის გვერდი, სახეზეა საპირისპირო მოვლენა, რომელიც იმ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ინდიკატორია, რომელშიაც ჩვენ ვიმყოფებით. ამ ტრანსფორმაციის საანალიზოდ მე გამოვიყენებ ტერმინს, რომელიც ერთ-ერთმა შესანიშნავმა მკვლევარმა, კოლინ კრაუჩმა გამოიყენა ეკონომიკასთან მიმართებაში - პრივატიზებული კეინსიანობა. ამისთვის ჯერ შევეხები კეინსიანობას, მერე ავხსნი რა იგულისხმება პრივატიზებულ კეინსიანობაში, ხოლო შემდეგ გავავლებ პარალელს მედიასთან და ბოლოს ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან.
სანამ დაიწყებოდა ნეოლიბერალური გლობალიზაცია და მონეტარისტული მაკროეკონომიკა, კაპიტალისტური ქვეყნები სხვანაირად წარმართავდნენ თავის ეკონომიკურ პოლიტიკას. კერძოდ, როდესაც ეკონომიკაში იწყებოდა ვარდნა და წარმოების შენელება, ისინი კი არ ამცირებდნენ სახელმწიფო ხარჯებს, არამედ უფრო ხელგაშლილად ხარჯავდნენ ფულს, რომლითაც მომხმარებელთა ჯიბეებს ავსებდნენ. ამით იზრდებოდა საბაზრო მოთხოვნა ეკონომიკაში წარმოებულ პროდუქციაზე, ფული მომხმარებლებისგან გადაედინებოდა მიმწოდებლებში - ბიზნესში, და ეკონომიკა კვლავ ფეხზე დგებოდა. ეკონომიკური კრიზისი თავდებოდა.
შემდგომში, როდესაც ნეოლიბერალიზმმა ეკონომიკის მართვის და კრიზისების ნიველირების სადავეები სახელმწიფოს დიდწილად ჩამოაშორა, კვლავაც რჩებოდა საბაზრო მოთხოვნის სტიმულირების საჭიროება, მაგრამ ეს ფუნქცია აწი უკვე საკუთარ თავზე ბანკებმა აიღეს. მათ დაიწყეს არაგარანტირებული სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკების მზარდად გაცემა. ამ პრივატიზებულმა სტიმულირებამ პოზიტიურად იმოქმედა ეკონომიკის ზრდაზე მანამ, სანამ გაიბერა ვალების ბუშტი, რომელიც გასკდა 2008 წლის კრიზისში. განსხვავებით სახელმწიფოსგან, რომელიც ხან ხელგაშლილად ხარჯავს, ხან მომჭირნეობას მიმართავს იმისდა მიხედვით თუ რა სჭირდება ეკონომიკას, ბანკები მიყვებიან მხოლოდ ერთ სტრატეგიას, რომელიც განწირულია მოიტანოს კრიზისი.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებრივი საჭიროებების დაკმაყოფილების უზარმაზარი წილი სახელმწიფოსგან კერძო სექტორში გადაინაცვლა. საზოგადოებრივი სიკეთეების წარმოება არ შემწყდარა, მაგრამ ის პრივატიზებული სახით არსებობს. პრივატიზებული, კერძო ინსტიტუტის ლოგიკა კი განსხვავებულად მოქმედებს. პირველ რიგში ეს აისახება სამოქალაქო ინსტიტუტების პოლიტიზებაზე. არაპრივატიზებული სამოქალაქო ინსტიტუტი, იქნება ეს ენჯიო თუ მედია, რეალურ საჭიროებებსა და დღის წესრიგს მიყვება. ისინი ხან აკრიტიკებენ ხელისუფლებას, ხან აქებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა დაკვეთა მოდის საზოგადოებიდან, ანუ როგორია „პოლიტიკური ბაზრის მოთხოვნა“. პრივატიზებული ინსტიტუტი მიყვება მხოლოდ ერთ ლოგიკას, და ეს არის კრიტიკა, ნეგატივიზმი და სკანდალი. შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება უნდობლობა, პოლარიზება, ნიჰილიზმი და დემოკრატია გადადის პოპულიზმში, რომელიც აუცილებლობით ხასიათდება პერიოდული პოლიტიკური კრიზისებით, ქუჩის გამოსვლებით და დესტაბილიზაციით.
დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით ისტორიული გარდატეხის, როდესაც ძალაუფლების გადანაცვლებამ სახელმწიფოს ხელიდან კერძო სექტორში იმ დონეს მიაღწია, რომ მას ამერიკის პრეზიდენტიც კი დაექვემდებარა. და აქ მე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა პრივატიზებული ცენზურის შესახებ.
ისტორიულად, მედიის თავისუფლება ყოველთვის იზღუდებოდა და იზღუდება; ამ შეზღუდვის ორი მეთოდი არსებობს. პირველი არის წინასწარი შემოწმება: როდესაც გლავლიტის ცენზორი წინასწარ კითხულობს გამოსაქვეყნებლად გამზადებულ ყველა მასალას და ცხრილავს იმას, რაც გასაცხრილია. ეს არის საკუთრივ ცენზურა, უფროს თაობას ახსოვს. მეორე არის პოსტფაქტუმ გასაჩივრების შესაძლებლობა, რომელსაც ქმნის კანონმდებლობა. მაშინ უკვე გამოქვეყნებული მასალისთვის ავტორი ან მედია შეიძლება დაისაჯოს სასამართლოს ძალით. აქ ჩნდება თვითცენზურა, ეთიკის კოდექსები და სხვა პროფესიული მექანიზმები, რომლებიც მაინც შემზღუდავ როლს ასრულებენ. ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა საზოგადობის ინტერესების დაცვაზე სახელმწიფოს ხელშია. თუმცა, მეორე შემთხვევაში, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აცლის სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობის ნაწილს საკუთარი რეგულირების დაწესებით.
სრულიად სხვა ვითარებას ვაწყდებით სოციალური ქსელების შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ აქ ხდება არა მასკომუნიკაცია, არამედ თვითკომუნიკაცია. სოციალური ქსელის მპოსტავი არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც არა აქვს ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტს აკისრია. შესაბამისად, მისი სიტყვის თავისუფლება განუზომლად დიდია ჟურნალისტის თავისუფლებაზე. მეორეს მხრივ, სოციალური ქსელის მეპატრონეს შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ქსელის მოდერაცია, ანუ ცენზურა, და თუ იქნება, რა ნორმების მიხედვით იმოქმედებენ ქსელის ცენზორები.
ანუ საქმე გვაქვს სრულიად შეტრიალებულ ვითარებასთან - ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებამ დააკისროს პასუხისმგებლობა კერძო კომპანიებს საზოგადოების მიერ კონტროლირებული სამოქალაქო და პოლიტიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით, მსოფლიოს უმსხვილესი და უმდიდრესი ბიზნესები აკისრებენ პასუხისმგებლობას თავის მომხმარებლებს, და შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელიდან ოსტრაკიზმი დღეს ლამის საზოგადოებიდან ოსტრაკიზმის ტოლფასია.
პრეზიდენტი ტრამპი, ცხადია, არ არის რიგითი მომხმარებელი, და მას, როგორც ქვეყნის ლიდერს, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მაგრამ ვინ არის ის, ვისაც მისგან ამ პასუხისმგებლობის მოთხოვნა შეუძლია? აქვს თუ არა ტვიტერს ამის კომპეტენცია? ტრამპმა პირველად არ მოიტყუა, პირველად არ ჩააგდო ქვეყანა საფრთხეში და ერთ დღეში არ გაყო ამერიკული საზოგადოება შეურიგებელ ბანაკებად. შესაბამისად, ტვიტერმა ან ძალიან დააგვიანა საკუთარ თავზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აღება, ან გადაამეტა იმ უფლებამოსილებას რაც აქვს. ერთია, როდესაც დემოკრატიულად არჩეულო კონგრესი პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს და სულ სხვაა, როდესაც კერძო კომპანია მას საზოგადოებასთან კომუნიკაციას უზღუდავს. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საკუთარი ნებით.
მარქსის მიხედვით, სახელმწიფო არის ძალაუფლების შენარჩუნების ძირითადი იარაღი გაბატონებული კლასის ხელში. დღეს, სავარაუდოდ, ის ამას არ იტყოდა - საქმე მიდის იქ, სადაც ბიზნესი იმდენად მაღლა დგას სახელმწიფოზე, რომ სახელმწიფო აღარ თამაშობს როლს მისი ძალაუფლების განმტკიცებაში. ამ პრივატიზებულ ვითარებაში პოლიტიკას იგივე ბედი ელის, რაც ეკონომიკას - პერიოდული კრიზისები, პოპულიზმი და რევოლუციები.
თამაშის წესები როგორც ეკონომიკაში ასევე პოლიტიკაში, არც ბუნებრივია და არც თავისთავადი. მათ ქმნიან ადამიანები, და, როგორც ამას რობერტ რაიჰი თავის წიგნში „კაპიტალიზმის გადასარჩენად“ აღნიშნავს, ინფორმაციულ ეკონომიკაში ვიწრო ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები სულ უფრო წარმატებულად ახერხებენ ამ წესების საკუთარ თავზე მორგებას. იმისთვის, რომ ამ წესებმა იმუშაონ ბევრის, და არა ცოტას ინტერესებში, საჭიროა მათი ტრანსფორმირება. იგივე შეიძლება ითქვას არა მარტო კაპიტალიზმზე, არამედ დემოკრატიაზეც. უნდა დაწესდეს თამაშის წესები სოციალური ქსელებისთვის, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ საჯარო სივრცეზე. რათა დიდი ბიზნესი არ გადაიქცეს სამუდამოდ იმ დიდ ძმად, რომელიც არა მარტო რიგით მომხმარებლებზე, არამედ დემოკრატიაზეც მაღლა დგას“.
იცით რა წერია აქ? საქართველოს სახელმწიფოს მოუვიდა ბრძანება, არაორაზროვანი, სრულიად გარკვეული შინაარსის, რომლის სხვადასხვა ინტერპრეტაციაც შეუძლებელია. ბრძანების ავტორის ძალაუფლება აღემატება ელჩების, კონგრესმენების და თვით აშშ-ს პრეზიდენტის ძალაუფლებასაც. ვინ არის ავტორი მე არ ვიცი, მაგრამ რასაც ლამე იძახოდა მართალი აღმოჩნდა! მსოფლიოს მართავენ კორპორაციები, რომელთაც გადაწყვიტეს ბატონი ბიძინა გაეყვანათ თამაშიდან. მიზეზებზე შეგვიძლია ვიმარჩიელოთ... მე პირადა ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას მმართველობა შეუქცევადად იქცა საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცების პროცესად. ეს კი ეწინააღმდეგება მსოფლიოს მმართველების ლიბერალურ დემოკრატიის გენერალურ ხაზს, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ეროვნული სახელმწიფოს დასასუსტებლად, არც თუ ისე შორეულ მომავალში სრულიად გასაქრობადაც კი!
კვიცი გვარზე ხტისო.......................... ესეა!!